რატომ გააღიზიანა ბოკერია ახალაიასათვის წაყენებულმა ციხის ბუნტის საქმემ?

რატომ გააღიზიანა ბოკერია ახალაიასათვის წაყენებულმა ციხის ბუნტის საქმემ?

"უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ციხის ბუნტში ბრალდებულ ბაჩო ახალაიას დასაცავად განცხადება პირველად გააკეთა. ბოკერიას თქმით, საქმე გვაქვს აშკარა პოლიტიკურ პროცესთან, ბაჩო ახალაის ბრალდება ციხის ბუნტთან დაკავშირებით განსაკუთრებით საგანგაშოა და ყურადღებას ითხოვს. "ასამართლებენ სახელმწიფოს წარმომადგენელს მის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მოწყობილი ძალადობრივი ბუნტის ჩახშობის გამო" - აცხადებს ბოკერია. რატომ გაახსენდა უშიშროების საბჭოს მდივანს მაინცდამაინც ახლა თანაგუნდელი ახალაია? ", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ გააღიზიანა ბოკერია ახალაიასათვის წაყენებულმა ციხის ბუნტის საქმემ?

"ალია" შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძეს დაუკავშირდა, რომლემაც რამდენიმე თვის განაცხადა, რომ ციხის ბუნტის დროს მომხდარ ძალადობაში გიგა ბოკერიაც მონაწილეობდა: "მე შემიძლია დღესაც დავადასტურო, რომ გიგა ბოკერია ნამდვილად მოვიდა ბაჩო ახალაის კაბინეტში. ამის შემდგომ ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია და გიგა ბოკერია შევიდნენ პატარა ოთახში, დასვენების ოთახს ეძახიან მას და იქიდან გამოსვლისას მე უკვე გავიგე სროლა. რა ილაპარაკეს შიგნით, ბუნებრივია, არ ვიცი, რადგან იქ არ ვყოფილვარ, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა ეს ორი მომენტი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელენე თევდორაძე და შეკითხვას - "დავაზუსტოთ, მე-5 იზოლატორში იყვნენ მერაბიშვილიც, ადეიშვილიც და ახალაიაც. მას შემდეგ რაც ადგილზე მოვიდა გიგა ბოკერია, სწორედ ამ ოთხეულის საუბრის შემდეგ დაიწყო სროლა?" - პასუხობს:

" სწორედ ამას ვამბობ. როდესაც მე მივედი ციხის ტერიტორიაზე, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილც და ბაჩო ახალაიაც უკვე ადგილზე იყვნენ და სპეცრაზმის დანაყოფებიც შეყვანილი იყო ციხის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიდექით გარეთ, შემდეგ წამოვედით ბაჩო ახალაის კაბინეტში. იმ დროს მე ახალაიაც არ მინახავს, ვნახე მხოლოდ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. როდესაც ჩვენ ერთად მივედით ბაჩო ახალაიასთან მის კაბინეტში, ცოტა ხნის შემდგომ ბოკერიაც მოვიდა. იქ მე ჩემს შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, ბოკერიამ ჩამოგვართვა ხელი და შემდგომ უკვე ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და ბოკერია შევიდნენ ცალკე ოთახში. ჩვენ დავრჩით მარტო. ოთახიდან, სადაც თათბირობდნენ უმაღლესი პირები, ძალიან სწრაფად გამოვიდა ბოკერია, არც დაგვემშვიდობა. ბოკერიას გამოყვნენ დანარჩენებიც. ამის შემდგომ უკვე გავიგე სროლები".

"ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა მიზანი აქვს ბოკერიას, როდესაც ამბობს, რომ თურმე ბუნტიც ჩახშობის ეპიზოდში ახალაიას ბრალდება პოლიტიკურია. ბოკერიას განცხადებების მიუხედავად, ვერანაირი თემის გადაფარვა ვერ მოხდება და ვერც სხვა მიმართულებას მისცემენ პროცესს, რადგან გამოძიება დაწყებულია და ბოლომდე მივა. ბუნტის ღამეს მეც ვიყავი მე-5 იზოლატორთან უამრავ ადამიანთან ერთად. ყველამ ვიცოდით, რომ იქ იყო გიგა ბოკერიაც. როგორც მე ვიცი, სწორედ გიგა ბოკერია იყო იმ პროცესების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბუნებრივია, აქედან მე ვერ დავადასტურებ ამ ყველაფერს, მაგრამ იმ ღამეს სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ გიგია ბოკერია იყო ერთ-ერთი ავტორი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

"როგორ იქნება ეს ყველაფერი "გადათარგმნილი" პოლიტიკურ ანგარიშსწორებად, როდესაც ბაჩო ახალაიას მონაწილეობით ხდებოდა ყველაფერი? ვერ ვხვდები, ამ თემის გვერდის ავლა როგორ უნდა მოხდეს? უამრავი მოწმე არსებობს, ჩვენც გვაქვს ამ ყველაფერზე ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. ჯერ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ე.წ. "რეზბალნიცაში" მივიდა მთვრალი ახალაია, შემდეგ მე-5 იზოლატორში გადავიდა, სცემა პატიმრები და აფურთხა, შემდეგ მოხდა პატიმრების ჩაცხრილვა, უამრავი მოწმე ჰყავს ამ ფაქტს",- დასძენს ნანა კაკაბაძე და შეკითხვას - "თუკი ციხი ბუნტის ეპიზოდში იკვეთება გიგა ბოკერიას ბრალეულობა, იტყვის, ხომ ვამბობდი, უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება და ახლა მეც მომადგნენო, გაუჭირდება ამის თქმა?" - პასუხობს:

"მიადგებიან თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ იქ რომ იყო გიგა ბოკერია, ამას ყველა დაგიდასტურებთ. რაში მონაწილეობდა და როგორ - ამას უკვე თვითონ იტყვის"