რატომ მომრავლდნენ, საიდან ჩამოვიდნენ და რას საქმიანობენ საქართველოში შავჩადრიანი ქალები

რატომ მომრავლდნენ, საიდან ჩამოვიდნენ და რას საქმიანობენ საქართველოში შავჩადრიანი ქალები

თბილისი ჩადრიანი ქალებით გაივსო. არავინ იცის, საიდან მოვიდნენ და რას საქმიანობენ, თუმცა ერთი ფაქტია: მათ ქვეყანაში შემოშვებასა და დამკვიდრებაზე ვიღაც “აქტიურად ზრუნავს”.

ქართველი კაცთმოძულე არასოდეს ყოფილა, არც სტუმარი ეჯავრება და დახვედრაც შესაფერისი იცის, მაგრამ “ჩადრიანების შემოტევა” ჩვეულებრივ სტუმრობას არ ჰგავს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ახლო აღმოსავლეთში გართულებული პოლიტიკური ვითარებაა. თუკი ტერორიზმის საფრთხეებსა და აღმოსავლეთიდან დაწყებულ მუსლიმთა “საღვთო ომის” საშიშროებასაც გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ საქმე არცთუ სასიამოვნო მოვლენასთან გვაქვს.

უშიშროების საკითხების ექსპერტები აცხადებენ, რომ მოვლენებმა, რომლებიც საქართველოში ბოლო დროს განვითარდა, ანუ მუსლიმ და ქრისტიან ქართველებს შორის მომხდარმა ინციდენტებმა, ბევრ მორწმუნე მუსლიმს მოსვენება დაუკარგა. ამიტომ, ქვეყანაში შესაძლოა, რელიგიური ექსპანსია დაიწყოს, რომელიც კარგად არ დამთავრდება. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ერთმა გაუაზრებელმა ნაბიჯმა, რასაც ირანთან საზღვრების გახსნა ჰქვია, შეიძლება, სერიოზული საფრთხეები შეუქმნას ქვეყნის უშიშროებას.

ამასთან, ანალიტიკოსები აქცენტს გააქტიურებულ ჰაფიზ ქალებზეც აკეთებენ, რომლებიც ქრისტიანულ ქვეყნებში შემოდიან და “თავის საქმეს” ალაჰისა და მისი დაჩაგრული მიმდევრების სახელით აკეთებენ. თუ ამას შაჰიდ ქალებსაც დავამატებთ, რომლებიც ტერორისტული აქტებითა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ იმქვეყნიური სიმშვიდის მოპოვებას, მივხვდებით, რომ საქმე არცთუ მარტივადაა...

ასეთივე რელიგიური ექსპანსია თავის დროზე ევროპის ქვეყნებმაც განიცადეს - დემოკრატიისა და ტოლერანტობის წყალობით, ევროპის დიდი ქალაქები აღმოსავლეთსა და არაბული სამყაროდან ჩასულმა “ჩადრიანებმა” აავსეს. მერე, როცა პარიზი და საფრანგეთის სხვა დიდი ქალაქები მთლიანად “გადაშავდა”, ხელისუფლებამ სპეციალურ კანონზე დაიწყო მუშაობა და საჯარო ადგილებში რელიგიური სამოსით სიარული აკრძალა, რასაც პარიზში “ჩადრიანთა” და მათ მომხრე მუსლიმთა გამოსვლები მოჰყვა. საფრანგეთის მთავრობა იძულებული გახდა, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო, რადგან აღმოაჩინა, რომ “ჩადრიანები” “თვალსა და ხელს შუა” ისე მომრავლებულიყვნენ, რომ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ახლა, როგორც ჩანს, ჩვენი ჯერია, ამიტომ, იმის გარკვევა, ვინ არიან და რა მიზნით შემოდიან ქვეყანაში, უპირველესად, შესაბამისი სტრუქტურების საქმეა.

“ქართულმა სიტყვამ” ჩადრიანებთან გასაუბრება გადაწყვიტა. ისე, ყველაზე მეტი შაოსანი აღმაშენებლის გამზირზე შეგხვდებათ.

ჩადრიანები რკინიგზელთა სახლთან ჯგუფად იდგნენ. მივუახლოვდი... მივხვდი, ირანულად საუბრობდნენ. უცნაურია: საუბრისას თავები ერთმანეთთან მიაქვთ და ჩუმად, მორიდებულად ლაპარაკობენ...  გასაუბრება მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ, ინგლისური “მეხერხება”, მაგრამ არ ვიცი, მათ ინგლისური იციან თუ არა... ისევ თვალს ვადევნებ: ერთ კაფესთან გაჩერდნენ, კაფე თურქულია, შევიდნენ, ცოტა ხანს დაველოდე და შევყევი. ჩადრიანებმა თურქ მეპატრონეს დაუძახეს, როგორც ჩანს, იცნობენ - მოიკითხეს. ახლა კი მეშველა, - ვიფიქრე, - თურქული აშკარად იციან, ჩემი მეგობრების წყალობით, საყველპურო თურქული მეც ვიცი...

ქალებმა აირანი მოითხოვეს - თურქეთსა და აღმოსავლეთში გავრცელებული რძისგან დამზადებული სასმელია. უცებ დალიეს, კაფის მეპატრონეს რაღაც მიაძახეს და გაიქცნენ. ყავა დავლიე და კაფე მეც დავტოვე, მაგრამ გარეთ გამოსულმა ჩადრიანებს თვალი ვეღარ მოვკარი.

იძულებული ვარ, სხვა ჩადრიანების გამოჩენას დაველოდო... აღმაშენებლიდან გეზი “ვორონცოვისკენ” ავიღე, მაგრამ ერთი ჩადრიანიც კი ვერ დავლანდე...

გაგონილი მქონდა, მშრალ ხიდზე უამრავი უცხოელი მიდისო. მშრალ ხიდს “დავლაშქრავ”-მეთქი...

მშრალ ხიდზე ძველმანების თვალიერება დავიწყე. უცებ, თვალი მოვკარი - “ჩადრიანები” ხიდზე დგანან და სამების მიმართულებით იყურებიან, თან ლაპარაკობენ...

მომიახლოვდნენ...

ერთ მოვაჭრე ქალბატონს ანტიკვარული სერვიზი მიწაზე აქვს გაშლილ-გადმოწყობილი.

- მგონი, ჩინური ფაიფურია, - გამიელვა.

ჩადრიანებმა ძვირფასი სერვიზის თვალიერება დაიწყეს.

თეფში ავიღე და ვათვალიერებ, ერთი ჩადრიანი კი, - ჭიქას

- რამდენად ყიდით, ქალბატონო? - ვეკითხები ფაიფურით მოვაჭრეს.

- სახლიდან გამოვიტანე... არც ვიცი, შვილო, ამის ფასი, მაგრამ ძალიან ძველია. იმდენი გადამიხადე, რასაც გაიმეტებ, - შემომცინა მოხუცმა.

- მგონი, ესენი ბევრს გაიმეტებენ, - ჩადრიანებზე ვანიშნებ.

- რამდენი?- კითხულობს ერთ-ერთი ჩადრიანი.

- 200 დოლარი.

“ჩადრიანებმა” მიმახვედრეს, ინგლისური არ ვიცითო  და მეც ჩემს “დანგრეულ” თურქულზე გადავედი და, როგორც იქნა, გავაგებინე, თუ რა ღირდა სერვიზი... არც დაფიქრებულან, ჭურჭლის შეფუთვა დაიწყეს. ერთმა კი, “საიდანღაც” ოთხი 50-დოლარიანი გამოაძვრინა და ფაიფურით მოვაჭრეს გაუწოდა.

- საიდან ხართ? - შევეკითხე.

- ირანელი ტურისტები ვართ.

- საქართველოში პირველად ხართ?

- არა, ანტიკვარებით ვვაჭრობთ და რამდენჯერმე უკვე ვიყავით, აქ ყველაფერი იაფია...

ჩემი თურქულის “არსენალი” ამოიწურა და “ჩადრიანებს” დავემშვიდობე.

- ინშალა (ჩვენებურად, ღმერთი გფარავდეს), - მითხრა ჩადრიანმა. ჩემს შვილს ხელი მოუთათუნა და წავიდა.

უნებურად სამხედრო ექსპერტ ბესო ალადაშვილის ნათქვამი გამახსენდა, ირანი ისეთი ღარიბი ქვეყანაა, რომ საქართველოს საზღვარს მხოლოდ სპეცსამსახურის თანამშრომელი თუ გადმოკვეთს, სხვას ამის ფული არ ექნებაო...

როგორ გადმოდიან საზღვარზე უცხოელები და კონტროლის რა მექანიზმი არსებობს? - ამის გასარკვევად “ქართული სიტყვა” ჯერ ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომელმაც თავაზიანად მითხრა, ბატონი გიორგი ამ დღეებში ქუთაისში მიემგზავრება მივლინებით და ჩადრიან “ქალებზე” პასუხს ვერ გაგცემთო. მერე, საემიგრაციო სამსახურში დავრეკე, სადაც მითხრეს, შეკითხვები წერილობით გამოაგზავნეთო. ცხადია, პასუხი არ მიმიღია. ასე რომ, ოფიციალური სტრუქტურებიდან ვერ მივიღე პასუხი - რატომ მომრავლდნენ საქართველოში “ჩადრიანი” ქალები...