"პროკურატურაში შესულია 8 ათასზე მეტი განცხადება ქონების უკანონო ხელყოფის თაობაზე"
"ქონების დაბრუნების რამდენიმე ფაქტი მაინც უნდა დაინახოს საზოგადოებამ"
პრემიერისა და "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრების ემოციური შეხვედრის შესახებ საზოგადოების ყურამდე სხვადასხვა ხმა მივიდა. ითქვა, რომ ფრაქციის წევრებთან შეხვედრამდე პრემიერი უმრავლესობის ლიდერსა და მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს, თავის კაბინეტში მწვავედ ესაუბრა. ისე გამოჩნდა, რომ საგანელიძით უკმაყოფილო რამდენიმე დეპუტატმა მოახერხა პრემიერისთვის უმრავლესობის ლიდერის საწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდება. ამ ყველაფერმა კი საზოგადოებაში დაბადა განცდა, "ქართულ ოცნებაში" ისეთი დაპირისპირებაა, მის განსამუხტად საქმეში ჩარევამ პრემიერს მოუწიაო. რა მოხდა სინამდვილეში "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ვესაუბრეთ:
- ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე დაძაბული საუბარი იყო, ან პრემიერმა უმრავლესობის ლიდერისადმი გულისწყრომა გამოხატა. ბოლო პერიოდში საგანელიძეზე ბევრი უსამართლო ბრალდება მესმის, ამან, სამწუხაროდ, კამპანიური ხასიათი მიიღო. დათო ბევრს მუშაობს, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ძალზე დატვირთულია და მას გულს სტკენს უსამართლო ბრალდებები... პრემიერმა ისაუბრა საარჩევნო თემებზე, იმაზე, თუ რა საკითხებია წინასაარჩევნოდ წამოსაწევი და დიდი ხანი დაუთმო თავისი გადაწყვეტილების ახსნას, რატომ აპირებს თანამდებობიდან წასვლას, რა გეგმები აქვს.
- რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი იმას ჩივის, რომ საგანელიძემ მათი ჩაჩოჩება სცადა.
- არ მინდა ამის განხილვა. საგანელიძე არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც ვინმეს სივრცეს უზღუდავს ან პრობლემას უქმნის.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა შეიძლება ყველას ერთნაირად ვერ მიაქციოს ყურადღება და ასეთ დროს ჩვენ უნდა მივეხმაროთ.
- რაკი ზოგიერთი დეპუტატი საგანელიძეს პრემიერთან "უჩივის", ჩანს, ფრაქციაში უკმაყოფილება მწიფდება?
- ეს უფრო გაუგებრობაა, ვიდრე უკმაყოფილება. ასეთ დროს მეტი კომუნიკაციაა საჭირო. შეიძლება ვიღაცას სურს, მეტად იყოს ჩართული პროცესებში და ამის საშუალება მიეცემათ. ბატონ ომარ ნიშნიანიძესა და დათო ლორთქიფანიძეს ამას არავინ უკრძალავს, მათ ადგილებზე ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ.
- მახსოვს, ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერმა განსაკუთრებით გააკრიტიკა მაჟორიტარები და ისინი ფეოდალებსაც კი შეადარა.
- ეს წინა შეხვედრის მერე დაიწერა... ბოლო შეხვედრაზე კი პრემიერმა ყველას ერთიანი სტრატეგიით მოქმედებისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. მაჟორიტარებს კონკრეტული ოლქის ამომრჩევლებმა 4-წლიანი მანდატი მისცეს და ისინი უფრო აქტიურები უნდა იყვნენ.
- როგორც ვიცი, პრემიერთან დეპუტატებს გქონდათ საუბარი სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებასა და წართმეული ქონების დაბრუნებაზე.
- ჩვენს კომიტეტში უამრავი საჩივარი შემოვიდა ამ საკითხზე. მთავრობაში ბევრს ფიქრობენ ისეთი მექანიზმის გამონახვაზე, რომ ეს ქონება მფლობელებს დაუბრუნდეს. პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვეთოს, რა ტიპის დანაშაულები ხდებოდა, რა ქონებაა გადარჩენილი, რომელია სამ-ოთხჯერ გასხვისებული, რისი დაბრუნება შეიძლება და რა პროცედურებით. გამოძიების გარეშე ვერაფერი მოხდება. დაიწყება გამოძიებები, მერე სასამართლო ჩაერთვება პროცესში და გამოიკვეთება, რასთან გვაქვს საქმე. ამ საკითხზე ერთნაირი ხედვა აქვთ უმრავლესობასა და პრემიერს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში რეკორდული რაოდენობის - 10 200 განცხადებაა შემოსული. ამ განცხადებებიდან 90%-ზე მეტი ეხება ბოლო წლებში მომხდარ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და უსამართლობის ფაქტებს. შემდეგ მოდის უკანონო განაჩენები, შემდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები და მერე ქონების და კერძო საკუთრების უკანონო ხელყოფის ფაქტები.
პროკურატურაში შესულია 8 ათასზე მეტი განცხადება ქონების უკანონო ხელყოფის თაობაზე და ამ საჩივრების შესწავლა მიმდინარეობს. მაგრამ არის საქმეები, რომელთა გადაწყვეტაც დიდ დროს არ საჭიროებს. ჭრელი აბანოების მეპატრონე გია ხიზანეიშვილი ძალოვან უწყებაში დაიბარეს და უთხრეს, ქონება ეკონომიკის სამინისტროს უნდა აჩუქოო. მერე სამინისტრომ ეს ქონება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს მიჰყიდა. ამ შემთხვევაში არსებობს მტკიცებულებები, რომ პირს უკანონოდ ჩამოართვეს ქონება. იგივე ითქმის რიყის საქმეზეც. უგულავა ამბობს, რიყე ევროპულ ადგილად გადავაქციეო და ამ დროს იქ მეპატრონეებს რესტორნები დაუნგრიეს და მერე გააფორმებინეს ჩუქების ხელშეკრულებები. ასეთი ფაქტების შესწავლა უფრო სწრაფად შეიძლება.
პრემიერთან იყო საუბარი იმაზე, რომ პერსონალურად დავაკისროთ ზარალის ანაზღაურება იმ საჯარო მოხელეებს, ვინც უკანონობას სჩადიოდნენ.
- ეს პროცესი სასწრაფოდ თუ არ დაიწყო, ხალხს ჰგონია, ხელისუფლება "ნაციონალებს" გაურიგდა.
- ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ.
- მაგრამ ხალხი ამბობს, სააკაშვილის მაღალჩინოსნებს უკან რატომ არ დააბრუნებინეს წართმეული ქონებაო.
- თუ ამას გავაკეთებთ, სააკაშვილის გუნდს დავემსგავსებით, რომელიც შევარდნაძის დროინდელ თანამდებობის პირებს ქონებას კანონის უგულებელყოფით აბრუნებინებდა.
რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება უკვე დაწყებულია, ქონების დაბრუნების რამდენიმე ფაქტი მაინც უნდა დაინახოს საზოგადოებამ.
პროკურატურამ უფრო სწრაფად უნდა იმუშაოს,
თუ კადრები არ ჰყოფნის, დაამატოს.
- NDI-ს კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილს 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც მეორე ტურს მოსალოდნელს ხდის.
- გიორგი მარგველაშვილს პირველივე ტურში ექნება ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და არც განვიხილავ, ვინ იქნება მეორე ტურში მისი კონკურენტი.
- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მერე კოალიცია დაიშლება?
- ამ კითხვას პრემიერმა გასცა პასუხი - სად უნდა წავიდნენ? კოალიცია დღეს პოლიტიკოსებისთვის ყველაზე მიმზიდველი სივრცეა და რომელ გუნდში ყოფნა უნდა იყოს ამაზე სასურველი?!