ირაკლი კობახიძე - სასამართლო თუ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტზე წარდგინებას, თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობა და ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება საშუალება, შეიჭრას მთავრობის კომპეტენციაში

ირაკლი კობახიძე - სასამართლო თუ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტზე წარდგინებას, თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობა და ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება საშუალება, შეიჭრას მთავრობის კომპეტენციაში

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას, ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო მხარს არ დაუჭერს მმართველი გუნდის წარდგინებას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როდესაც უკვე სისტემური და გაუსაძლისი სახე და ფორმა მიიღო კონსტიტუციის დარღვევამ და ძალიან უხეში ფორმა მიიღო კონსტიტუციის დარღვევამ, საბოტაჟმა, ამის შემდეგ მივიღეთ მხოლოდ ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის თაობაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე მხარეც აქვს ამ პროცესს, ეს არის სამართლებრივი მხარე, ბუნებრივია, თქვენს გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული მნიშვნელობა. ორი თეორიული ვერსიაა, რომ თქვე ან მოიწონებთ, ან არ მოიწონებთ ამ წარდგინების შინაარსს. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ თქვენ მხარს არ უჭერთ ამ წარდგინებას, ამ შემთხვევაში საერთოდ თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რადგან კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და შესაბამისად, კონსტიტუცია იცავს საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, განახორციელოს საგარეო პოლიტიკა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმპიჩმენტზე მიღებული იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში მთავრობა არც მომავალში იქნება დაცული, რომ რომელიმე პრეზიდენტმა კონსტიტუცია არ დაარღვიოს.

„თქვენ თუ არ წარმოადგენთ დადებით დასკვნას ამ წარდგინების თაობაზე, მაშინ გამოდის, რომ მთავრობა აღარ იქნება დაცული მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში და ნებისმიერ დროს პრეზიდენტს ექნება უფლება და ეს ხომ არ არის მარტო დღევანდელი პრეზიდენტის საკითხი, ეს შეიძლება მოხდეს ხუთ,10, 20 წელიწადში, ნებისმიერ დროს. ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება იმის საშუალება, რომ შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის საშინაო და ასევე საგარეო პოლიტიკის განხორციელება. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარდა პოლიტიკურისა, ჩვენ გვქონდა სამართლებრივი მოტივიც, რომ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეს სისტემა არის საპარლამენტო, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება, შეიჭრას საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში. მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, გერმანიის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ეს პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობა ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, თქვენს გადაწყვეტილებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, პრეცედენტული დატვირთვა და უფრო მეტიც, განსხვავებული თეორიული ვერსია რომ წარმოვიდგინოთ, საერთოდ თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემის არსი, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს კონსტიტუციით“, – განაცხადა კობახიძემ.