ირაკლი კობახიძე: როცა იდება მტკიცებულება, რომ USAID-ის დაფინანსებით ვიღაცები ამზადებენ აქ რევოლუციას, ამას სჭირდება მკაცრი გამიჯვნა, თუმცა აშშ-ის საელჩოსგან ასეთი მკაცრი გამიჯვნა ვერ ვიხილეთ. იმედია, პოზიცია გამოსწორდება

ირაკლი კობახიძე: როცა იდება მტკიცებულება, რომ USAID-ის დაფინანსებით ვიღაცები ამზადებენ აქ რევოლუციას, ამას სჭირდება მკაცრი გამიჯვნა, თუმცა აშშ-ის საელჩოსგან ასეთი მკაცრი გამიჯვნა ვერ ვიხილეთ. იმედია, პოზიცია გამოსწორდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე USAID-ის მისამართით თბილისში გაკეთებულ განცხადებებზე სახელმწიფო დეპარტამენტში გამოთქმულ პოზიციას გამოეხმაურა. კობახიძის შეფასებით, ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, ვინც სახდეპში საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დასვა, „ნაცმოძრაობის“ ლობისტია.

„ის, რომ [ალექს რაუფოღლუ] ლობისტია, ცნობილია. რუსულ კანონში, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის დაფიქსირებული ის, რომ მას ევალება საკუთარი თავის რეგისტრირება ლობისტად და ის ოფიციალურად არის რეგისტრირებული ლობისტად და არის „ნაცმოძრაობის“ ლობისტი. შესაბამისად, მისგან კითხვა არ გვიკვირს, თუმცა ჩვენთვის გასაკვირი იყო მათ შორის [აშშ-ის] საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. როცა იდება აშკარა მტკიცებულება იმის, რომ USAID-ის დაფინანსებით ვიღაცები ამზადებენ აქ რევოლუციას, ამას სჭირდება მკაცრი გამიჯვნა, თუმცა ჩვენ ასეთი მკაცრი გამიჯვნა ვერ ვიხილეთ. იმედია, ეს პოზიცია გამოსწორდება. სერიოზულად ემზადებიან ვიღაცები რევოლუციისთვის. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, მაგრამ რაც ვიხილეთ, არის მძიმე და შეგვახსენებს, რომ საჭიროა სიფრთხილე იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს“, - აღნიშნა კობახიძემ.

სამოქალაქო არეულობის საქმეზე „კანვასი - საქართველოს“ წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება. მათ შორისაა ორგანიზაციის დირექტორი გიორგი მელაძე. გამოკითხვის პარალელურად, სუსში დაწყებული გამოძიება კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. USAID-ის მისამართით თბილისში გაკეთებულ განცხადებებს ვაშინგტონიდან უპასუხეს - სახელმწიფო დეპარტამენტი არ იზიარებს შეფასებებს და მეტიც, განმარტავს, რომ ორგანიზაციის მისამართით ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული ბრალდებები მცდარია.