შაქარი მსოფლიოში არანორმალურად გაძვირდა, რაც საქართველოზეც მოახდენს გავლენას

შაქარი მსოფლიოში არანორმალურად გაძვირდა, რაც საქართველოზეც მოახდენს გავლენას

მსოფლიოში შაქრის ფასი ბოლო 12 წლის მაქსიმალურ ნიშნულზეა. შარშან ნედლეული 42%-ით გაძვირდა, 2023 წლის დასაწყისიდან კი ფასი დამატებით 30%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე პრობლემებია, საქართველოში ფასი თითქმის უცვლელია, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.

ამ დროის მონაცემებით, 1 ტონა თეთრი შაქრის ფასი 710 დოლარის ფარგლებშია. საქონლის გაძვირების მთავარი მიზეზი, მსოფლიოში შაქრის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში ჩავარდნილი სეზონი და კლიმატური პირობებისგან გამოწვეული შემცირებული მოსავალია. მაგალითად, ტაილანდში, პაკისტანსა და მექსიკაში, რომლებიც მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი მწარმოებლების ათეულში შედიან, შემცირება ძლიერმა გვალვამ განაპირობა. ინდოეთის, აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ჩინეთის შემთხვევაში კი, მოსავლის შემცირების მიზეზი ხშირი წყალდიდობა და უხვი ნალექი იყო.

შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, გაუარესებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 2023-2024 წელს მსოფლიოში შაქრის მიწოდება 15%-მდე შემცირდება, რის პარალელურადაც მზარდი იქნება მოთხოვნა. აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის შეფასებით, გლობალური წარმოება სეზონისთვის 187,9 მილიონი ტონა იქნება. მოთხოვნის სტაბილური ზრდა და მიწოდების შემცირება კი, ბაზრის გადატვირთვასა და სავარაუდოდ, შაქრის კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს.

ტკბილეულის მწარმოებლები აღნიშნავენ იმასაც, რომ გაზრდილი მოთხოვნა აჩენს საფრთხეს, რომ შაქრის შემცირებული მარაგის გათვალისწინებით, მათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლონ, პროდუქცია კი, კიდევ უფრო გაძვირდეს. ტკბილეულის კიდევ ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა „შპანგლერ“-მა „ჰელოუინისთვის“ შეკვეთების მიღებაზე უკვე უარი თქვა, არსებული დეფიციტის გათვალისწინებით კი, შესაძლოა, შეკვეთა არც საშობაოდ მიიღოს.

ტკბილეული არ არის ერთადერთი, რაზეც შაქრის ფასს გავლენა აქვს. შაქარი არანაკლებად გამოიყენება სხვადასხვა სასმელისა და ეთანოლის საწვავის დასამზადებლად, მისი წილი მნიშვნელოვანია ასევე მედიცინაში, კოსმეტიკაში, სამშენებლო მასალებში, ბიოპლასტიკაში, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ქაღალდის წარმოებაში, ცხოველის საკვებსა და ასევე სარეცხ საშუალებებში. შესაბამისად, სპეციალისტების პროგნოზით შაქრის გაძვირება, სავარაუდოდ, ამ ყველაფრის ფასზეც აისახება.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ სიტუაციას. ამ ეტაპზე დახლებზე შაქრის ღირებულება 2,40 ლარიდან იწყება და 2,60 ლარის ფარგლებში მერყეობს. განსხვავება ფასში მკვეთრი არ არის, თუმცა თუკი მსოფლიო ბაზარზე ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, ამან შეიძლება საქართველოზეც იმოქმედოს.

„აგარის“ ქარხნის ხელმძღვანელი ალხან ალიზადეც ადასტურებს, რომ ცვლილება ქართულ ბაზარზეც აისახება, თუკი ტენდენცია გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტრენდს შეინარჩუნებს.

„ვაკვირდებით პროცესს, ჯერჯერობით შაქრის საკმარისი მარაგი გვაქვს და ფასის ცვლილებას არ ვგეგმავთ, თუმცა დინამიკა თუ ხანგრძლივ პერიოდში შენარჩუნდება, გარკვეულ კორექტირებას აქაც მოვახდენთ.

კონკრეტულად რამდენით გაიზრდება ფასი ჯერ საუბარი ადრეა. საერთაშორისო ტენდენციაზე ვართ დამოკიდებული, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს“, - აღნიშნა ალიზადემ.

ფასში სხვაობა თბილისის სუპერმარკეტებში ჯერჯერობით არ იგრძნობა. ზოგიერთ მაღაზიაში აქციები ისევ მოქმედებს, რაც მომხმარებლისთვის შეღავათია. თუმცა საერთაშორისო ბირჟებზე განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, არ არის გამორიცხული, სუპერმარკეტებმაც დაწესებული აქციები გააუქმონ ან ეს პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერონ. ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 130-140 ათას ტონა შაქარს მოიხმარს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.