"უცხოური სპეცსამსახურების ომი საქართველოში"

"განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო საქართველო მოქცეულია მეზობელი (და არა მარტო მათი) ქვეყნების ინტერესის სფეროში. როდესაც ქვეყანაში რომელიმე სახელმწიფოს დაზვერვა მუშაობს, ისინი ინტერესდებიან ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით, უახლოესი და შორეული ეკონომიკური პერსპექტივით, მათი სტრატეგიული განვითარების გეგმებით, ასევე სოციალურ, კულტურულ და, განსაკუთრებით, პოლიტიკურ სფეროში მიმდინარე პროცესებით. მათ აინტერესებთ, რომელი პოლიტიკური ძალა მოვა სათავეში და ექნება თუ არა მას ლოიალური დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყნისადმი", - აცხადებს უშიშროების გენერალ-მაიორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ ჯანაშია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "უცხოური სპეცსამსახურების ომი საქართველოში" / "აჭარაში თურქული დაზვერვის მუშაობის შედეგები აშკარად ჩანს"

"კრემლისთვის პირდაპირ დგას საკითხი: არ დაუშვას ნატოს გაფართოება მისი საზღვრებისაკენ. უდავოა, ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც საქართველო არის ბრძოლის ველი, როგორც პირდაპირი (90იანი წლები, 2008 წლის აგვისტოს ომი), ასევე გადატანითი მნიშვნელობით - ანუ სპეცსამსახურების ბრძოლის ველი. ეს თამაში, როცა მასში სამხედრო ძალები არიან ჩართული ხილულია და უხილავია, როცა სპეცსამსახურები მუშაობენ. თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი წევრია და თუ ნატო სამხრეთის მიმართულებით გაფართოვდება, მისი სივრცე ჩრდილო კავკასიამდე მიდის. ამიტომაც არის რუსეთი ასე გამწარებული. უკანასკნელ წლებში კავკასიაში გადაიკვეთა ამ ორი მძლავრი სახელმწიფოს ინტერესები. რუსეთი და თურქეთი განუწყვეტლივ იბრძვიან რეგიონში გეოპოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, მსოფლიოს ამ მონაკვეთში ნავთობის, გაზისა და სხვა ძვირფასი ნედლეულის კოლოსალური მარაგია. რუსეთი თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად, კავკასიის ქვეყნებში გეგმავს ტერორისტულ აქტებს, აღვივებს ეთნოკონფლიქტებს, მხარს უჭერს სეპარატიზმს და ცდილობს მუდმივი ზემოქმედების ქვეშ ჰყავდეს საქართველო და ნაწილობრივ აზერბაიჯანი, ან გაიხადოს ისინი სამხედრო მოკავშირეებად, როგორც სომხეთი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯემალ ჯანაშია.

"საქართველოში რუსული ФСБ, ГРУ, СВР და ზოგადად, რუსეთის სპეცსამსახურები ყველაზე სერიოზულად მუშაობენ ჯერ კიდევ 90იანი წლებიდან. ასევე, ცნობილია ამერიკული FBI და CIA, ისრაელის MOSAD (დაზვერვა) და SHABAK (კონტრდაზვერვა), გერმანული დაზვერვა END და ბრიტანული MI6. დღესაც მუშაობენ გავლენის აგენტები, მართალია, ამჯერად შედარებით ნაკლები საშუალებები აქვთ, ვინაიდან ჩვენი სპეცსამსახურები და შსს საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ და აკონტროლებენ მდგომარეობას, მაგრამ მათ ყოველთვის მოეძებნებათ საშუალებები იმისათვის, რომ თავიანთი ინტერესები განახორციელონ სხვადასხვა მიმართულებით, ისეთ პროვოკაციაზე წამოგვაგონ, რომელიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ცხინვალში კონფლიქტის დაწყება პროვოცირებული იყო და იოლად გავებით ხაფანგში, ასეთივე ხაფანგი დაგვიგეს გალში, შემდგომ სოხუმშიც. 2008 წლის ცხინვალის მოვლენები თითქოს 90იანი წლების მოვლენების გამეორება იყო. დღესაც ხდება პროვოცირება მავთულხლართების გავლებით", - განმარტავს უშიშროების გენერალ-მაიორი.

"კმაყოფილი ვარ იმ სიდინჯითა და მოთმინებით, რასაც ჩვენი ხელისუფლება და, განსაკუთრებით, შსს იჩენს რუსეთის გამოხდომებზე, მგონია, რომ მათი მოქმედება სწორია. საჭიროა მოთმინება. უნდა დაველოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას, რომელიც ასე აშკარად არ დაუშვებს რუსეთის მიერ ჩვენს დაჩაგვრას. თუმცა, სამწუხაროდ ამის პრეცედენტები უკვე იყო. ვფიქრობ, ახლა იწყება მწვავე და გადამწყვეტი ეტაპი - რუსეთმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება: ან უნდა დააკანონოს ოკუპაცია, ან უკან დაიხიოს. ოკუპაციის დაკანონება მას არ გამოუვა, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული ნორმების უხეში დარღვევა, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მგონია, რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა და არა სამხედრო ძალის გამოყენება. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯიუტად მიიწევს ბაქოთ-ბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ, რაც ძალზე გამაღიზიანებელია დასავლეთისთვის, კერძოდ, აშშ-თვის - ეს `წითელი ხაზია~, რომელსაც ისინი ვერ გადავლენ", - მიიჩნევს ჯემალ ჯანაშია.

"ვინაიდან დღეს საქართველოში კრიტიკული მდგომარეობაა, ამ ეტაპზე სწორად მიმაჩნია შს და უშიშროების სისტემების გაერთიანება, ჯერ იმის დრო არ არის, რეორგანიზაციაზე ვიფიქროთ. დღევანდელობა მაგონებს 90იანი წლების მეორე ნახევარს, როდესაც შევარდნაძემ აშკარა ვექტორი გამოკვეთა დასავლეთისაკენ. იმხანად საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდით და ტერორისტული ცენტრი იყო ჩემი ერთ-ერთი მიმართულება, ვიძიებდით ტერაქტების საქმეს და გავარკვიეთ, რომ ყველა მათგანი დაგეგმილი იყო რუსეთში, დავადგინეთ ყველა ის პირი, ვინც ამას ახორციელებდა, ასევე, გავლენის აგენტებიც. ჩვენგან განსხვავებით, დღეს საქართველოს სპეცსამსახურებს დასავლური სახელმწიფოების დონის, საუცხოო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ, მათთან შედარებით, ჩვენ, ასე ვთქვათ, ურმით დავდიოდით", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "რას მიიჩნევთ ქართული სპეცსამსახურების ხარვეზად?" - პასუხობს:

"ერთი რამ აშკარაა - არ უნდა მოხდეს კადრების ხშირი ცვლა. ჩემი მომზადება ევროპისა და აშშის სპეცსამსახურებს, თავის დროზე, დაახლოებით 700 000 დოლარი დაუჯდათ. არ არსებობს მსოფლიოში სერიოზული ცენტრი (FBI, DEA - ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია, ცენტრი ქაიროში, ვენაში, პარიზსა და სხვ), სადაც მომზადება არ გამივლია. წინა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე ჩვენი თაობა გვერდზე გასწია, რაც არასახელმწიფოებრივი ხედვა გახლავთ. დღეს გამოაშკარავდა ერთი რამ - ახალი კადრის მომზადებას, იმას, რომ საშუალო დონის სპეციალისტი გახდე, სულ ცოტა, 7-8 წელი სჭირდება. სპეცსამსახურებში დამნაშავის ე.წ. აგენტის გამოაშკარავებას თვეები და წლებიც კი სჭირდება. აგენტები ისე არიან მომზადებულნი და თავს ისე იცავენ, კონსპირაცია იმ დონეზეა, რომ მათი გამოაშკარავება საკმაოდ ძნელია. ამიტომაც, თითქმის ყველა საქმე, რომელიც ვითომ სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული, დაირღვა. სასაცილოა თუნდაც "ენვერის" საქმე, რომელიც საზოგადოებაში იუმორის დონეზეა აყვანილი, რადგან ნაჩქარევად იყო მომზადებული. ასე ერთი ხელის დაკვრით სპეცსამსახურების მიერ აგენტების გამოაშკარავება არ ხდება".