საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ეკონომიკის ზრდას ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა მოჰყვა. შედეგად მასში ცვლილებები შედის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. იგი იწვევს პენსიების, ხელფასების ზრდას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური დახმარების პაკეტები. აღნიშნული ფაქტი საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი თანხები მივმართოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. შეიძლება ითქვას, რომ თანხები თანაბრად ნაწილდება ყველა იმ ძირითადი მიმართულების გასაძლიერებლად, პროგრამების გასაფართოებლად, რაც მნიშვნელოვანია, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ასევე ქვეყანაში სოციალური პროგრამების განსახორციელებლად“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი ნაცვლად 5%-ისა 6,5%-ს შეადგენს.