ბილბორდთან ახალ ინტერვიუში შაკირამ ფეხბურთელ პიკესთან განქორწინებასა და ორი შვილის მარტო აღზრდის სირთულეებზე ისაუბრა. ცნობილი წყვილი 12-წლიანი ქორწინების შემდეგ 2022 წელს დაშორდა. მისი თქმით, მუშაობის პარალელურად, მარტოხელა დედობა რთული აღმოჩნდა. მან ასევე თქვა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ბედნიერი არ არის.
"'ბედნიერთა კლუბში' კონკრეტული რაოდენობის ადამიანები ხვდებიან, რომელთა შორისაც მე ამჟამად არ ვარ", — აღნიშნა მომღერალმა.
პირად ცხოვრებაში სირთულეების პარალელურად, შაკირამ ტკივილის მუსიკით გამოხატვა მოახერხა და კიდევ ერთი კარიერული მწვერვალიც დაიპყრო. მან მარტში 14 გინესის რეკორდი დაამყარა, სექტემბრის დასაწყისში კი MTV-ის დაჯილდოებაზე Video Vanguard Award-ის კატეგორიაში გაიმარჯვა, რითაც ამ ჯილდოს მფლობელი პირველი სამხრეთ ამერიკელი მომღერალი გახდა.
"განქორწინების შემდეგ ჩემმა მუსიკამ თითქოს ახალი სიცოცხლე შეიძინა და ვფიქრობ, ალბათ ასე მუშაობს სამყარო — როცა შენი ცხოვრების ერთი ასპექტი ცუდად მიდის, მეორეში დიდ წარმატებას აღწევ, მათემატიკასავითაა", — ამბობს არტისტი.
პოპვარსკვლავის თქმით, ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა მიუხედავად ამ წარმატებისა, ოჯახის დანგრევის ტკივილს ვერაფერი ანაცვლებს.
"რა თქმა უნდა, ჩემი შვილების გამო ცხოვრება უნდა გავაგრძელო, ისინი ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია არიან. თუმცა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არა გრემის აღება ან პლატინიუმის ალბომების ქონა, არამედ ჩემი შვილების მათ მამასთან ერთად აღზრდა, სირთულეებთან გამკლავება და ერთად დაბერება იყო. ახლა კი ვიცი, რომ ეს არ მოხდება", — აცხადებს შაკირა.