ირაკლი კობახიძე: მთავრობას ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, უარი ეთქვა პრეზიდენტისთვის - ის პირდაპირ დაუპირისპირდა იმ პროცესს, რომელსაც მთავრობა წარმართავს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

ირაკლი კობახიძე: მთავრობას ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, უარი ეთქვა პრეზიდენტისთვის - ის პირდაპირ დაუპირისპირდა იმ პროცესს, რომელსაც მთავრობა წარმართავს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

მთავრობას ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, უარი ეთქვა პრეზიდენტისთვის, მათ შორის იმ განცხადებების გამო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაკეთდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

„პრეზიდენტი პირდაპირ დაუპირისპირდა იმ პროცესს, რომელსაც მთავრობა წარმართავს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობა მხოლოდ ფორმალურად ასრულებს 12 პრიორიტეტს, რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირი დაპირისპირება მთავრობის მიზანთან - მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცედურულად მხარეებს პაექრობის საშუალება აქვთ და ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ, ამის შემდეგ ისინი სასამართლოს დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავენ და პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.