ტეილორ სვიფტმა 31 აგვისტოს თავისი ტურის დოკუმენტური ფილმის პრემიერა დააანონსა. ფილმის პრემიერა მსოფლიოს კინოთეატრებში 13 ოქტომბერს შედგა. ფილმის შემოსავალმა გამოსვლიდან 2 დღეში $126 მილიონიდან$130 მილიონს მიაღწია.
ეს ძალიან შთამბეჭდავ შედეგად ითვლება, იმის ფონზე, რომ ფილმი მხოლოდ 6 კვირის წინ დაანონსდა და ფაქტობრივად, არ გარეკლამებულა, თუ სვიფტის სოციალურ ქსელს არ ჩავთვლით. პოპვარსკვლავის ტურის ფილმი მსგავს ჟანრში ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა.
ტურის ფილმის გაყიდული ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ 3 საათში $26 მილიონს მიაღწია და კომპანია AMC თეატრების ისტორიაში ფილმს ყველაზე გაყიდვადი პირველი დღე ჰქონდა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ შესაძლოა, ფილმმა გამოსვლის შემდეგ დამატებით $100 მილიონის შემოსავალს მიაღწიოს. ჩრდილოეთ ამერიკაში მსგავს გაყიდვები ამ წელს 5 ყველაზე მოთხოვნად ფილმს, მათ შორის, სპაიდერმენსა და ბარბის ჰქონდა.
სვიფტმა მსოფლიო ტურნე მარტში დაიწყო. ფანები და მედია ვარაუდობდნენ, რომ პოპვარსკვლავი ტურის დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებდა და ასეც მოხდა. ტეილორ სვიფტის ერას ტური 3 საათი და 15 წუთი გრძელდება, თუმცა, როგორც AMC-ში ამბობენ, ფილმი უფრო მოკლე იქნება და ეკრანზე 2 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გავა. სვიფტმა ფილმის ბილეთების ფასიც სიმბოლური აარჩია — $13.13 ბავშვებისთვის (რადგან 13 მისი საყვარელი რიცხვია) და $19.89 (იმის გამო, რომ ბოლო ალბომი, რომელსაც სვიფტი უშვებს, 1989 ტეილორის ვერსიაა).
ფანები უკვე გეგმავენ, როგორ გამოეწყობიან ფილმის პრემიერაზე ტეილორის რომელიმე ცნობილი ჩაცმულობის მსგავსად და ასევე, სამაჯურებს გაცვლიან, როგორც ამას კონცერტზე აკეთებდნენ.
ტურნე, სახელად The Eras Tour, მსოფლიო მასშტაბით 2024 წლის ჩათვლით გაგრძელდება.