ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის „ნაზავი სკანდალი“ ჩაიფერფლა - „ზოგი ვიცე-პრეზიდენტი უფრო ადრეც უნდა წასულიყო...“

ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის „ნაზავი სკანდალი“ ჩაიფერფლა - „ზოგი ვიცე-პრეზიდენტი უფრო ადრეც უნდა წასულიყო...“

საქართველოს ეროვნული ბანკის ირგვლივ სკანდალი, პრაქტიკულად, დასრულდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების თითიდან გამოწოვილი პანიკაც განეტრალებულია. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში საფინანსო სისტემა და სავალუტო ოპერაციები ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. საქმეში უკვე ჩაერთო პრემიერი, რომელმაც მოკლე და მკაფიო გზავნილი გააკეთა. პარალელურად, ფინანსისტებმა და ბიზნეს ასოციციამაც დაადასტურეს სისტემის მდგრადობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მოქმედებს ერთ-ერთი სამაგალითო საფინანსო სისტემა.

„ეს თვითონ ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ჩამოსულები იყვნენ რამდენიმე თვის წინ, თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას. სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, არც ერთი. რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, არავითარი სანერვიულო არ არის. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია სავალუტო ფონდთან. ეს როგორც შეჩერებული პროცესი ასეთი იყო, როცა, მაგალითად, კანონი შევცვალეთ და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ადგილი შემოვიღეთ, მაშინ მოხდა პროგრამის შეჩერება. ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მე ვფიქრობ, ძალიან მალე მოგვარდება აღნიშნული საკითხიც“, - განაცხადა პრემიერმა.

საქმე ისაა, რომ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის დროებით შეჩერება ნათია თურნავას 19 სექტემბრის ბრძანებას არასწორად მიაბეს. რეალურად საუბარია არა სსფ-ის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე, არამედ პროგრამის დროებით შეჩერებაზე, რომელიც რამდენიმე თვეა ისედაც აღარ მოქმედებს.

ფინანსისტი გიორგი ცუცქირიძე ხაზს უსვამს, რომ სპეკულაციის მორიგ თემად ოპოზიციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული თანამშრომლობის საკითხი წამოწია.

„სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის დროებით შეჩერება ნათია თურნავას 19 სექტემბრის ბრძანებას არასწორად მიაბეს. სრული აბსურდი და დიდი ტყუილია, თითქოს სავალუტო ფონდი სებ-ში შექმნილი სიტუაციის გამო აპირებდეს საქართველოდან გასვლას. ისე სურთ წარმოაჩინონ თითქოს სავალუტო ფონდის გასვლა ლამის უკვე დამდგარი ფაქტი იყოს და აპოკალიფსად არის წარმოსახული, რასაც მოყვება საბანკო და მთლიანად ფინანსური ბაზრის კრიზისი, ხოლო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ვარდნის გამო, კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ და გაუძვირდებათ საერთაშორისო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვა, რაც თავის მხრივ გააძვირებს რა საბანკო კრედიტებს, ინვესტიციების შემცირებასთან ერთად, ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, ბიუჯეტზე და ა.შ.

ამ დროს რეალურად საუბარია არა სსფ-ის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილებაზე, არამედ დროებით შეჩერებაზე, კიდევ უფრო რომ დავაზუსტო, პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადებაზე, რაც ცნობილი გახდა მიმდინარე წლის ივლისში. სსფ-ის ეს გადაწყვეტილება კი დაკავშირებული იყო ზაფხულში ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამას არანაირი კავშირი არა აქვს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან. მით უმეტეს, თავად სავალუტო ფონდს არანაირი განცხადება საქართველოში პროგრამის შეწყვეტაზე არ გაუკეთებია.

აქვე დავამატებ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის პოზიტიური შეფასება და სურვილი სსფ-ის დროებით შეჩერებული პროგრამის მეორე მიმოხილვის განახლებაზე! აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სავალუტო ფონდთანაც, პროგრამის გაგრძელებაზე და ვფიქრობ, თავად სავალუტო ფონდისათვისაც არანაკლებად მნიშვნელოვანია წარმოდგენილი იყოს საქართველოში!

აქვე დავამატებდი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. ამასთან, სსფ-ის ყველა ბოლო შეფასებით, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შეფასებისას, მათ შორის 11 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში ერთობლივი ბრიფინზე ცალსახად იყო აღნიშნული ის დიდი პროგრესი, რაც ქვეყანამ პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა უმოკლეს ვადაში შეძლო. მოგეხსენებათ, ბოლო ორი წელია გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზრდის მაღალი ტემპი მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია, ხოლო ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორი არის მკვეთრად გაუმჯობესებული, იქნება ეს სახელმწიფო ვალი, ბიუჯეტის დეფიციტი თუ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები.

მთელი ეს აურზაური გათვლილი იყო საბანკო კრედიტის მომხმარებელ შედარებით გაუთვიცნობიერებულ, გულუბრყვილო ადამიანებზე, რაც როგორც ყოველთვის ნაკლებად გამოუვიდათ“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი კი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკიდან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლა ბანკისთვის რეპუტაციული ზიანის მომტანი არ იყო და რომ ზოგიერთს ეს პოსტი უფრო ადრეც უნდა დაეტოვებინა. პაპაშვილი, რომელიც ამჟამად ციფრული ბანკის ლიცენზიის მიღებას ელოდება, მიიჩნევს, რომ სებ-ის საბჭოს კონკრეტული წევრები ქვეყნის ფინანსური სისტემის განვითარებას აფერხებდნენ.

„ვიცე-პრეზიდენტების წასვლა არ არის პრობლემა. შეიძლება ზოგი ვიცე-პრეზიდენტი უფრო ადრეც უნდა წასულიყო, ხელს უშლიდა ამ ქვეყნის განვითარებას, როგორც ადრეც ვამბობდი.

ზოგადად სკამების დატოვება უჭირთ და როდესაც რაღაცას ვერ აკეთებთ უნდა გაიწიო და დაუთმო სხვას, შეიძლება შენზე კარგები მოდიან.

ინსტიტუტისთვის ეს პრობლემა არაა, როცა ვერ ქაჩავ უნდა წახვიდე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სამჯერ შეიცვალა, მერე რა მოხდა? ინსტიტუცია წაიღო? მე წავიკითხე, რომ ეს მიზეზი იყო, თორემ მესტვირიშვილს ისედაც 2 თვე ჰქონდა დარჩენილი და სად მიდიოდა? ვიღაცას უნდოდა, რომ ეთამაშა. გადავდექი და შევეწირე - ეს არის ცუდი თამაში, რაც მე არ მიყვარს. პოპულიზმი დაიტოვონ თავის სახლებში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება გონივრულობა“, - განაცხადა „ბიზნესმედიასთან“ ინტერვიუში ლაშა პაპაშვილმა.

ლაზი მაინც ვინ ყოფილა, ეს მესტვირიშვილი. 2002 წლიდან მაგაზე გადაუვლია ეროვნული ბანკის ჩამოყალიბების ქარტეხილებს და 14 წელი უვიცეპრეზიდენტებია. პრეზიდენტობა რომ მიღწეველი გაუხდა გაწირა თავი და ორი კვირით ადრე "პროტესტის ნიშნად" დემოსტრაციულად დატოვა, თურმე ისედაც ვადაგასული სკამი.
7 თვის უკან