24 სექტემბერს პრეზიდენტის ''ფეისბუკის'' გვერდზე დაიდო ინფორმაცია და ვიდეორგოლი, როგორ შეხვდა სააკაშვილი ნიუ-იორკში ბარაკ ობამას. ვიდეო ''მუნჯურია'', საერთოდ არ ისმის პრეზიდენტების ხმა, სააკაშვილის ადმინისტრაცია კი ასეთი სახის ტექსტს გვთავაზობს:
ბარაკ ობამა: თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ?
სააკაშვილი: თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ვგეგმავ.
- ეს ძალიან კარგი იდეაა, მივესალმები.
- დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ. საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ თქვენივე სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთო, გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს. ასევე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ, ყურადღება არ მოადუნოთ.
ფირზე ნამდვილად არ ჩანს ბარაკ ობამას კმაყოფილი სახე, მხოლოდ სააკაშვილი იღრიჭება სულელურად და ერთი-ორჯერ ხელიც კი წაიღო მხარზე წამოსატყაპუნებლად. ობამას ნამდვილად არ აქვს სურვილი, სააკაშვილი რომელიმე შტატში ბიბლიოთეკის გამგედ დანიშნოს და დემოკრატიის შუქურა განათლების შუქურად აქციოს...
ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ, მისტერ ბარაკ, თქვენივე სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთო, გაუმჯობესებამდე შეიძლება სიტუაცია ძალიან გაუარესდეს, - ეუბნება სააკაშვილი ამერიკის პრეზიდენტს და თან სიამოვნებით იღრიჭება. თუ გაუარესდება, რა გიხარია?
მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკიდან გვეკაიფება, ხომ ხედავთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაში წვლილი მე არ მიმიძღვის, ხომ ხედავთ, ისევ წინ მოიწევენ მაგათი ჯარებიო?
მიხეილ სააკაშვილი: ''ხომ ამბობდნენ, რომ პუტინი მე ვერ მიტანდა და ყველაფერი ამის გამო ხდებოდა? ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ რუსეთი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას საქართველოს სუვერენიტეტზე და საზღვრებზე, მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში? ბოლო თვეებში, ყველა ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს, რომ ომი იყო საქართველოს ბრალი... საქართველოს, როგორც ქვეყანას, თურმე არ უნდას ჰქონდეს არც მსოფლიო, არც რეგიონალური ამბიციები და მნიშვნელობა. ჩვენი ოფიციალური პირების ლექსიკიდან გაქრა სიტყვა ''ოკუპაცია'' და ეგრევე ამერიკელებმა და ევროპელებმა შეწყვიტეს ოკუპაციაზე ლაპარაკი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა მიწვეული არც ამერიკაში და არც ევროპის რომელიმე ქვეყანაში... ამასობაში ჩვენი პროკურორი ერთი კვირა იმყოფებოდა ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში და ბევრი გაუგებარი რევერანსი გაკეთდა. ეს არის სისუსტის გამოსხიება, ახლა კუდის ქიცინის დრო კი არ არის და წაწოლის... რაც უფრო წავწვებით, მით უფრო ადვილად გადაგვივლიან!''
დიახ, ახლა წაწოლის დრო არ არის, არც 2008-ში იყო წაწოლისა და მიწაზე ხოხვის დრო, მიხეილ, მაგრამ იხოხე, ლამის ცხვირით გადახანი გორის მინდორ-ველები. როგორ ფიქრობ, ჰალსტუხს რომ ჭამდი, განა ეს არ იყო სისუსტის ''გამოსხიება''?!
მე მგონი, ჩვენ ერთ წრეზე ვტრიალებთ, ლევან გაჩეჩილაძე ისევ მოდის პოლიტიკაში. ამ თემაზე მე ორშაბათის ''ქრონიკაში'' უკვე ვწერდი, მაგრამ ახლა სანდო წყაროდან ვიღებ ინფორმაციას, რა მიზნით მოდიან ''გრეჩიხები'' პოლიტიკაში და რის გაკეთებას აპირებენ.
- გაჩეჩილაძეები როდიდან აპირებენ გააქტიურებას?
- არჩევნების შემდეგ.
- რა უნდა გააკეთონ, ''ნაციონალებს'' უნდა დაუწყონ დევნა?
- ''ნაციონალებს'' თავისთავად, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რომელიმე პარტიას დაუჭერენ მხარს. ამ ეტაპზე ფული არ გააჩნიათ და არჩევნების შემდეგ რას იზამენ, არ ვიცი. ''იმედზე'' რომ ამხელა გადაცემა მიუძღვნეს ''უცნობს'' და ყველაზე მაგარი კაცი ეძახეს, ეს შემთხვევითია? ეკა ხოფერიამ თვითონ მოიფიქრა ასეთი რაღაცის გაკეთება? ახლა გაახსენდათ, თურმე გია გაჩეჩილაძე მაგარი შოუმენია.
- მაგ გადაცემის არსი ვერ გავიგე.
- ჰო... მეორე დღეს სპორტის სასახლეშიც იყო, მარგველაშვილთან შეხვედრაზე. ბოლო დროს ეგ საერთოდ არ დადიოდა ასეთ შეხვედრებზე.
- ანუ ''გრეჩიხები'' ბიძინა ივანიშვილთან იქნებიან?
- კი, ბიძინას დაარწმუნებენ, რომ ეს საჭიროა... მაგას ''უცნობზე'' არა აქვს გართულება, ლევანს არ ენდობა, რაღაცა ''ჩაიხვია''... ახლა ჩაუნერგეს, რომ ასე არ შეიძლება.
- თუ ესენი ასპარეზზე ივანიშვილის თანხმობით გამოდიან, მაშინ ამ კოჰაბიტაციას როგორ შეებრძოლებიან?
- გია გაჩეჩილაძემ პირდაპირ ეთერშიც თქვა, არჩევნების მერე უნდა დაიწყოს დაპირებების შესრულებაო.
- კაცო, თუ ესენი ბიძინას კრიტიკას დაიწყებენ, რკინიგზაში რომ კოკა გუნცაძე ჰყავთ, იმას რა ეშველება?
- ბოლოს და ბოლოს, წამოვა... ეგენი ყველაფრისთვის მზად არიან.
მოდიან... და არამხოლოდ ''გრეჩიხები''. როგორც 23 სექტემბერს ინგა გრიგოლიას გადაცემიდან შევიტყვეთ (''დიდი პოლიტიკა''), პოლიტიკაში ისევ ბრუნდებიან ლევან პირველი და ლევან მამალაძე. რაღა გვიჭირს? ჩვენს ბედკრულ ცხოვრებას სამი ძველი ლევანა შემოემატება. ამაზეა ნათქვამი, ტკბილ მოგონებებს გაუმარჯოსო. თუმცა რამდენად ტკბილია ეს მოგონებები, სხვა საკითხია...
ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხის აპარტამენტებზე უკვე ლეგენდებს ჰყვებიან. ის, რომ ერთ დროს ვანო ტელევიზორს ითხოვდა და ყოველდღიურად წონაში იკლებდა, წარსულს ჩაბარდა. ერთადერთი, რაც ამ ''სახელოვან'' ადამიანებს აკლიათ, მშობლიური კერის სითბოა და ალბათ, მაგასაც მალე მიართმევენ. კი, მაგრამ სხვა პატიმრებმა რა დააშავეს, რატომ მათ არა აქვთ ასეთივე პირობები?! - იკითხავთ თქვენ და მართლებიც იქნებით.