ლას-ვეგასის პოლიციამ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა

ლას-ვეგასის პოლიციამ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა

ლას-ვეგასის პოლიციამ 1996 წელს რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

დაკავებულია 60 წლის დუეინ დევისი, რომელიც 90-იან წლებში კალიფორნიაში მოქმედი ერთ-ერთი ბანდის „ქრიფსის“ წევრი იყო. მას ბრალი რეპერის მკვლელობაში ედება. გამოძიების მტკიცებით, სწორედ დევისმა გაუხსნა ცეცხლი ავტომობილს, რომელშიც თუფაქ შაკური და მისი მენეჯერი შუგ ნაითი იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ დევისი ორლანდო ანდერსონის ბიძაა. მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ რეპერს სწორედ ანდერსონმა ესროლა. თავად ანდერსონი 1998 წელს მოკლეს.

პოლიციაში აღნიშნავენ, რომ ავტომობილში, რომლიდანაც რეპერს ესროლეს, ოთხი ადამიანი იჯდა და ყველა მათგანი, დუეინ დევისის გარდა, უკვე გარდაცვლილია. ამიტომ ის საქმეში ერთადერთი ბრალდებულია.

თუფაქ შაკური 1996 წლის 7 სექტემბერს, 25 წლის ასაკში მოკლეს და მას შემდეგ დუეინ დევისი ამ საქმეზე პირველი დაკავებულია.