27 სექტემბერს ლოს-ანჯელესის პოლიცია ბრიტნი სპირსის სახლთან მას შემდეგ მივიდა, რაც მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ბრიტნი დანებს ატრიალებდა და ისე ცეკვავდა.
პოლიციელების თქმით, მათ ბრიტნის ახლო წრიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სპირსის მენტალურ მდგომარეობაზე ღელავდნენ.
"ზოგიერთმა შეიძლება ამტკიცოს, რომ ეს სპირსის კრეატიული გამოხატვის ფორმაა, თუმცა ადამიანების ნაწილი თვლის, რომ მსგავსი ქმედებები სახიფათოა და მომღერლის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ღელავენ", — ამბობენ პოლიციელები.
შესული შეტყობინების შემდეგ ბრიტნის მდგომარეობის გადასამოწმებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ თავს არაფერს დაუშავებდა, პოლიციის ოფიცერი მის სახლთან მივიდა და მომღერლის დაცვის წევრებს იქ ყოფნის მიზეზი აუხსნა.
დაცვის უფროსის თქმით, ის ბრიტნისთან ერთად იყო, მომღერალს საფრთხე არ ემუქრებოდა, ფიზიკურად და მენტალურად თავს კარგად გრძნობდა და მას შენობაში პოლიციის შესვლა არ სურდა. ამის შემდეგ პოლიციამ ტერიტორია დატოვა.
მოგვიანებით, ბრიტნიმ გავრცელებული პოსტი წაშალა, დანებთან ერთად ცეკვის ახალი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ვიდეო შაკირას ინსპირაციით გადაიღო და ხელში ნამდვილი დანები არ უჭირავს. მან ასევე საზოგადოებას მოუწოდა, არ ინერვიულონ და არც პოლიციის გამოძახებაა საჭირო.