AMC-მ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანშიზის „მოსიარულე მკვდრების“ მორიგი სპინოფის „გადარჩენილების“ პრემიერის თარიღი და ახალი დეტალები გაამხილა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოუ, რომელიც „მოსიარულე მკვდრების“ მთავარი გმირების ისტორიას აგრძელებს ეკრანებზე 2024 წლის 24 თებერვალს გამოვა. ასევე ცნობილია, რომ სერიალში თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ენდრიუ ლინკოლნი (რიკ გრაიმსი), დანაი გურირა (მიშონი), პოლიანა მაკინტოში (ჯეიდისი). გენერალ ბილის როლს კი ტერი ოქუინი შეასრულებს.
ასევე, გამოქვეყნდა სერიალის ახალი თიზერი.
ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე შოუს ავტორებმა ასევე განაცხადეს, რომ ფრანშიზის კიდევ ერთი სპინოფის „მოსიარულე მკვდრები: დერილ დიქსონი“ მეორე სეზონში კეროლ პელეტიეს როლს მელისა მაკბრაიდი დაუბრუნდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სცენარისტები შოუს ყველა სპინოფის ერთ სერიალში გაერთიანებას გეგმავენ.