რატომ დუმს ახალი ხელისუფლება?!

რატომ დუმს ახალი ხელისუფლება?!

15 მილიონი თაღლითებისთვის? ანუ მონოპოლია იაფად!

იმას, რაშიც დღეს "აუთდორ. ჯი" მერიას 6 ლარს უხდის, თავად 30-40 დოლარად აქირავებს(!)

უკანონოდ მოპოვებული მონოპოლია დღესაც ბიუჯეტის ძარცვას აგრძელებს

სახელმწიფო ბრალდება თბილისის მერს, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს, სხვისი ქონების მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა უგულავა-კეზერაშვილის მეგობრული ტანდემი თანამდებობას, გავლენასა და ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა. გარე რეკლამაზე მოპოვებული მონოპოლია ერთ-ერთია იმ საეჭვო სქემებიდან, რომელიც ამ ორი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნის სახელს უკავშირდება. დოკუმენტები, რომლებიც "კვირის პალიტრამ" მოიპოვა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ირგებდნენ და საკუთარი სურვილისამებრ ცვლიდნენ ტენდერის პირობებს იმ დროს გაბატონებული პოლიტიკური კლანის წევრები. შემდეგ კი ბიზნესის ამა თუ იმ სექტორის მონოპოლიზებას ახდენდნენ და ისაკუთრებდნენ(!). სამწუხარო და გასაკვირი კი ის არის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც უკანონოდ მოპოვებული მონოპოლია დღემდე ხელშეუხებელია და ბიუჯეტის ძარცვას აგრძელებს.

დღეს თბილისში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას, 2021 წლამდე, შპს "აუთდორ. ჯი" ფლობს. ეს კომპანია ბოლო დრომდე დავით კეზერაშვილის სახელს უკავშირდებოდა. ბილბორდებისა და მონიტორების გარდა, კომპანია რეკლამის განთავსების უფლებას ფლობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალაქში არსებულ საფეხმავლო ხიდებსა და თბილისის ლიფტებში. თბილისის ქუჩებში სარეკლამო ბანერის განთავსება რომ მოინდომო, პროექტი თბილისის არქიტექტურის სამსახურს უნდა შეუთანხმო, მაგრამ ნებართვა მის განთავსებაზე "აუთდორ.ჯი"-სგან უნდა აიღო(?!). ასევე სარეკლამო კონსტრუქციის ყოველ 1 კვადრატულ მეტრზე, რომელსაც თავად აღმართავ, ფული მონოპოლისტ "აუთდორ. ჯი"-ს უნდა გადაუხადო. "აუთდორ.ჯი"-ს გარდა, ქალაქში გარე რეკლამის ინფრასტრუქტურის მცირე ნაწილს რამდენიმე სხვა სარეკლამო კომპანიაც ფლობს, მაგრამ ისინიც კი თავის საკუთარ ფარებსა და სხვა სარეკლამო საშუალებებზე რეკლამის განთავსებისთვის გარე რეკლამის "პატრონს" - "აუთდორს", იჯარის თანხას უხდიან. ერთი კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების გადაცემითა და კონკურენტების ჩამოშორებით ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩნდა, როგორც მასშტაბური სარეკლამო პოლიტიკური ბერკეტები, ასევე მილიონების შოვნის გარანტირებული შესაძლებლობა. თუმცა, ამას წინ უძღოდა ძალზე საეჭვო სქემა, რომელიც იმ დროს საჯარო და გამჭვირვალე აუქციონის სახელით "კარგად" შეიფუთა.

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: "არსებობს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თბილისში გარე რეკლამის რეგულირების საკითხი მთლიანად საკრებულოს კომპეტენცია იყო. მაგრამ, ვინაიდან მავანთ ჩაფიქრებული ჰქონდათ ეს სფერო ხელში ჩაეგდოთ, 2009 წლის 6 თებერვალს მერია შემოდის ინიციატივით და საკრებულოს ართმევს გარე რეკლამის რეგულირების უფლებას. მერიის ამ ინიციატივას ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ეთანხმება საკრებულოს მაშინდელი უმრავლესობა და დოკუმენტს ხელს აწერს საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, თბილისის მერია აცხადებს აუქციონს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე. აუქციონი იმართება 2 აპრილს და 3 აპრილს მერია უკვე გადასცემს ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ "აუთდორ.ჯი"-ს და "მაგი სტილი მედიას". მაგრამ აქ მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს ცალკე შესწავლის საგანი და საკრებულოს სარევიზიო კომისია უნდა ჩაერთოს აღნიშნული საკითხის შესწავლაში. აუქციონის პირობებში მითითებულია, რომ ნებართვის საფასურის მინიმალური ოდენობა 1 კვ.მეტრზე განისაზღვრება 18 ლარით.

თუმცა ნებართვაში, რომელიც კომპანიებზე მერიის სააუქციონო კომისიამ მეორე დღეს გასცა, რეკლამის განთავსებისთვის თანხა 1 კვ.მეტრზე 6 ლარამდე შემცირდა(?). ფაქტობრივად, მოხდა მესამედი თანხის დაწესება, რაც, ბუნებრივია, კანონდარღვევაა. შემდეგ კი მოხდა ის, რომ "მაგი სტილი მედიამ" გარე რეკლამის თავისი ნებართვა უსასყიდლოდ დაუთმო "სმოდ ედვერთაიზინგს", რომელიც, თავის მხრივ, ისევ "აუთდორთან" ასოცირდება და ერთი ჰოლდინგის წევრები არიან. ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მერიამ გარე რეკლამის მონოპოლიზებაც მოახდინა. ეს იყო სააკაშვილის მთავარი პოლიტიკა.
ამის წინა პირობა იყო ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება, რომ შემდეგ ბიზნესის ყველაზე საინტერესო სფეროებში მონოპოლისტები შემოეყვანათ.

ამის შესანიშნავი მაგალითია სამარშრუტო ტაქსების ტენდერიც. როცა მთელ ქალაქში მხოლოდ ერთ სუბიექტს აქვს გარე რეკლამის განთავსების უფლება, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის საკმაოდ მძიმე ვითარებას, როგორც ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ასევე კორუფციული გარიგებებისთვის და შესაძლოა იქცეს ძლიერ ბერკეტად ნებისმიერი ხელისუფლების ხელში, რომელსაც შეუძლია ერთი კონკრეტული კომპანიის მეშვეობით მართოს თბილისში გარე რეკლამის განთავსების ან არგანთავსების საკითხები. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ საკითხების შესწავლა, სამართლებრივი დასკვნის დადება ტენდერის ჩატარების მართებულობაზე და რაც მთავარია, საკრებულომ უნდა დაიბრუნოს თავისი უფლება გარე რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით. თბილისი შესაძლებელია გაიყოს არა მხოლოდ რამდენიმე ლოტად, არამედ ლოტები იყოს დიფერენცირებული ბილბორდებისთვის, ლაითბოქსებისთვის და სხვა საშუალებებისთვის.

და კიდევ, მნიშვნელოვანია, რა ზარალი მიიღო ბიუჯეტმა ამ დანაშაულებრივი ტენდერით. როცა აუქციონს აცხადებ 18 ლარზე და ჩატარებიდან მეორე დღეს ამ თანხას თვითნებურად 6 ლარამდე ამცირებ, გამოდის, რომ ამ ხნის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტმა დაახლოებით 15 მილიონი ლარი იზარალა. ვფიქრობ, ეს საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ ამ დოკუმენტების შესწავლით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ".

დიანა ჩაჩუა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაანალიტიკოსი: "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე კომპანია, "სმოდი" და "აუთდორ.ჯი", ოფიციალურად დავით იაკობაშვილის მფლობელობაში გადავიდა. იაკობაშვილის მფლობელობაში კეზერაშვილის რამდენიმე სხვა კომპანიაც აღმოჩნდა. იაკობაშვილის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბერიძემ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ბიზნესმენი "აუთდორ.ჯი"-ს ფლობს, მაგრამ კომპანიის მფლობელის შეცვლა საჯარო რეესტრის დოკუმენტებში ამ დრომდე არ ასახულა. შესაძლოა, გარიგებები ოფშორულ კომპანიებს შორის მოხდა, ეს კი ადგილობრივ დოკუმენტებში შესაძლოა, არც აისახოს (თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, რეალურად "აუთდორს" ისევ დავით კეზერაშვილი აკონტროლებს - ავტ.).

ის ფაქტი, რომ 2009 წელს თბილისში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად გამოცხადებული აუქციონის პირობები არ ემთხვევა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში მოცემულ პირობებს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს კანონდარღვევასთან. შესასწავლია, არსებობს თუ არა აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადებასა და გაფორმებულ ოქმს შორის რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, მოხდა თუ არა აუქციონის პირობების ცვლილება და 1 კვ. მეტრზე 18 ლარის ოდენობის გადასახდელის 6 ლარამდე შემცირება. ან ხომ არ მოხდა აუქციონის მეორედ გამოცხადება, სადაც სახეცვლილი პირობები იყო წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ ასეთი მეორე აუქციონის შესახებ არაფერი გვსმენია და ამის შესახებ საჯარო წყაროებში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება".

რეკლამის განთავსებაზე ნებართვის გამცემ სააუქციონო კომისიას იმ დროს მამუკა ახვლედიანი ხელმძღვანელობდა და გამარჯვებულ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე სწორედ მისი ხელმოწერაა. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მამუკა ახვლედიანს მივმართე, წარვუდგინე დოკუმენტები და ვთხოვე, აეხსნა, როგორ მოხდა აუქციონის დროს გამოცხადებული მინიმალური 18 ლარის 6 ლარამდე შემცირება. "მართლა არ ვიცი... ეს იმ პერიოდის არის? ქონების მართვას მიაკითხეთ რა. წარმოდგენა არა მაქვს! არ შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო! შეიძლება ჩაიშალა და მერე თავიდან ჩატარდა?" - ახვლედიანმა ვერაფრით გაიხსენა როგორ მოხდა 18 ლარის 6-მდე შემცირება და გასარკვევად ქონების მართვის სამსახურს დაურეკა. მოგვიანებით კი ტელეფონით ასეთი კომენტარი გააკეთა: "როცა სააუქციონო პირობები გამოცხადდა, ნათქვამი იყო, რომ საანგარიშგებო პერიოდში მინიმალური გადასახადი 18 ლარი უნდა ყოფილიყო. იმ დროს კომპანიებისთვის ასეთი პრაქტიკა არსებობდა, რომ ანგარიშგებას მერიასთან სამ თვეში ერთხელ აწარმოებდნენ. შესაბამისად, სამ თვეში ერთხელ 18 ლარი უნდა გადაეხადათ. შემდეგ კი ხელშეკრულება გაფორმდა თითოეულ თვეზე გადახდის პირობით და სარეკლამო კომპანიები დღემდე კვადრატულ მეტრზე მერიას 6 ლარს უხდიან".

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც სააუქციონო განცხადებაში და არც სანებართვო დოკუმენტში მითითებული არ არის, რომ საანგარიშო პერიოდის ვადა - 3 თვეა და არც ის, რომ 6 ლარი კომპანიებს თვეში ერთხელ უნდა გადაეხადათ. უნდა ვაღიარო, რომ მეგონა, უფრო რთული სქემა იქნებოდა ტენდერის "გასაპრავებლად", ეს კი მარტივ თაღლითობას ჰგავს, რომლისთვისაც ზედმეტად თავი არც შეიწუხეს და ვადები არ დააზუსტეს. სამაგიეროდ ზუსტად ის არის ცნობილი, რომ იმას, რაშიც დღეს "აუთდორ. ჯი" მერიას 6 ლარს უხდის, თავად 30-40 დოლარად აქირავებს(!).
ამ ფაქტს კი ზედმეტი კომენტირება ნამდვილად არ სჭირდება.

P.S. ვფიქრობ, სამართლიანობის დამკვიდრება ქვეყანაში სწორედ ასეთი თვალთმაქცური სქემების გამოვლენით და კარტელური გარიგებების მოშლით უნდა დაიწყოს. მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი დღესავით ნათელია და მონოპოლია გარე რეკლამის სექტორში ცხადზე ცხადია. მონოპოლიასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა კი ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი იყო. მონოპოლიის მოშლითა და გარე რეკლამის ბაზრის გახსნით, ერთი მხრივ, კერძო სექტორს მიეცემა სტიმული განვითარებისთვის და გარე რეკლამის ბაზარზე ერთის ნაცვლად რამდენიმე მოთამაშე შემოვა, რაც ბიზნესსაც განავითარებს და მეტ სამუშაო ადგილსაც შექმნის, ხოლო მეორე მხრივ, ქალაქის ბიუჯეტი სამართლიანი, ღია და გამჭვირვალე ტენდერისა და რეალური საიჯარო გადასახადის დაწესების პირობებში, მინიმუმ სამჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს(!!!). და ეს იმ პირობებში, როცა თბილისის მერია გამუდმებით საბიუჯეტო სახსრების სიმცირეზე წუწუნებს - ხან საბავშვო ბაღებისთვის არ ჰყოფნის ფული, ხან კი ამხანაგობების დასაფინანსებლად.
ამის მიღწევა კი მარტივად შეიძლება, ცრუ აუქციონის შედეგების გაუქმებით და ახალი, საჯარო და სამართლიანი აუქციონის გამოცხადებით, სადაც პრივილეგირებული კომპანიები აღარ იქნებიან.

მედიაშეხსენება

ორიოდე კვირის წინ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა ხელისუფლებას გარე რეკლამის ბაზარზე არსებული მონოპოლიური ვითარების მოწესრიგებისკენ მოუწოდა: "რეალურად, ბაზარზე მონოპოლიური ვითარება გვაქვს. ფაქტობრივად, ერთ კომპანიას აქვს ყველაფერი - წინა არჩევნების დროს ამ სისტემამ იმუშავა ერთი პარტიის სასარგებლოდ. მონოპოლიური ვითარება შექმნილია როგორც პოლიტიკური მიზნიდან, ისე ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ პრობლემის მოგვარებაზე საფიქრალია. უნდა მოიძებნოს უფრო სამართლიანი ფორმა ამ ბაზრის მოწესრიგებისთვის".

"აბლაბუდაში" ექსპერტებიც კი გაიხლართნენ

2011 წლის 13 დეკემბერი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სარეკლამო ბაზრის ანგარიშს აქვეყნებს.

"საქართველოს სარეკლამო სექტორი კონკურენციის ნაკლებობითა და ბაზრის მძლავრი კონცენტრაციით ხასიათდება, რადგან მის დიდ ნაწილს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და მასთან დაკავშირებული ახლო მეგობრებისა და ნათესავების ქსელი აკონტროლებს. სარეკლამო სექტორს შიგნით მოთამაშეების ურთიერთკავშირის დადგენისას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აღმოაჩინა, რომ პანამაში და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული რამდენიმე ოფშორული კომპანია მალავს კომპანიის რეალური მფლობელების სახელებს და ფინანსურ ნაკადს.
თბილისის გარე რეკლამის სეგმენტში დომინანტი პოზიცია "აუთდორ.ჯი"-ს უკავია. თბილისის მერიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქში გარე რეკლამებზე გაცემული ყველა ნებართვის ვადა, რომლებიც მათ მფლობელებს არაკონკურენტული პროცესის შედეგად ჰქონდათ მოპოვებული, 2010 წლის ბოლოს ამოიწურა. ამის შედეგად, დედაქალაქის გარე რეკლემების ბაზარზე დომინანტური პოზიცია "აუთდორ.ჯი"-მ და„"სმოდმა" დაიკავეს, რომელიც "აუთდორ.ჯი"-სთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიაა. "აუთდორ.ჯი" თბილისის მერიასთან ერთად ერთობლივი საწარმოს ოპერირებასაც ახდენს...