ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი, "– ასეთ გარანტად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული მდივანი ლევან მურუსიძე მოიხსენია, როდესაც მას ფინანსთა მინისტრ, ნოდარ ხადურთან ერთად შეხვდა.
ეს ამბავი"ქართული ოცნების" გამარჯვების ერთი წლისთავზე, 1 ოქტომბერს მოხდა...
რა ხდებოდა მანამდე და როგორი იყო მურუსიძის წარსული საქმეები, რომელიც მის ავტობიოგრაფიაში ჩაიწერა, ამის შესახებ, როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის მის მრჩევლებს ინფორმაციის მიწოდება საჭიროდ არ ჩაუთვლიათ.
3 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, პრემიერმა კიდევ ერთხელ მოიხსენია აღფრთოვანებით დამოუკიდებელი სასამართლოს პრესტიჟისთვის თავგამოდებული ახალგაზრდა და პერსპექტიული ლევან მურუსიძე.
საუბარია იმ ლევან მურუსიძეზე, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე ისე გაიარა გზა ხელისუფლების კონტროლირებად (სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ იყო, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ. ავტ) სასამართლოში, რომ არასდროს გამოუთქვამს მცირეოდენი შეშფოთებაც კი იმ მოვლენებზე, რაც სასამართლოში ხდებოდა. უფრო მეტიც, ის იმ პრივილეგირებულ და სანდო მოსამართლეთა სიაში აღმოჩნდა, რომელიც საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს.ლევან მურუსიძის ხელმოწერა არერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.
ლევან მურუსიძე _ "ოპოზიციონერი" მოსამართლეების საქმეში
ლევან მურუსიძე, რომელიც წლების განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა და შემდეგ კოტე კუბლაშვილის მარჯვენა ხელი იყო, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი თითქმის ყველა იმ უფლებადამცველისა და ადვოკატისგან, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
ლევან მურუსიძე არის ადამიანი, რომელიც 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში.
"ლევან მურუსიძე ის ადამიანი იყო, რომელმაც თვალი არ დაახამხამა და უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე, მათ შორის მეც, უზენაეს სასამართლოში დაკავებული თანამდებობებიდან, უკანონოდ გაათავისუფლა. მას გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით აქვს ჩაბარებული და წლების მანძილზე, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მართლმსაჯულებას ადეიშვილის დავალებით ახორციელებდა. ეს ადამიანები თავის ცოდვას ვერ გამოისყიდიან". _ განაცხადა მერაბ ტურავამ.
ლევან მურუსიძე _ სანდრო გირგვლიანის საქმეში
ლევან მურუსიძე ის მოსამართლეა, რომლის მონაწილეობითაც უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.
ქ. თბილისი 27 ივლისი. 2007 წელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე), ზაზა მეიშვილი და ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით ხაჟალიას, დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე.
განჩინებაში, რომელიც საბოლოო იყო და არ გასაჩივრდებოდა და რომელსაც მურუსიძის ხელმოწერაც აქვს, ვკითხულობთ:
"დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, მიხეილ ბიბილურიძისა და ალექსანდრე ღაჭავას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა."
ამ გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შუმცირა. გერონტი ალანიას სასჯელის სახით სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული 8 წლის ნაცვლად, 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს კი 7 წლის ნაცვლად, 6 წლისა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ლევან მურუსიძე - სულხან მოლაშვილის საქმეში
გირგვლიანის საქმის გარდა, მურუსიძე კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. 2006 წლის 23 ივნისს მან წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გთავაზობთ ლევან მურუსიძის კომენტარსსულხან მოლაშვილის საქმეზე გაზეთ "ლიბერალიდან".
_ დღესაც ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონს შეესაბამებოდა?
_ დიახ, რა თქმა უნდა.
_ როდესაც უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა, უკვე გახმაურებული იყო მოლაშვილის წამების ამბავი, გამოქვეყნებული იყო სიგარეტის ნამწვავებით ნაწამები მსჯავრდებულ მოლაშვილის ფოტოები, უკვე გავრცელებული იყო მათიას იორშის განცხადება, რომ ეს იყო ყველაზე ვანდალური მოპყრობის ფაქტები მის პრაქტიკაში, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს დირექტორს, ერიკ სოტასს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ღია წერილი მოლაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით.… ამ ყველაფერმა თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ იქონია?
_ მე მოსამართლე ვარ, კანონის საფუძველზე უნდა ვიმოქმედო. მე მაინტერესებს, ჩაიდინა თუ არა პიროვნებამ დანაშაული. ციხეს რაც შეეხება, ეს სხვა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა. წამების ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოს პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს, არ ვიცი.
მოსამართლე ლევან მურისიძე, რომელიც დღეს პრემიერისგან დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიებს ითხოვს, უახლოეს წარსულში იმის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა, რომ ციხეში ადამიანის წამების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო გამოძიება ჩატარებულიყო ან როგორც მინიმუმ, სასამართლოს ამ ფაქტის გათვალისწინებით ემსჯელა იმ ჩვენებებზე, რომელიც საქმეში იდო და რომელიც მოლაშვილისგან არაადამიანური წამების შედეგად მიიღეს...
რა ინფორმაციით ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტად აცხადებს ადამიანს, რომლის თვალწინ გაიარა 9 წლიანმა მართულმა სასამართლომ და ერთხელაც არ გამოუთქვამს პროტესტი არაფერზე? ვინ აცნობს პრემიერს იმ ადამიანების განვლილ გზას, რომელთანაც ის შეხვედრებს მართავს? და საერთოდ, თვლის თუ არა პრემიერი ივანიშვილი, რომ მოსამართლეების მთავარი "ბეგრაუნდი" მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებია, რომლებიც საზოგადოებას არ ავიწყდება? იმედია, ამ კითხვებზე პასუხს თავად პრემიერისგან მივიღებთ...