"ექშენი" ივანიშვილის სატელევიზიო შოუებში

ტელემაყურებელი წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილისგან მიეჩვია ხანგრძლივ პირდაპირ სატელევიზიო ჩართვებს ამა თუ იმ წერტილიდან, სადაც პრეზიდენტი მისთვის დამახასიათებელი კრეატიულობით მრავალფეროვანი პოლიტიკური შოუებით გვანებივრებდა. ეს სურათი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სრულიად შეიცვალა. სააკაშვილის უსაშველოდ გრძელი პირდაპირი ჩართვები პრემიერ-მინისტრმა ჩაანაცვლა, თუმცა ერთი განსხვავებით - თუ სააკაშვილი, როგორც წესი, საკმაოდ ხანგრძლივი პირდაპირი რეპორტაჟებისას მონოლოგის რეჟიმში ომახიანი ტონით გველაპარაკებოდა საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიღწევებზე, ივანიშვილს განსხვავებული ტაქტიკა აქვს - ის არა მონოლოგის რეჟიმს, არამედ თემატურ შეხვედრებს ირჩევს, რაც მათ ინტერაქტიულობასთან ერთად, მეტად სანახაობრივსაც ხდის.

მისი ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ორი აღმოჩნდა: 25 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ექსპერტებთან და დღევანდელი შეხვედრა ჟურნალისტებთან.

ორივე შეხვედრას თან ე.წ. "ექშენი" ახლდა. პრემიერ-მინისტრი კატეგორიული ტონით რეაგირებდა უშუალოდ მისსა და მისი გუნდის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. ამ სტატიაში დღევანდელი შეხვედრის ყველაზე "ექშენ" ეპიზოდებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

დღეს ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ურთიერთობის სტანდარული ფორმის - კითხვა-პასუხის რეჟიმის ნაცვლად, ცხარე დისკუსია ამჯობინა. საუბრისას პრემიერმა კრიტიკულსა და დამრიგებლურ ტონზე გააკეთა არჩევანი. შეხვედრისას ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოურიდებლად უთხრა, რომ ბევრი მათგანის კითხვებში ის დილეტანტობასა და უცოდინრობას ხედავს. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, "ფოსტალიონებივით" არ მოიქცნენ და მიღებული ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ.

პრემიერმა შენიშვნების გარეშე არც ვახო სანაია და ალეკო ელისაშვილი დატოვა, რაც შეეხება მერაბ მეტრეველს, მას კითხვები დაუწუნა...

"ცხარე" აღმოჩნდა ინგა გრიგოლიასა და პრემიერ-მინისტრის დებატები. "მე მგონი, ჩვენც მივახვედრეთ, რომ ამ ტონალობაში საუბარს ხელისუფლებისგან არ დავუშვებთ", - ამბობს ინგა გრიგოლია შეხვედრის შემდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. ფეისბუქის მომხმარებელთა უმეტესობა კი ნინო ჟიჟილაშვილის კითხვამ აღაფრთოვანა. ნინო ჟიჟილაშვილი დაინტერესდა, თუ ვინ უამბო პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტიკის როლის შესახებ.

"ვინ გიმზადებს, ვინ გეხმარებათ, კონსულტაციებს ვისთან გადიხართ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისას. ნაწერი რომ გიჭირავთ, ვისი ნაწერია, რომ გვითხრათ. ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან და აქედან რომ გახვალთ, თუ უსაყვედურებთ მათ?. ეს ფორმა კომუნიკაციის თქვენი არჩევანია თუ არის დამხმარის როლი და კონკრეტულად ვისი? უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა იყოს შეცდომა?",- იკითხა ჟურნალისტმა. პრემიერმა უპასუხა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან კარგი ფორმაა.

რაც შეეხება გამოხმაურებებს სოციალურ ქსელებში: "ეს "კაჩაობის" პოლიტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას" - ასე აფასებს შეხვედრას "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე.

"ძალიან კარგი. დაინახოს კიდევ ერთხელ სრულიად საქართველომ როგორი მედია გვყავს" - ეს გოგი გვახარიას შეფასებაა, რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, ხაჩიძე წერს: "შალაბანდები ჩაარტყით ბ-ნო ბიძინა! მეტის ღირსები არიან... შემდეგი შეხვედრებისთვის გაემზადონ: ჯერ მასწავლებლები, შემდეგ ექიმები... ყველას გასწავლით ჭკუას ბ-ნი ბიძინა. ძალიან ჭკვიანი რომ არ იყოს 8 მილიარდი კი არ ექნებოდა."