ალექსანდრე რაქვიაშვილი:

ალექსანდრე რაქვიაშვილი: "ქართული ოცნების" შიშები, რომ რაღაც რევოლუცია მოხდება, იქამდე მივიდა, რომ საბოლოო ჯამში, ასეთ უცნაურ, პარანოიკულ კანონებს ვიღებთ

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს დეპუტატები დღეს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან. მანამდე ცვლილება იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს. საუბარია პროექტზე, რომელიც აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

"გირჩის" ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ""ქართულ ოცნებას" იმდენად ეშინია აქციების, რომ შედეგად პარლამენტი პარანოიკულ კანონებს იღებს":

"ადამიანებს ვუკრძალავთ კარვის დადგმას. ფაქტობრივად დისკრეციას ვაძლევთ პოლიციას, როცა უნდა მაშინ წაიღოს [კარავი]. მაგალითად, ჩათვალოს, რომ ხელს უშლის მას კარავი, ან საფრთხეს წარმოადგენს და არანაირი დასაბუთება მას არ დასჭირდება ამისთვის და რატომ?! იმიტომ, რომ თეორიულად ვიღაცამ შეიძლება რაღაც ააფეთქოს კარავში?! ამ ლოგიკით მაშინ ყველაფერი უნდა ავკრძალოთ, რაც თეორიულად აფეთქებადი იყოს. აბსურდს აქვს ადგილი და მგონი, "ქართული ოცნების" შიშები რომ რაღაც რევოლუცია მოხდება იქამდე მივიდა რომ ასეთ უცნაურ, პარანოიკულ კანონებს ვიღებთ საბოლოო ჯამში", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.