უდანაშაულო ადამიანების ტერორს კარგი არაფერი მოაქვს — ჯიჯი ჰადიდი

უდანაშაულო ადამიანების ტერორს კარგი არაფერი მოაქვს — ჯიჯი ჰადიდი

7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რაზეც პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. დაჯგუფებას არაერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, მათ შორის ევროკავშირი და აშშ, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამ ფაქტს უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა და მათ შორისაა ჯიჯი ჰადიდიც.

"ჩემი ფიქრებით მათთან ვარ, ვინც ამ გაუმართლებელი ტრაგედიის გამო დაზარალდა. ყოველდღიურად ამ კონფლიქტს უდანაშაულოთა სიცოცხლე ეწირება, მათ შორის, ძალიან ბევრი ბავშვია. თანავუგრძნობ ოკუპაციაში გაჭირვებით მცხოვრებ პალესტინელებს. ესაა პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ, თუმცა მე პასუხისმგებლობა ჩემი ებრაელი მეგობრების წინაშეც მაქვს და როგორც ადრე, კიდევ ერთხელ ნათლად მინდა, განვაცხადო: პალესტინელი ხალხისთვის ჩემი ოცნებები და იმედები ებრაელისთვის ზიანის მიყენებას არ გულისხმობს.

უდანაშაულო ადამიანების ტერორს კარგი არაფერი მოაქვს და არც "თავისუფალი პალესტინის" მოძრაობას შეესაბამება. საპირისპირო იდეამ ათწლეულების განმავლობაში გაამძაფრა მტკივნეული და დაუსრულებელი შურისძიების ციკლი (რომლის მსხვერპლად ყოფნას არცერთი პალესტინელი ან ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე არ იმსახურებს) და ეხმარება იმ ცრუ იდეის განმტკიცებას, რომ პალესტინის მხარდამჭერი იგივეა, რაც ანტისემიტი.

თუ დაზარალებული ხარ, როგორც ჩემს ახლობელ პალესტინელებსა და ებრაელებს თანავუგრძნობ, შენც ისევე გიგზავნი ჩემს სიყვარულსა და ძალას, ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო. არსებობს რთული, პირადი და გამართლებული გრძნობებიც, თუმცა ყველა ადამიანი იმსახურებს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას, შესაბამის მოპყრობასა და უსაფრთხოებას მათი ეროვნების, რელიგიის, ეთნიკურობის და დაბადების ადგილის განურჩევლად. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ვერასდროს იქნება საკმარისი და ვერც ამდენი ადამიანის ღრმა ჭრილობებს განკურნავს, მაგრამ ყოველთვის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ვლოცულობ", — წერს ჯიჯი ჰადიდი ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ ჯიჯი და ბელა ჰადიდები წარმოშობით პალესტინელები არიან და სოციალური ქსელებით პალესტინას მხარს ღიად უჭერენ. რაც შეეხება თავდასხმას, საპასუხოდ ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ღაზას სექტორი კი უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა.