დიდ მიწისძვრებს ცაზე უჩვეულო ნათება უსწრებს წინ — რა არის და რა იწვევს მას

დიდ მიწისძვრებს ცაზე უჩვეულო ნათება უსწრებს წინ — რა არის და რა იწვევს მას

მიწისძვრას ზოგჯერ ნათება უსწრებს წინ — კაშკაშა, ფერადი შუქი. ამას ხალხი უკვე საუკუნეებია ამჩნევს, ძველი საბერძნეთის დროიდან მოყოლებული, თუმცა ფენომენის წარმოშობას მეცნიერები ზუსტად ჯერაც ვერ ხსნიან.

მიწისძვრის წინმსწრები ნათების საკითხი გეოფიზიკოსმა ჯონ დერმა შეისწავლა. იგი მათ სინამდვილეს ადასტურებს და განმარტავს, რომ შუქების ხილვადობას სიბნელე და სხვა ხელშემწყობი ფაქტორები განსაზღვრავს.

ასეთი ნათება ახლახან მაროკოს ცაზეც გამოჩნდა, სანამ 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდებოდა.

მსგავსი ფენომენი 2007 წელსაც დაფიქსირდა პისკოში, პერუში.

ბოლო დროს მობილურით გადაღებული ვიდეოებისა თუ დაცვის კამერების ფართო მოხმარების წყალობით ფენომენის შესწავლაც გამარტივდა.

"ორმოცი წლის წინ ეს შეუძლებელი იყო, — თქვა ხუან ანტონიო ლირა კაჩომ, პერუელმა პროფესორმა ფიზიკის დარგში — "რომ დაგენახათ, არავინ დაიჯერებდა, რაც დაინახეთ".

მიწისძვრას სხვადასხვაგვარი ნათება შეიძლება უსწრებდეს წინ
მიწისძვრის წინმსწრები ნათება სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ზოგჯერ იგი ჩვეულებრივი ელვასავითაა; სხვა დროს იგი მოელვარე რკალია ატმოსფეროში და ჩრდილოეთის ნათებებს წააგავს; ზოგჯერ ჰაერში მოტივტივე მანათობელი სფეროებია, პატარა ალები მიწის სიახლოვეს ანდა სულაც მიწიდან ამომავალი უზარმაზარი ალები…

მეტიც, ჩინეთში სჩუანის მიწისძვრამდე, 2008 წელს, ცაში მოტივტივე მანათობელი ღრუბლები აღბეჭდეს ვიდეოზე.

მიწისძვრის ნათების შესასწავლად დერმა და მისმა კოლეგებმა ამერიკასა და ევროპაში 1600 წლიდან მომხდარ 65 მიწისძვრაზე შეაგროვეს ინფორმაცია. ნათების არსებობას თითოეულის შემთხვევაში სანდო წყარო მოწმობდა.

კვლევით დაადგინეს, რომ შესწავლილი ნათებათა 80% მაშინ იყო ხილვადი, როცა მიწისძვრის მაგნიტუდა 5.0-ს აღემატებოდა. ჩვეულებრივ, ისინი ზუსტად სეისმურ მოვლენამდე ან მისი მიმდინარეობისას ჩნდებოდა და ეპიცენტრიდან 600-ამდე კილომეტრზე იყო ხილვადი.

მიწისძვრები, განსაკუთრებით დიდი სიძლიერისა, უმეტესად იმ ადგილებთან ახლოს ან მათ გაყოლებაზე ხდება, სადაც ტექტონიკური ფილები ხვდება ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, კვლევით გამოვლინდა, რომ ნათების მქონე მიწისძვრათა უმრავლესობა ტექტონიკური ფილების შიგნით მოხდა და არა მათ კიდეებზე.

ამასთანავე, მიწისძვრას ნათება უფრო ხშირად სდევდა თან რიფტული ხეობების სიახლოვეს — იმ ადგილებთან ახლოს, სადაც წარსულში დედამიწის ქერქი გაიპო და გრძელი ჩადაბლებული რეგიონი წარმოიქმნა მიწის ორ შემაღლებულ ნაწილს შორის.

მიწისძვრის ნათებების წარმოშობაზე თავისი თეორია აქვს ფრიდემან ფროინდს, დერის კოლეგასა და NASA-ს ყოფილ მკვლევარს.

მისი განმარტებით, ქვები მაშინვე იშლება და ელექტრობას წარმოქმნის, როცა ქვებს შიგნით კრისტალების დეფექტები თუ მინარევები მექანიკურ ზეწოლას განიცდის — მაგალითად, ტექტონიკური ზეწოლის დაგროვებისას ძლიერ მიწისძვრამდე ან მისი მიმდინარეობისას. ჩვეულებრივ, ქვა იზოლატორია და ელექტრობას არ ატარებს, თუმცა ასეთ შემთხვევებში იგი ნახევარგამტარი ხდება.

ფროინდის ახსნით, მიწისძვრებამდე დიდი მოცულობის, ასიათასობით კუბური კილომეტრი, ქვა განიცდის ზეწოლას, ეს კი მინერალური ნაწილაკების გადაადგილებას იწვევს.

"ეს ბატარეის ჩართვას ჰგავს, ელექტრული მუხტები წარმოიქმნება, რომლებსაც შეუძლია, ზეწოლის ქვეშ მყოფი ქვებიდან ზეწოლის ქვეშ არმყოფ ქვებში გადავიდეს და გაიაროს. მუხტები სწრაფად გადაადგილდება, წამში დაახლოებით 200 მეტრამდე" — თქვა ფრიონდმა.

მიწისძვრის ნათების წარმოშობაზე არაერთი სხვა თეორია არსებობს. ერთ-ერთი მოსაზრება ისაა, რომ მათ სტატიკური ელექტროენერგია იწვევს, რომელიც ქვების ხახუნისა და რადონის გამოყოფის შედეგად წარმოიქმნება. ამ ეტაპზე სეისმოლოგები ზუსტ მიზეზებზე ვერ თანხმდებიან და არც ამხსნელი მექანიზმის ძიებას წყვეტენ.

საკითხის კვლევას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა, სხვა ინფორმაციასთან ერთად სწორედ მიწისძვრის წინმსწრები ნათებები და მათი გამომწვევი ელექტრული მუხტები დაგვეხმაროს, რომ ძლიერი მიწისძვრების პროგნოზირება მოვახერხოთ.