ირაკლი კობახიძე - საქართველო მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, რევოლუციის საშუალებას არავის მივცემთ

ირაკლი კობახიძე - საქართველო მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, რევოლუციის საშუალებას არავის მივცემთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცახდებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ გარკვეული პირები სერიოზულად ემზადებიან საქართველოში რევოლუციისთვის.

მისივე თქმით, ამის საშუალებას არავის მისცემენ.

„მასალამ აჩვენა, რომ სერიოზულად ემზადებიან ვიღაცები რევოლუციისთვის. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, მაგრამ რაც ვიხილეთ, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა და შეგვახსენებს, რომ ყველა შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილე, რათა არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს კითხვით მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები მცდარია. გავაგრძელებთ ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ კონსტიტუციითა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“.

ვედანტ პატელმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას კითხვა დაუსვა ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ: „თქვენ იცით, რომ საქართველოს მმართველი პრო-რუსული პარტია მისდევს თავდაპირველ გეგმას პრეზიდენტის დევნის შესახებ, მისი იმპიჩმენტით ევროპაში მოგზაურობისთვის. მინდა, გავიგო თქვენი რეაქცია ამაზე. უფრო ფართოდ რომ ვისაუბროთ, გუშინ ჩვენ განვიხილავდით მეტთან, როგორ ამოიღო მიზანში საქართველოს მთავრობამ USAID-ი, აშშ-ის საელჩო, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, ვინც კითხვებს სვამს. საჭიროებს თუ არა ეს პოლიტიკურ პასუხს ვაშინგტონიდან?“.

ირაკლი კობახიძის თქმით, პირი, რომელიც ამ კითხვას სვამს, „ნაცმოძრაობის“ ლობისტია.

„ის რომ ლობისტია, ამის შესახებ ცნობილია. შესაბამის კანონში, რუსულ კანონში, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, დაფიქსირებულია, რომ მას ევალება საკუთარი თავის რეგისტრირება ლობისტად. ეს ოფიციალურად არის რეგისტრირებული ლობისტად აშშ-ში. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ლობისტი. შესაბამისად, მისგან კითხვა არ გვიკვირს, თუმცა ჩვენთვის გასაკვირი იყო, მათ შორის საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. როცა იდება აშკარა მტკიცებულება, რომ USAID-ის დაფინანსებით ვიღაცები ამზადებენ აქ რევოლუციას, ამას ჭორდება მკაცრი გამიჯვნა, თუმცა ჩვენ ასეთი მკაცრი გამიჯვნა ვერ ვიხილეთ. იმედია, ეს პოზიცია გამოსწორდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობითვის, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა 5 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავება მოიცავს კონტაქტებს ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებს ესწრება. კერძოდ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კონტრაქტი მოიცავს შეხვედრებს საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, არჩეულ თანამდებობის პირებთან, ადმინისტრაციასთან, მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, საჯარო პოლიტიკის და სავაჭრო ორგანიზაციებთან, ბიზნესლიდერებთან, საკითხების ექსპერტებთან და სამეცნიერო წრეებთან. დადასტურებულია კონტაქტები ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებს ესწრება, ასევე, აშშ-ის მთავრობის და კონგრესის წარმომადგენლებთან.