„თუ ბრბო გადაწყვეტდა რომ დამნაშვე იყო, ლინჩის წესი მოქმედებდა, ახლა რა გვინდა - დავუბრუნდეთ ამ ლინჩის წესს?“

„თუ ბრბო გადაწყვეტდა რომ დამნაშვე იყო, ლინჩის წესი მოქმედებდა, ახლა რა გვინდა - დავუბრუნდეთ ამ ლინჩის წესს?“

„საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს“ - სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იხელმძღვანელა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მიხედვით და პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები, დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. ზურაბიშვილმა გადაწყვეტილების ტვირთი ხელისუფლებას დააკისრა.

ამასთან, პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“, რადგან თვლის, რომ საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“ ქცევა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია, პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ევროატლანტიკურ გზას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური „ეფესბე“ მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა. ეროვნულმა ბანკმა საგამონაკლისო წესი მიიღო, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

როგორ განვითარდება პროცესები ფარცხელაძის გარშემო რთული სათქმელია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფარცხალაძეს ეკუთვნის მადლობის გადახდა სალომე ზურაბიშვილისთვის, რადგან ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას.

„აქაც ჩანს საბოტაჟის ინტერესი. როგორც ჩანს, პრეზიდენტის სურვილია, რაღაც საბაბი დატოვოს უხერხულობებისთვის და სახელმწიფოს შეუქმნას უხერხულობები ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებით, რაც ასევე წარმოუდგენელია. როდესაც ასე პირდაპირ, ღიად უპირისპირდები სახელმწიფო ინტერესებს და ცდილობ, ხელოვნურად შეუქმნა უხერხულობა სახელმწიფოს, ეს აბსოლუტურად უღირსი ნაბიჯია, პირდაპირ შეიძლება ითქვას. ამასთან, შეწყვეტაზე უარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ დაარღვია კანონი. ადრე - კონსტიტუცია, ახლა კანონი, ნუ, ეს მისი არჩევანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის ბრიყვული განცხადებები ხელისუფლების რაღაც პრორუსულობაზე განკუთვნილია აგენტოკრატიის საგარეო ფლანგისთვის. მისი თქმით, ამ უკანასკნელთ და მათ მოკავშირეებს საქართველოში სურთ დესტაბილიზაცია, რომლითაც, რასაკვირველია, ოკუპანტი კრემლი იხეირებს.

„ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში, მკაფიოდ ჩანს. საზოგადოების თვალში სალომე ზურაბიშვილის უკიდურეს გაკოტრებაზე მეტყველებს ისიც, რომ 16 სექტემბერს, მისი სახელოვანი წინაპრის, ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილეზე ვერ გაბედა ფოთში ჩასვლა და ხალხში გამოჩენა. რამხელა სირცხვილია“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყავს არა პრეზიდენტი, არამედ რეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ინტერესების ღალატისა და უცხო ქვეყნების აგენტობისათვის საბოლოოდ აუცილებლად უნდა გასამართლდეს. მისი თქმით, პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის და ქვეყნის მოქალაქის უფლებების დამცველი, თავად უხეშად არღვევს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანს აცხადებს დამნაშავედ.

„ვინმემ წარმოადგინა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ფარცხალაძე ასრულებს რუსეთის დავალებებს? პრეზიდენტი, რომელიც არის ქვეყნის უსაფრთხოების და ამავე დროს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, უპირველეს ყოვლისა ის არღვევს ადამიანის უფლებებს და უდანაშაულობის პრეზუმფციას. რომელმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი, რომ მისმა მოღვაწეობამ რამე გავლენა მოახდინა ქართულ საზოგადოებაზე, წარმოგვიდგინოს, ბატონო, დოკუმენტი.

დოკუმენტის გარეშე მე შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი არის ნაურუს ტომის წარმომადგენელი რეზიდენტი, დავამტკიცებ ახლა ამას? მაგრამ მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, ის კი შემიძლია მტკიცებით ფორმაში ვთქვა, რომ ეს არის უცხოელების წარმომადგენელი აგენტი საქართველოში. ანუ, ზურაბიშვილი არის აგენტოკრატიის კლასიკური წარმომადგენელი.

ნახეთ, რას „ჩალიჩობს“ ეს აგენტოკრატი. ცდილობს ისევ და ისევ, ვითომდაც „რუსულის“ სახელის დარქმევით თავი გამოიჩინოს პატრონების წინაშე და ააყირაოს საქართველო. სალომე ზურაბიშვილისათვის მიცემულია დავალება, იგივე ვითომდაც რუსული კანონის მანიპულაციიდან გამომდინარე, თითქოსდა „რუსული გადაწყვეტილებით“ მოახდინოს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საუკუნეებით უკან ვიხევთ, თუკი, ამ შემთხვევაში, ავყვებით საქართველოს პრეზიდენტს, როდესაც ლინჩის წესი უპირისპირდება სასამართლო სისტემას.

„გავრცელებული აზრის მიხედვით, თუ ბრბო გადაწყვეტდა რომ დამნაშვეა, ჩამოკიდებდნენ, ანუ ლინჩის წესი მოქმედებდა. ამის მერე კაცობრიობამ შემოიღო სასამართლოს პროცედურა და ლინჩის წესს დაუპირისპირა სასამართლო სისტემა. უკაცრავად, ახლა რა გვინდა - დავუბრუნდეთ ამ ლინჩის წესს? არა არგუმენტების, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიხედვით ვიხელმძღვანელოთ და ეს გაიზიაროს საქართველომ?

შეიძლება ეს გააკეთოს საქართველომ თუ ძალიან აიძულებენ, მაგრამ სამწუხარო იქნება. რაღაცა მაგდაგვარი ნაბიჯები უკვე გადადგა შეწყალების ხაზით და პრაქტიკულად, ეს საკითხი ისმის, როდესაც პრეზიდენტი იწყალებს ვიღაცას და იმ გახმაურებეულ შეწყალებებში, რომელიც გაკეთდა, ძირითადად, ფიგურირებდა ის, რომ ევროპის მოთხოვნით შევიწყალეთ, თორემ არ იყო შეწყალების ღირსიო. ახლა უკვე უფრო გაბედულად ამბობს პრეზიდენტი - რახან ევროპული პერსპექტივა გვინდა და ჩვენგან ითხოვენ ასეთ მსხვერპლს, უნდა გადადგეს თურნავაო.

ჩვენ თავს ვერ დავდებთ იმაზე, თურნავა კარგია თუ არა, მაგრამ თავისთავად, ადამიანის გადაყენებისთვის იძულება უარყოფითი ფაქტია. აიძულო ადამიანი გადადგეს, ეს არის ამერიკული სცენარის ნაწილი ხავერდოვანი რევოლუციის განსახორციელებლად, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების შეცვლას ასეთი იძულებითი მეთოდით. სამწუხაროდ, მაგისკენ მიდის პროცესები, ახალი ტიპის პროცესში შევდივართ როდესაც ვიღაცები უნდა გადადგნენ, იმიტომ, რომ ასე არის საჭირო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.