ლონდონის ერთ-ერთმა კინოთეატრმა ფილმ კონტროლის ჩვენებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც აღმოაჩინა, რომ მასში კევინ სპეისი მონაწილეობს. ოსკაროსან მსახიობ კევინ სპეისს 2022 წელს სექსუალური ძალადობის გამო ბრალი წაუყენეს, თუმცა ის სასამართლომ ყველა საქმეზე გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო.
ფილმის პროდიუსერმა, ლორენ მეტკალფმა, თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კინოთეატრის ხელმძღვანელმა, გრეგ ლინმა, მისწერა.
"გუშინ საღამოს ვნახეთ, რომ ფილმში კევინ სპეისი მონაწილეობს. ეს მისი პირველი ფილმია სასამართლოს შემდეგ. არ გვინდა, რომ როდესაც პრემიერა გაშუქდება, ჩვენი კინოთეატრის სახელიც ახსენონ", — წერს ლინი.
მეტკალფის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია, რადგან სპეისი სასამართლომ გაამართლა და მას არაფერი დაუშავებია. კინოთეატრს ფილმში სპეისის მონაწილეობა სავარაუდოდ აქამდე გამოეპარა, რადგან ის კადრებში არ ჩანს და ერთ-ერთ სცენაში მხოლოდ მისი ხმა ისმის. პროდიუსერის თქმით, ახალი კინოთეატრი, რომელიც პრემიერას უმასპინძლებს, უკვე იპოვეს.
ლონდონის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ოსკაროსანი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც 4 კაცის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში ედებოდა ბრალი, გაამართლა. სასამართლომ გადაწყვეტილება 4-კვირიანი პროცესების შემდეგ გამოიტანა. მსახიობი ამტკიცებდა, რომ მოსარჩელე მხარე ტყუოდა და მხოლოდ ანგარება ამოძრავებდა.
კევინ სპეისის საქმესთან დაკავშირებით ნაფიც მსაჯულთა სხდომა 12 საათისა და 26 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, ბოლოს კი მსახიობი გაამართლეს. საქმე 2004-დან 2013 წლამდე ოთხი კაცის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდა და კევინ სპეისის 9 ბრალდება წაუყენეს. მსახიობი კი ყველა ბრალდებას სასამართლოს დაწყებიდანვე უარყოფდა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე კევინ სპეისი ნიუ-იორკის სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. სარჩელი ენტონი რაპს ეკუთვნოდა, რომლის მტკიცებითაც, 1986 წელს, როცა თავად 14 წლის იყო, სპეისიმ საკუთარ ბინაში დაპატიჟა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებაც სცადა. ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ენტონი რაპის სარჩელი არ დააკმაყოფილეს.
ლონდონის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კევინ სპეისი სექსუალური ძალადობის ყველა ბრალდებაში გამართლებულია.