კითხვები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში ისმება, ვფიქრობ, ყველა მათგანი არის ლეგიტიმური, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მაღალი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესია და აუცილებელია, იყოს მხარეების ზეპირი მოსმენით, ღია სხდომაზე.
„კითხვები, რომელიც დარბაზში ისმება, ვფიქრობ, ყველა მათგანი არის ლეგიტიმური. მოსამართლეს ეს სჭირდება, რათა ჩამოუყალიბდეს შინაგანი რწმენა და მან ამ რწმენის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან მაღალი ინტერესის მქონე პროცესია და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, იყოს ზეპირი მოსმენით, ღია სხდომაზე. ამაზე მხარეებიც დაგვეთანხმნენ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ პასუხი კითხვებზე არ მიგვეღოს და რომელიმე მხარეს თავი აერიდებინა. ასეთი შეკითხვა არ დასმულა. თუმცაღა, მათ აქვთ ამის უფლებაც“, - განაცხადა იმერლიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა განახლდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობს, 3 ოქტომბერს დაიწყო.