მამუკა არეშიძე: «პარტია «ქართულ ოცნებაში» ისეთი მდგომარეობაა, მტერს არ ვუსურვებ»

მამუკა არეშიძე: «პარტია «ქართულ ოცნებაში» ისეთი მდგომარეობაა, მტერს არ ვუსურვებ»

პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად ბოლოს დასახელებულ კანდიდატებს კიდევ ერთი შეემატა. ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სერგეენკოს შემდეგ კანდიდატების სიას დავით უსუფაშვილი დაემატა. თავად უსუფაშვილს ეს ინფორმაცია ჯერ არც დაუდასტურებია და არც მისი აბსურდულობის შესახებ უთქვამს რამე. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და ექსპერტები არც ისე სკეპტიკურად უყურებენ. იყო თუ არა საუბარი პრემიერის გუნდში ამ საკითხზე და შეესაბამება თუ არა სიმართლეს უსუფაშვილის შესაძლო გაპრემიერება? «პრემიერი» ექსპერტს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:
- ამის თაობაზე იყო საუბარი, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს ასე მოხდეს. დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა და ის კარგად უძღვება თავის საქმეს. ის კლასიკური პარლამენტარია თავისი ბუნებით და არ მგონია, დიდი სურვილი ჰქონდეს, ქვეყნის პირველი პირი გახდეს, თუმცა არაფერია გამორიცხული. ვუშვებ ვარიანტს და შეიძლება ეს ასეც იყოს.

- «რესპუბლიკური პარტიის» მისამართით ხშირად გაკეთებულა კრიტიკული განცხადებები და პარტიას «ნაციონალურ მოძრაობასთან» გარიგებაში ადანაშაულებდნენ. როგორ ფიქრობთ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ამ პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა დაძაბულობას ხომ არ გამოიწვევს?
- დაძაბულობასა და არეულობას ივანიშვილის წასვლა ისედაც გამოიწვევს. უსუფაშვილი იქნება თუ არა, ეს არ არის გადამწყვეტი. მთავარი განმსაზღვრელი ის არის, რომ ხალხს უკვე, სამწუხაროდ, იმედი შეუმცირდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი სწრაფად წარიმართება. მეორეც, არსებობს კიდევ კოჰაბიტაციის თემა, რომელზეც, მიუხედავად იმისა, რომ «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატი ლაპარაკობს, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ ეს დასრულდება, ამის არ მჯერა. არ მჯერა იმიტომ, რომ კოჰაბიტაციის რეჟიმიდან კარგა ხანია «ნაციონალური მოძრაობის» რიგი ფუნქციონერები «ქართული ოცნების» მხარეს გადავიდნენ. ვგულისხმობ ეკონომიკურ კავშირებს და ბიზნესების გადანაწილებას. ეს არის ის, რაც ხალხის გაღიზიანებას იწვევს, გარდა ამისა, უამრავი დამნაშავე ჯერ კიდევ ქუჩაში დადის თავისუფლად.

- თქვენი პროგნოზით, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემთხვევაში, აუცილებლად იქნება დაძაბულობა და დაპირისპირება ქვეყანაში. რა სახის დაპირისპირებას გულისხმობთ და როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარების სცენარი?
- საქმე ის არის, რომ, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ დიდი ხანი პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებს, ხალხის დიდმა ნაწილმა ეს არ დაიჯერა. იფიქრეს, რომ პოლიტიკური რევერანსი იყო….ამომრჩეველთა უმრავლესობა იმედს ამყარებს პირადად ივანიშვილზე. დანარჩენი მის გვერდში მყოფები არ იყვნენ გადამწყვეტი ფიგურები და მეც, სხვათა შორის. ამიტომ, პრაქტიკულად, ყველა სისტემა მოშლილია. ორხელისუფლებიანობა ქვეყნის განვითარების საშუალებას ზღუდავს. ახლა არის ფარული ქაოსის მდგომარეობა და პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ეს ქაოსი ზედაპირზე გამოვა. პარტია «ქართულ ოცნებაში» ისეთი მდგომარეობაა, მტერს არ ვუსურვებ. ეს ჩანს გარედანაც. როგორ შეიძლება კოალიციის ერთ პარტიაში მოიყაროს თავი, რაც რამე «ნაყარ-ნუყარი» და «ნაცების» ზონდერი იყო, ყველამ?! ყველაფერს ამას ხედავს ხალხი და ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ქაოსური მდგომარეობის წინაპირობაა. ღმერთმა ქნას, რომ 27 ოქტომბრის მერე დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ვამბობ, ძალიან რთული იქნება-მეთქი. იმიტომ რომ თვითონ შიგნით კოალიციაში მოხდება დაპირისპირება სამართლიანობის აღდგენის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

- იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის რამდენიმე სამთავრობო უწყების მუშაობა მოსაწონი არ არის და ერთ-ერთ მაგალითად პროკურატურა დაასახელა. ხომ არ ფიქრობთ, რომ წულუკიანს კბილაშვილის განთავისუფლება სურს, თუმცა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ამის გაკეთების საშუალებას არ აძლევს?
- სამთავრობო სტრუქტურების ბევრი წევრი, მინისტრის მოადგილეებითა და უფრო ქვედა რგოლით დაწყებული, იღლიაში ხელისგამოდებით გაყვანის რეჟიმშია გადასული. ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ არავის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ უნდა და თუ მითითება არ იქნა ზემოდან, არაფერს აკეთებენ. ამაზე ლაპარაკობს ყველა და ყველა სფეროში შეიმჩნევა, მით უმეტეს, პროკურატურაში. კბილაშვილი რაშია დამნაშავე და რაში _ უდანაშაულო, ეს მეორე საკითხია. კბილაშვილი არის საშინელ წნეხში. წულუკიანის განცხადება მე ასე მესმის, რომ უკმაყოფილოა არა იმით, რომ კბილაშვილი არ მუშაობს, არამედ იმით, რომ მან ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა და თავის თანამდებობრივ სიმაღლეზე დადგომა ვერ მოახერხა. მე მესმის მისი, მაგრამ მან ან რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ან წავიდეს»პარტია «ქართულ ოცნებაში» ისეთი მდგომარეობაა, მტერს არ ვუსურვებ»