პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ექსპერტების შეხვედრაზე ბევრი ითქვა და დაიწერა... პრემიერს განსაკუთრებით მწვავე საუბარი ექსპერტ ვაჟა ბერიძესთან გამოუვიდა, რომელსაც “ქართულ სიტყვაში” ორი კვირის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუ გაახსენა და, პრინციპში, პასუხი მოსთხოვა, საიდან მოიტანე, რომ ჩემს შემცვლელად უჩა მამაცაშვილს ვამზადებო... ისე, ზემოხსენებული უცნაური აუდიენციით გაირკვა, რომ “ნაციონალური” ხელისუფლებისგან განსხვავებით, “ოცნება” ქართულ გაზეთებს კითხულობს, რაც კარგია. ასევე, გამჟღავნდა, რომ ზოგიერთი ექსპერტი საკუთარ გამონათქვამებზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველაფერს ჟურნალისტებს აბრალებს... რა მოხდა მაშინ, როცა კამერები გაითიშა და, საერთოდ, იცოდნენ თუ არა ექსპერტებმა, რომ შეხვედრა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა? ,,ქართული სიტყვა” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა:
- ოფიციალური ვერსიით, ეკონომიკის ექსპერტების შეხვედრაზე ვიყავი მიწვეული და, როგორც პოლიტოლოგი, ისტორიკოსი და ეკონომისტი სწორედ ამ თემებზე ვიყავი ფოკუსირებული. შეხვედრაზე დამაგვიანდა და მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენს საუბარს მთელი ქვეყანა ისმენდა. ჩემი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, შეხება მედიასთანაც მაქვს, უმაღლეს სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამიტომ ნებისმიერი საუბრისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ ეს ფორმატი და საუბრის მანერა ჩემთვის მოულოდნელი და, გულახდილად რომ გითხრათ, მიუღებელი აღმოჩნდა.
...ბატონი ბიძინა გონიერი და გამჭრიახია. პირადი კონტაქტი აქვს გარკვეულ შეზღუდულ წრესთან, ხელი საზოგადოების პულსზე უდევს, ჟურნალისტებს უსმენს, აკვირდება და შენიშვნებს ითვალისწინებს. მრჩეველთა საბჭოში ყოფნის დროს, მას ასეთი მიდგომა ჰქონდა, რომ ეკონომიკის განვითარების თეორიაში დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიან სასამართლოსა და კონკურენტუნარიან გარემოს. როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ნახა, რომ სამართლიანი სასამართლო იმაზე ძნელი მისაღწევია, ვიდრე შორიდან ჩანდა.Kკონკურენციის პირობებში კი, ბიზნესისთვის რყევები ძნელი ასატანია, მით უმეტეს, ანტიმონოპოლიურ რეგულაციებზე კანონპროექტის მიღება გადაიდო. ამიტომ გადაწყვიტა ექსპერტების მოწვევა და, მისი განცხადებით, სასარგებლო რჩევებს ელოდა, რაც მას, როგორც პიროვნებას, დადებითად ახასიათებს.
- ამ შეხვედრით არ შეიქმნა შთაბეჭდილება, პრემიერი ვინმეს აზრის გაზიარებას აპირებს. პირიქით, იგი ხშირად იმეორებდა, კარგად ვიცი მდგომარეობაო...
- ბატონი ბიძინა, რა თქმა უნდა, ინფორმირებულია, მაგრამ ის გამონათქვამები, რაზეც ექსპერტებს ედავებოდა, დაუსაბუთებელი და რეალობას მოკლებული იყო.
- რას გულისხმობთ?
- ამ შემთხვევაში, ეს იყო ავტორიტარული ქვეყნის პოლიტიკოსი - მმართველის რანგში დაიბარა ანალიტიკოსები და საჯაროდ დაამუნათა. ეს დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკური ლიდერისთვის აბსოლუტურად მიუღებელია!
- ისე, ბატონო ვაჟა, ამ ქვეყანაში თითქმის ყოველი მეორე ექსპერტია. ექსპერტები როგორ ხდებიან?
- ექსპერტების გამოცდილება წლობით დაგროვილ ცოდნაზეა დაფუძნებული, რაც საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ მიმართულებით, სხვადასხვა საკითხზე თავიანთი მოსაზრება გამოთქვან. ვინ არიან ექსპერტები და რატომ აღიზიანებს მათ მიერ გამოთქმული შეხედულებები ხელისუფლებას? - ეს ქართული ინტელიგენციის ის კატეგორიაა, ვინც სარჩო-საბადებელი ჯიხურებსა და მაღაზიებში ვაჭრობით ვერ იშოვა, არც ემიგრაციაში წავიდა, ქვეყანაში დარჩა და თავს პროფესიით ირჩენს. ცნება “ექსპერტი” არ შეგხვდებათ არც ერთ ნორმატიულ დოკუმენტსა თუ კანონში, ასევე, ვერ ნახავთ განმარტებით ლექსიკონში. ექსპერტობა პროფესია არაა. ეს საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისგან მინიჭებული წოდებაა. სამწუხაროდ, ჩვენს ღარიბ მედიას არ აქვს იმის საშუალება, რომ კვალიფიციურ, სხვებისგან გამორჩეულ, პრობლემებში ჩაღრმავებულ ადამიანებს, ანუ ექსპერტებს, დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, თანხა გადაუხადოს.Aექსპერტები კომპეტენტური ადამიანები არიან და მათ მიმართ ღვარძლი ნუ შეგვიპყრობს. ექსპერტობა პრივილეგია კი არა, დამატებითი სამუშაოა. ხშირად მათი ფინანსური მდგომარეობაც სავალალოა.
ბატონ პრემიერს დაავიწყდა, რომ ექსპერტები არ მუშაობენ მთავრობის აპარატში და შესაბამისად, მის წინაშე ანგარიშვალდებულნი არ არიან. შესაძლოა, ზოგი მათგანი მისი გუნდის წევრი, ამა თუ იმ დარგში მრჩეველი იყო, მაგრამ მათი გზები გაიყარა - ექსპერტები საზოგადოებრივ სექტორში წავიდნენ, მაგრამ თქვენი მონა-მორჩილის მსგავსად, “ოცნების” მხარდამჭერები არიან და ეს მხარდაჭერა მძაფრ და პირუთვნელ კრიტიკაში გამოიხატება - დაეხმაროს მთავრობას, რომ ავტორიტარიზმისკენ არასოდეს გადაუხვიოს.
დღევანდელი პოლიტიკური სისტემა, ივანიშვილის განცხადების შემდეგ, პოლიტიკიდან მივდივარო, დიდი გამოცდის წინაშე დადგა. სწორედ ექსპერტები უნდა დაეხმარონ ქვეყანას, რომ პოლიტიკური კრიზისი და ეკონომიკური ვარდნის ნიშნები სრულფასოვან კრიზისში არ გადაიზარდოს. ამაზე ვსაუბრობდით ინტერვიუებში და თუ ეს ივანიშვილისთვის დამაჯერებელი არაა, რომაული სენტენციის არ იყოს, “მე რაც შემიძლია, გავაკეთე, უკეთ ჩემს შემდეგ მომსვლელმა გააკეთოს”.
- ანუ, ეჭვობთ, რომ ხელისუფლება ახალი ექსპერტების “შექმნას” გეგმავს?
- ექსპერტი საზოგადოებრივი პროდუქტია და თუ ექსპერტიც მთავრობამ უნდა დანიშნოს, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე!
- პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით ივანიშვილის არგუმენტებმა დაგაკმაყოფილათ?
- ღვაწლმოსილ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება, პრემიერის სკამი მაშინ დატოვოს, როცა საჭიროდ ჩათვლის. ჩვენ კი, გვაქვს უფლება, მისი აზრი გავიზიაროთ ან არა და ის არგუმენტები შევაფასოთ, რომლითაც პოსტიდან წასვლას ასაბუთებს.
- ბატონო ვაჟა, პრემიერმა იმის გამოც გისაყვედურათ, ორი კვირის წინ, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას რომ თქვით, ივანიშვილი მემკვიდრედ უჩა მამაცაშვილს ამზადებსო..
- მან არ უარყო ჩემი ვარაუდი კანდიდატებზე. პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი ნიშანი ისაა, რომ პრაქტიკულად, გადამდგარი პრემიერი გვყავს. არ ვიცით მომავალი პრემიერის ვინაობა, რომელიც საკონსტიტუტციო ცვლილებების მერე, ქვეყანაში პირველი და უეჭველად პოლიტიკური ბეგრაუნდის მქონე ფიგურა იქნება. ახალი პრემიერი დასავლეთისთვის მისაღები და ჩრდილოელ მეზობელთან დიალოგის შემძლე უნდა იყოს. ამასთან, ეკონომიკის განვითარებისა და სანდოობის ხარისხს მყარი პრემიერის ფიგურა ქმნის. ბატონ ბიძინას უნდა, დაარსდეს თანაინვესტირების ფონდი. ეჭვი გამოვთქვი, რომ პრემიერის წასვლის მერე, ბევრი გადაიფიქრებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებას, რაზეც ივანიშვილი არ დამეთანხმა.
- მაინც რა ხდებოდა კადრს მიღმა, ანუ კამერები რომ გაითიშა, დისკუსია გაგრძელდა?
- არა... შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება ქვეყნის პირველ პირებთან ურთიერთობას მიჩვეულია, მაგრამ საყვედური იმის გამო გამოთქვეს, რომ არ იყვნენ ინფორმირებულნი და არც ის იცოდნენ, რომ შეხვედრა ღია ეთერში გადაიცემოდა. ბატონმა ალექსანდრე რონდელმა თქვა, პირდაპირი ეთერის შესახებ რომ მცოდნოდა, საერთოდ არ მოვიდოდიო. მამუკა არეშიძემაც პირდაპირი ეთერის შესახებ მოგვიანებით გაიგო. მეც არ ვიცოდი, რომ მთელი საქართველო გვიყურებდა. ბატონი ბიძინა ღვარძლიანი პიროვნება არაა, კეთილშობილი ადამიანია და მისთვის ძნელად მისაღები აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც შარშან, საარჩევნო პერიოდში გვერდით ედგნენ, მისი ოპონენტები გახდებოდნენ.
- და ,,ურჩი” ექსპერტების დასჯა გადაწყვიტა, არა?
- უფრო შეერისხა, მიეცა შენიშვნები, დაერწმუნებინა, რომ მათი არგუმენტები მყარი არაა. ვთვლი, რომ ყველამ პირუთვნელად და არგუმენტირებულად, ზოგმა კი, თავისი აზრი არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატა.
- პრემიერი ექსპერტებს საკუთარ გამონათქვამებზე მტკიცებულებებს სთხოვდა, რამაც ზოგის დაბნეულობა გამოიწვია...
- თავისი შეხედულებების არგუმენტებით გამყარება ნებისმიერ სპეციალისტს ევალება. ბატონმა ბიძინამ არაკომპეტენტურად მიიჩნია ექსპერტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა დღეს ისეთი ექსპერტები გვყავს, როგორიც პოლიტიკოსები, მეცნიერები, ექიმები თუ არქიტექტორები არიან.
- ბატონო ვაჟა, ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალს, რომელმაც ექსპერტები “მიჯირყნა”?
- მსგავსი არაფერი მსმენია. სხვა ქვეყნის ექსპერტები, მეცნიერები თუ მრჩევლები ხელისუფლებასთან ფორუმებსა და კონფერენციებზე ურთიერთობენ და არა - იმ ფორმატით, როცა უმაღლესი ხელისუფალი თავისთან იბარებს, საჯაროდ აკრიტიკებს, კატეგორიული ფორმით მოითხოვს დასაბუთებას, მიიჩნევს, რომ ზოგი მათგანის პოზიცია სწორი ან არასწორია. ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა საზოგადოებას, რომ ბოლოს დროს ხელისუფლების მისამართით მომძლავრებული კრიტიკა უსაფუძვლოა.
- არსებობს ეჭვი, ყველაფერ ამის შემდეგ, ექსპერტები მწვავე შეფასებებს აღარ გააკეთებენ...
- ბატონი ბიძინას სტუმრები გაბედული ხალხია, წლებია, მძიმე პირობებში, საზოგადოებრივ სარბიელზე არიან და ქვეყანას მრწამსით ემსახურებიან. მათ იცხოვრეს და იმუშავეს ოთხი რადიკალურად განსხვავებული ხელისუფლების პირობებში და ახლაც მოახერხებენ, საზოგადოებას საკუთარი მოსაზრებები პირუთვნელად მიაწოდონ.
- რა ამის პასუხია და, კოჰაბიტაცია ,,ნაცმოძრაობის” მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობაში ხომ არ გადაიზარდა, ან იმას როგორ ხსნით პრემიერმა ზურაბ ადეიშვილზე რომ განაცხადა, იმდენად ,,გაღლეტილია”, რომ პირველი თაობის მობილური ტელეფონით დადისო...
- ამ შეკითხვაზე პასუხი დავით უსუფაშვილის განცხადებაშია, როცა ამბობს, ჩვენი მოვალეობაა, ,,ნაცმოძრაობის”, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის შენარჩუნებაო. ადეიშვილის მიერ შექმნილი სასამართლო რეფორმა ჩავარდა. ,,ქართულმა ოცნებამ” კი, ბოლოს დროს ტონალობა შეიცვალა და მოგვიწოდებს, რომ სასამართლოს უნდა ვენდოთ, რადგან ,,ნაცმოძრაობას” მასზე გავლენა აღარ აქვს. ამისი არ მჯერა, მაგრამ ,,ნეტარ არიან მორწმუნენი!”.
როცა მოსამართლეთა კორპუსი უსამართლო გადაწყვეტილებების მიმღებია, როცა პროკურორები, განუკითხაობის პირობებში, სასამართლოს აიძულებდნენ, რეგისტრაციაში გაეტარებინა უკანონოდ ჩამორთმეული ქონება, ეს კრიზისის არსებითი ნიშანია, თუმცა არაა აუცილებელი, რომ კრიზისად ჩამოყალიბდეს. სწორედ ამის გამო ვცდილობდი, ხელისუფლების ყურადღება მიმეპყრო, რათა დაფიქრებულიყო. ექსპერტებად მიჩნეული ადამიანების დამცრობა არც მთავრობას წაადგება და არც - საზოგადოებას. სააკაშვილმა ქართული ინტელიგენცია, მათ შორის ექსპერტებიც ჩარეცხა, გუშინ კი, ექპერტები შერისხეს. ვნახოთ, ხვალ რა იქნება. ისე, იმედი მაქვს, ბატონი პრემიერი ჩვენს შეხედულებებს გაითვალისწინებს.
- ზოგიერთმა ექსპერტმა ხელი ჟურნალისტებს ,,შეგვაწმინდა...
- ზოგჯერ შეიძლება, თავი რაღაც ტექნიკური ხასიათის ხარვეზმა იჩინოს, მაგრამ საქართველოში ჟურნალისტობა ძნელია - დაბალი ანაზღაურების გამო, მატერიალურ სიდუხჭირეში ცხოვრობენ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში უამრავი ჟურნალისტი წავიდა ამ სფეროდან, არადა, მათ შეეძლოთ, კარგი მეოთხე ხელისუფლება ჩამოეყალიბებინათ და რეალობა შეეცვალათ. მოდით, ჯერ პოლიტიკოსებმა გვაჩვენონ მაღალი სტანდარტი და მერე, ეს სტანდარტი ჟურნალისტებს მოსთხოვონ!
- ბატონო ვაჟა, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყავით, რატომ წამოხვედით?
- ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩემთვის შესაფერი პოზიცია ვერ დავიკავე. ისე, აჭარის მთავრობის მმართველის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა ბატონი ბიძინასგან არ ყოფილა წამოსული. როცა პარტია ,,ქართული ოცნება” შეიქმნა, მრჩეველთა საბჭო უკვე დაშლილი იყო: ნაწილი პარტიაში გადავიდა, ნაწილი - ,,საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტში”. სიმართლე გითხრათ, პარტიული საქმიანობა არ მიზიდავდა, ამიტომ გია ხუხაშვილთან გადავედი და მასთან რამდენჯერმე სამსახურეობრივი წაკამათებაც მქონდა, მაგრამ ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ყველაფერ ამის გამო, გადაწყვეტილება მივიღე, საქმიანობა გუნდის მიღმა გამეგრძელებინა. ამის გამო წყენა არ მაქვს და დღემდე ივანიშვილის მხარდამჭერად ვრჩები.