ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი შერი თავის პირად ცხოვრებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სიყვარულისთვის "გვიანი არასდროსაა". პოპვარსკვლავი ამჟამად ურთიერთობაშია ალექსანდრ ედვარდსთან, რომელსაც შარშან პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდა. მაშინ ალექსანდრისთვის შერის ტელეფონის ნომერი საერთო მეგობარს მიუცია, რამაც მუსიკოსი აღაშფოთა.
"მეგობრებს ვეუბნებოდი, მეტისმეტად ასაკოვანები ვართ იმისთვის, რომ ბევრად ახალგაზრდა კაცებს შევხვდეთ, მე კი მოწერილი მესიჯით არავინ შემიყვარდება-მეთქი", — იხსენებს შერი, — "ასე რომ, ზუსტად ის ვქენი, რასაც არ ვაპირებდი".
წყვილი მარტის თვეში უკვე ერთად გამოჩნდა ვერსაჩეს 2023 წლის საშემოდგომო ჩვენებაზე. შერის თქმით, არ უყვარს, როცა ადამიანს "განსაკუთრებულს" უწოდებენ, თუმცა, თვითონ სწორედ ასე აფასებს პარტნიორს. მუსიკოსი ასევე ამბობს, რომ მათ ურთიერთობაზე დაწყებული მითქმა-მოთქმის შესახებაც სმენია — ეს კი დიდწილად წყვილს შორის 40-წლიან ასაკობრივ სხვაობას უკავშირდება. თუმცა, შერის თქმით, ეს არც აოცებს და არც ადარდებს.
"რაც უნდა მოხდეს, მასთან ერთად ყოფნა მომწონს", — ამბობს ვარსკვლავი, — "ის სულ მაცინებს, ერთად კი ძალიან ვმხიარულობთ ხოლმე. ისიც ვისწავლე, რომ გვიანი არასდროსაა. სტატისტიკას თუ შეხედავ, შეიძლება თქვა, ეს [ურთიერთობა] განწირულიაო. მაგრამ უკვე ერთი წელია, რაც ერთად ვართ. და თუნდაც მხოლოდ ამ ერთი წლისთვის ღირდა. საუკეთესო დრო გავატარე.
"როცა ბედნიერი ხარ, იმაზე არ უნდა გეფიქრებოდეს, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი ბედნიერება. ამ წუთებით უნდა დატკბე".
სიახლეები კი შერს არც პროფესიულ ცხოვრებაში არ აკლია. მუსიკოსის მორიგი, რიგით 27-ე სტუდიური ალბომი, Christmas ("შობა"), 20 ოქტომბერს გამოდის. ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერის პროდიუსერი სწორედ მომღერლის პარტნიორია.
"არაჩვეულებრივი პროდიუსერია", — ამატებს შერი, — "რთულია, როცა ვიღაც გიყვარს, მას სიმღერა ანდო. მაგრამ მე მისი მჯეროდა".