ამერიკელი ბიზნესვუმენი და ტელევარსკვლავი კაილი ჯენერი კრიტიკის მორიგ ქარცეცხლში ეხვევა.
პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ჯენერმა ინსტაგრამზე ისრაელის მხარდასაჭერი "სთორი" დადო, მაგრამ მალევე წაშალა. კაილის სთორიში ისრაელის მხარდამჭერი გვერდის პოსტი იყო გაზიარებული წარწერით "ახლა და ყოველთვის ისრაელელების გვერდით ვდგავართ". სულ მალე ჯენერის პოსტების კომენტარებში მომხმარებლები პალესტინის დროშის ემოჯიებით შეცვივდნენ და სხვებს კაილის გამოწერის გაუქმებისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ ჯენერმა სთორი წაშალა.
ზოგიერთის აზრით, კრიტიკასთან ერთად, ჯენერის ეს საქციელი მის პირად ურთიერთობებს შეიძლება უკავშირდებოდეს, კერძოდ, დებ ჰადიდებთან და მოდელ ფაი ხადრასთან მეგობრობას. სამივე მათგანი წარმოშობით პალესტინელია და კონფლიქტშიც მუდმივად პალესტინის მხარეს იკავებენ.
თუმცა, ეს ყველაფერი სთორის წაშლით არ დამთავრებულა. ბევრმა X-ს (ყოფილ ტვიტერს) მიაშურა და ჯენერის კრიტიკა იქ განაგრძო.
"ვინმემ კაილი ჯენერს სთხოვეთ, რუკაზე ისრაელი იპოვოს", — წერს ერთი მომხმარებელი.
"სთორი რომ წაშალა, უარესია", — აღნიშნავს მეორე, — "ამით აჩვენა, რომ [საკითხი] არც იცის და არც ადარდებს. უბრალოდ, იმიტომ დაპოსტა, რომ მასზე ილაპარაკონ".
7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო და განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით 5 ათასი რაკეტა ისროლეს. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასმა ისრაელის სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეებიც მძევლებად აიყვანა და ღაზის სექტორში გადაიყვანა. ეს ცნობა ისრაელის თავდაცვამაც დაადასტურა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქვეყანა "ამ ომში გაიმარჯვებს". ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრეზიდენტმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.