ვინ და როგორ გეგმავს ივანიშვილზე ტერაქტის მოწყობას?

ვინ და როგორ გეგმავს ივანიშვილზე ტერაქტის მოწყობას?

ყოველდღიურად იძაბება სიტუაცია კონფლიქტურ ზონებში. სულ უფრო გახშირდა "ნაცმოძრაობისა" და მის მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოების თუ ექსპერტების მხრიდან მოწოდებები, რომ პრემიერი აუცილებლად უნდა ჩავიდეს დვანში და იქაურებს ყურადღება მიაქციოს. როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი, ლალი მოროშკინა აცხადებს, ეს ყველაფერი წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია...

"ალია" ლალი მოროშკინას ესაუბრა:

- ლალი, შენ ჩემთან ინტერვიუებში არაერთხელ გითქვამს, რომ არჩევნებამდე მოსალოდნელია უამრავი პროვოკაცია. ასევე ისიც გითქვამს, რომ სააკაშვილი მალე წამმზომს ჩართავს და დაიწყებს თავისი "ზონდერჯგუფების" ამოქმედებას. როგორ ფიქრობ, ხომ არ დადგა ეს დრო?
- მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ დიცსა და დვანში შექმნილი სიტუაცია არის ხელოვნურად შექმნილი, მავთულხლართები იქ გაკეთდა 2009 წელს, რაც სააკაშვილის უკუღმართი პოლიტიკის შედეგი იყო. რატომღაც "ნაციონალები" არ ლაპარაკობენ 116 დაკარგულ სოფელზე, ისიც სამწუხაროა, რომ ამ თემაზე მათთან პოლემიკაში არავინ შედის, მე მაქვს ინფორმაცია ძალიან სარწმუნო წყაროებიდან, რომ ამ სოფლებში ხელოვნურად მიდის ესკალაცია, რათა პრემიერ-მინისტრი ჩაიყვანონ იმ ადგილას და მოუწყონ ტერაქტი. ამ შემთხვევაში პირადად ივანიშვილის უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი და ის ტელესიუჟეტებიც, რომელსაც ჟურნალისტები ამზადებენ კონფლიქტური ზონიდან, სწორედ ამას ემსახურება. დაუკვირდით, ყველა ერთხმად გაიძახის – ჩამოვიდეს პრემიერ-მინისტრიო. მე ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდი, რომ არა სააკაშვილის განცხადებები განმუხურიდან. მე მინდოდა ყველა ინფორმაცია გადამემოწმებინა, მაგრამ რაკი პრეზიდენტი უკვე მიადგა განმუხურს, იძულებული ვარ, ცოტა ვიჩქარო. ეს ადამიანი ნელ-ნელა მიდის ომისკენ და ყოველდღიურად უპირისპირდება საკუთარ ხალხს. სააკაშვილი მოგვიწოდებს, ბეტონის კედლები აღვმართოთ როგორც ახალგორთან, ისე განმუხურის მისადგომებთან. ასეთ რამეს ნორმალური ადამიანი არ იტყვის, რომელი ბეტონის კედლით შეიძლება რუსეთისგან თავდაცვა? და მეორე, სააკაშვილი გააფთრებული ცდილობს, ახალ ომში ჩაითრიოს საქართველო და როგორმე ბოლო მოუღოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს. მე პირადად მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, სანამ არ ჩამთავრდება არჩევნები, არსად გავიდეს, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება მისი ლიკვიდაცია, შემდეგ იტყვიან, - რა ვქნათ, კონფლიქტური ზონაა, ბრმა ტყვია საიდან გამოფრინდა, არ ვიცითო...

- ლალი, აქ დავაკონკრეტოთ, რათა მკითხველს არ გაუჩნდეს უკმარისობის გრძნობა. დეტალურად ამიხსენი, რა ტერორისტულ აქტზეა ლაპარაკი?
- მა ვარ ის ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის განმუხური. როდესაც იქ ბანაკის მშენებლობა დაიწყო, მე ვიღებდი ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობას, იქ რამდენჯერმე ჩავედი. როდესაც მოსაღამოვდებოდა ხოლმე, უკონტროლო ტერიტორიებიდან რუსები რეკავდნენ და იძლეოდნენ ბრძანებას, - მანდ შუქები ჩააქრეთ, ძალიან გვაღიზიანებსო!.. ალბათ, გახსოვს, ვმონაწილეობდი ერთ-ერთ რეალითი შოუში და როცა ერთხელ უზარმაზარი ბუშტის გაშვება გვინდოდა, უცებ დარეკეს და თქვეს, შეჩერდით, თორემ ცეცხლს გაგიხსნითო. ამით იმის თქმა მინდა, რომ იგივე ანაკლია და მთელი ზღვისპირა ზოლი, კონტროლდება რუსების მიერ. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ ტერიტორიას, მათ მიერ ასევე კონტროლდება შუქი, ხმაური და რაღაც ზედმეტი მოძრაობებიც კი. შესაბამისად, იმის მოწოდება, რომ ჩვენ იქ ბეტონის კედელი უნდა აღვმართოთ, რათა რუსებმა ვერ შეძლონ მარტივად აქეთ მხარეს შემოსვლა, ეს არის არა მხოლოდ პოპულიზმი, არამედ ქვეყნის ჩათრევა მორიგ ავანტიურაში.

- რამდენად შესაძლებელია, სააკაშვილმა თავისი გეგმა განახორციელოს?
- დაუკვირდი, ამის შემდეგ, მისი წარმომადგენელი ანდრო ბარნოვი ჩავიდა შიდა ქართლში, შევიდა მოსახლეობაში და იქ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, სააკაშვილმა ყველა რეგიონსა თუ რაიონში გაგზავნა თავისი ხალხი, ამ ეტაპზე მისი მზაკვრული მანქანა ამოქმედებულია. ჩემი აზრით, მთავრობა უკვე უნდა გადავიდეს საგანგებო რეჟიმში. დღეს ქვეყანას, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობს ვნებააშლილი, ჭკუიდან გადასული პრეზიდენტი. 27 ოქტომბერი სააკაშვილისთვის არის გამანადგურებელი თარიღი, ის მშვიდად იქნება, თუ ომში ჩაგვითრევს და ამით გაიხანგრძლივებს საპრეზიდენტო ვადას. ალაბთ, ყველა დამეთანხმება, რომ 27 ოქტომბრამდე, სადღაც 20 დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს ერთგვარი საგანგებო მდგომარეობა, სააკაშვილს უნდა აეკრძალოს ამ 20 დღის განმავლობაში საერთოდ ტელევიზიით გამოსვლა და მოწოდებების გაკეთება. როდესაც პრეზიდენტი იძახის, ხალხო, დროზე მოგროვდით, რუსებს პასუხი გავცეთო, არ არის გამორიცხული, მეორე მხრიდანაც ჰქონდეს პროვოკაციას ადგილი.

- რას მეტყვი, ციხიდან გამოსულ რეციდივისტებზე, რომლებიც შენი თქმით, სააკაშვილის დავალებებს ასრულებენ, ასევე ხომ არ არის მოსალოდნელი რაიმე გართულებები ციხეებიდან?
- ციხეებში არის საკმარისი კონტროლი იმისათვის, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ციხე არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ამიტომ, წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში მე ვიცი და ვამტკიცებ, რომ ამ მხრივ, უსაფრთხოების ზომები მიღებულია, ამ შემთხვევაში, ყველაზე საშიშნი ციხის გარეთ მყოფი რეციდივისტები და მკვლელები არიან. იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გაამკაცრებს კრიმინალებთან ბრძოლას, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია და ბუნებრივია, ეს ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, დედაქალაქში დღეს დიდძალი იარაღი ტრიალებს, რომელიც გამოყენებული იქნება ქვეყანაში სიტუაციის ასარევად. ეს მოხდება არჩევნების წინ. ასევე მოვუწოდებ მოსახლეობას, პანიკაში ნურავინ ჩავარდება, უბრალოდ, ახლა გვმართებს, ყველამ გავაკეთოთ საქმე გონივრულად, რათა სააკაშვილს არ მივცეთ საშუალება თავის ავანტიურაში ხალხიც გამოიყენოს. მე კარგახნით ადრე ვიცოდი, რომ სააკაშვილი ამ თემებს წამოსწევდა და დაიწყებდა სირბილს, - არიქა, გვიშველეთო!.. არადა, ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ივანიშვილს არ დაუწყია, ეს დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს ტრიბუნალზე. ეს ადამიანი მთელ ქვეყანას გაწირავს, ოღონდ საკუთარი სკამი შეინარჩუნოს და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაშალოს. როდესაც დღეს გამუდმებით იძახიან, გინდა თუ არა პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდესო, ყველამ იცოდეს, მას ჰყავს თავისი წარმომადგენლები და ისინი ჩადიან ყველგან. ჩვენ როგორმე 27 ოქტომბრამდე უნდა მივიდეთ...

- ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხელისუფლება თითქოს თავს იკავებს კონფლიქტურ ზონებში ჩასვლისგან, ეს იმიტომ ხდება, რომ მათაც ეშინიათ, არ მოხდეს რაიმე ტერორისტული აქტი ან ესკალაციის გაღრმავება?
- დიახ, დღეს ყველამ იცის, ყველას აქვს ინფორმაცია, რომ მოსლაოდნელია პროვოკაციები. ალბათ, გახსოვს, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გეუბნებოდი, თუ სააკაშვილს დასჭირდება, სიტუაციას აფხაზეთის მიმართულებითაც დაძაბავს და ცხინვალის მიმართულებითაც-მეთქი... აი, დადგა ეს პერიოდიც, ეს ადამიანი მიხვდა, რომ დასაკარგი უკვე აღარაფერი აქვს.

- მე არ მიკვირს სააკაშვილი რასაც აკეთებს, მაგრამ რუსები რატომ ასხამენ მის წისქვილზე წყალს, რომ არა მათი მზაკვრული მცდელობები, სააკაშვილს ხომ არ მიეცემოდა საშუალება, რომ პროვოკაციები მოეწყო?
- სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რუსები რასაც აკეთებენ. ისინი მოქმედებენ წართმეულ ტერიტორიებზე, ოლიმპიადა კარს არის მომდგარი და უსაფრთხოების ზომებს იცავენ. ამას ძალიან კარგად იყენებს სააკაშვილი...

- რომ არ ყოფილიყო მავთულხლართები, მიშა მაინც მოიგონებდა რამეს?
- რა თქმა უნდა, სად არის ანაკლიაში მავთულხლართები, ან განმუხურში, ხომ იყენებს ყველაფერს სათავისოდ? იყო ერთი ცხელი წერტილი და გაჩნდა ორი. ძალიან დიდი სიფრთხილეა ახლა საიჭრო, რათა ამ ადამიანმა არ მიაღწიოს თავის მიზანს.