ვედანტ პატელი: რაც შეეხება USAID-ის თემას, ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს

ვედანტ პატელი: რაც შეეხება USAID-ის თემას, ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს

USAID-ის მისამართით თბილისში გაკეთებულ განცხადებებს ვაშინგტონიდან უპასუხეს. სახელმწიფო დეპარტამენტი არ იზიარებს შეფასებებს და მეტიც, განმარტავს, რომ ორგანიზაციის მისამართით ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული ბრალდებები მცდარია

„რაც შეეხება USAID-ის თემას, თბილისში ჩვენმა საელჩომ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს.

როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოს ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის მათი დახმარების მიზნებს. „USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს, როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.