პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის ნომერ პირველი გარანტი, უხეშად და მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამ ადამიანმა აირჩია არა ნეიტრალიტეტი, კანონის უზენაესობა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირი, არამედ აირჩია გზა, რომელიც უშუალოდ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია“, - აღნიშნა მიქანაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.