140 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ბარსელონის სიმბოლოდ ქცეული საგრადა-ფამილიას ბაზილიკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის ტაძრის ხუთი ცენტრალური კოშკის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მეექვსე და უკანასკნელ კოშკზე მუშაობა კი, სავარაუდოდ, 2026 წელს დამთავრდება. ამის შემდეგ, საგრადა-ფამილია, რომლის შენებაც 1882 წელს დაიწყო, დამთავრებულ პროექტად ჩაითვლება.
საგრადა-ფამილია კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის, ნამუშევარია. გაუდიმ ტაძრის მშენებლობას თავისი ცხოვრების 40 წელზე მეტი შეალია, მაგრამ მისი გარდაცვალებისას პროექტის მეოთხედიც კი არ იყო დასრულებული.
ჩანაფიქრის მიხედვით, ამ არქიტექტურულ შედევრს, რომელშიც გოთიკისა და არტ-ნუვოს სტილი ერწყმის ერთმანეთს, 18 მოზრდილი, კონუსისებური კოშკი უნდა ჰქონოდა. რიცხვი სიმბოლურია — იგი გამოხატავდა იესო ქრისტეს, მის 12 მოციქულს, 4 მახარებელსა და მარიამ ღვთისმშობელს. მასშტაბური ნაგებობა 13 ათას ადამიანზე იყო გათვლილი. თუმცა, ჯერ კიდევ 1930-იანებში, ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო მშენებლობა შეწყდა, გაუდის ჩანახატებისა და ნაგებობების უმეტესი ნაწილი კი განადგურდა. ტაძრის დღევანდელი სახე ნაწილობრივ არქიტექტორის გადარჩენილ ნამუშევრებს, ნაწილობრივ კი ორიგინალის ინტერპრეტაციებს ეფუძნება.
1984 წელს UNESCO-მ გაუდის ნამუშევრები, მათ შორის საგრადა-ფამილია, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. პაპი ბენედიქტე XVI-ის გადაწყვეტილებით კი, 2010 წლიდან ტაძარში საეკლესიო მსახურებაც მიმდინარეობს.
რაც უნდა გასაკვირი იყოს, 137 წლის განმავლობაში საგრადა-ფამილიას მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა — ბარსელონის მერიამ სამშენებლო საქმიანობის ნებართვა ამ პროექტზე მხოლოდ 2019 წელს გასცა.
მართალია, მშენებლობის დასრულებას კიდევ ცოტა დრო სჭირდება, მაგრამ 12 ნოემბერს ტაძარს მაინც საზეიმოდ გახსნიან და მესას აღავლენენ. ამასთან, ოთხი მახარებლის კოშკები განათდება და შობამდე ასე დარჩება. თითოეული ამ კოშკის სიმაღლე 135 მეტრს აღწევს.
ერთადერთი დასამთავრებელი კოშკი კი, რომელიც იესო ქრისტეს გამოხატავს, 172,5 მეტრი სიმაღლის იქნება და 17-მეტრიანი ჯვრის დადგმით დასრულდება. ამის შემდეგ საგრადა-ფამილია მსოფლიოს უმაღლესი ტაძრის სტატუსსაც მოიპოვებს.