თამარ ჩუგოშვილი: ვერ წარმომიდგენია, სასამართლომ როგორ შეიძლება არგუმენტაცია გამოიყენოს, რომ პრეზიდენტს მთავრობის განკარგულების გარეშე არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნის ლიდერს ტელეფონზე უპასუხოს

თამარ ჩუგოშვილი: ვერ წარმომიდგენია, სასამართლომ როგორ შეიძლება არგუმენტაცია გამოიყენოს, რომ პრეზიდენტს მთავრობის განკარგულების გარეშე არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნის ლიდერს ტელეფონზე უპასუხოს

[პრეზიდენტს] აბსოლუტურად არანაირი ქმედების განხორციელების უფლება არ აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე, ყველაფრის, მათ შორის, მოსაზრების გამოხატვაც კი მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის თანხმობით უნდა განხორციელდეს, რაც არის სრული აბსურდი, მეტ სიტყვას ვერ გამოვიყენებ, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვერ წარმომიდგენია, სასამართლომ როგორ შეიძლება არგუმენტაცია გამოიყენოს, რომ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში, მთავრობის, მთელი განკარგულების გარეშე, საერთოდ არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნის ლიდერი რომ ურეკავს, ტელეფონს უპასუხოს. ეს წარმოუდგენელი რამეა, საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ მივიდნენ ასეთი რაღაცის თქმამდე“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა გაიმართა. სასამართლოს მსჯელობის საგანია, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება.