ბრიტანელმა მსახიობმა სერ მაიკლ კეინმა დაადასტურა, რომ კინოკარიერა დაასრულა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება 90 წლის მსახიობმა რადიო BBC Radio 4-თან ინტერვიუში გააკეთა.
„სულ ვამბობდი, რომ პენსიაზე გავიდოდი. ასეც მოვიქეცი. ვიფიქრე, რომ ამ ფილმში მთავარი როლი შევასრულე და მან კარგი შეფასებები მიიღო. რა უნდა გავაკეთო ამაზე მეტი?“, - თქვა კეინმა.
მსახიობი თავის ბოლო ფილმზე „დიდი გაქცევა“ საუბრობს, რომელიც ეკრანებზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ბიოგრაფიულ სურათში კეინი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ბერნი ჯორდანის როლს ასრულებს, რომელიც 2014 წელს მოხუცებულთა სახლიდან გაიქცა, რათა საფრანგეთში 1944 წელს დესანტის გადასხმის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დასწრებოდა.
„ახლა ჩემთვის მხოლოდ 90 ან 85 წლის კაცების როლებია ხელმისაწვდომი. მთავარი როლები აღარ მექნება. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამით დავასრულებდი“, - განაცხადა კეინმა.
მას ორჯერ აქვს მიღებული „ოსკარი“ საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, ფილმებისთვის „ჰანა და მისი დები“ (1986) და „მეღვინეების წესები“ (1999). კეინი არის ერთ-ერთი იმ ორი მსახიობიდან, რომელთაც 1960-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე მოყოლებული მიღებული აქვთ ოსკარის ნომინაცია ყოველ დეკადაში (მეორეა ჯეკ ნიკოლსონი). 2000 წელს დედოფალმა ელიზაბეტმა ის კინოში შეტანილი წვლილისთვის რაინდად აკურთხა.