მარინა მუსხელიშვილი: "ექსპერტების მუშაობის პრემიერისეული შეფასება თუნდაც სამართლიანი იყოს საზოგადოების თვალში, ეს არის ისეთივე რიგის მოვლენა, როგორიც მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა..."
მამუკა არეშიძე: "ივანიშვილმა გაგვაკრიტიკა და პასუხიც მოგვთხოვა, თუმცა ვთვლი, რომ არ გამოუვიდა"
ივანიშვილმა გასულ კვირას თავის ბიზნესცენტრში ექსპერტებს უმასპინძლა. მწვავე კამათი პირდაპირ ეთერში ნახა საზოგადოებამ... ზოგ ანალიტიკოსს კითხვა გაუჩნდა, იყო კი ეს შეხვედრა საჯაროობის გამოხატულება, თუ თავისუფალ აზრზე კონტროლის დაწესება სცადა ივანიშვილმა, რომელიც ევროპის გაოცებასაც კი აპირებდა დემოკრატიის ხარისხით. თავად პოლიტოლოგები თუ ექსპერტები, რომლებსაც პრემიერის რისხვა დაატყდათ თავს, არ იზიარებენ აზრს, რომ ივანიშვილმა მათი გამტყუნება შეძლო, თუმცა აღიარებენ, რომ დატუქსვა სცადა და ეს მთელმა მსოფლიომ იხილა. ბიზნესცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ანალიტიკოსებს ვესაუბრეთ:
მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - ეს შეხვედრა რომ პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ნახევარი საათით ადრე გავიგე. კარგია ხშირი დიალოგი ექსპერტებსა და მთავრობის ლიდერს შორის, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს ფორმა მისაღები იყო ჩემთვის. ივანიშვილმა რამდენიმე საკითხის გამო გაგვაკრიტიკა და პასუხიც მოგვთხოვა, თუმცა ვთვლი, რომ არ გამოუვიდა. ბევრ საკითხზე ჩვენს პოზიციაზე დავრჩით, მაგრამ იყო თემები, რაშიც დავეთანხმე. ამ შეხვედრაზე მივხვდი, რომ ივანიშვილს აქვს ეკონომიკის განვითარების მყარი გეგმა, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება, თუმცა არა მგონია, კარგად იცნობდეს საზოგადოების განწყობას.
- პრემიერმა ყველაზე მეტად თქვენ გაგატარათ კრიტიკის ქარცეცხლში, რა იყო ამის მიზეზი?
- პრემიერმა ჩემი ინტერვიუდან ამონარიდები წაიკითხა, მაგალითად, მისი წასვლის თაობაზე, რომელიც კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. მივხვდი, ინტერვიუ თავად არ ჰქონდა წაკითხული და მონაკვეთები, რომლითაც დამიპირისპირდა, სხვამ მოუმზადა დამახინჯებული ფორმით. ახლაც გავიმეორებ: ქვეყანაში ქაოსის ნიშნები ნამდვილად არის. ხელისუფლების წევრთა დიდ ნაწილს პასუხისმგებლობის აღებისა ეშინია და ინიციატივებიც იკარგება. ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტას აჭიანურებენ და ყოველთვის ივანიშვილის ჩარევა ხდება საჭირო, რაც არ მიმაჩნია სწორად.
ჩვენ ზოგადი და ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, ღია ეთერში ამაზე საუბარი არასწორია, დაგვიბარონ, წარმოვადგენთ დოკუმენტებს და შემდეგ იმუშაონ.
- ამ შეხვედრით ხომ არ დაიძაბა ურთიერთობა თქვენსა და ხელისუფლებას შორის?
- ასეთი განცდა არ დამრჩენია, ცოტა ხნის შემდეგ კამათი დიალოგის რეჟიმში გადავიდა, თუმცა დაძაბული ვითარება დასაწყისში იყო. ვფიქრობ, ეს დღე ხელს არ შეუშლის ახალი შეხვედრების გამართვას. ვთქვით კიდეც, რომ ისევ შევიკრიბებით, ოღონდ დახურულ ფორმატში.
- პრემიერმა ადეიშვილი შეაქო. ასეთი განცხადება მოეწონებოდა საზოგადოებას?
- საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. მათი უფლებების დარღვევაში დიდი პასუხისმგებლობა ადეიშვილსაც ეკისრება. ამიტომ ეს განცხადება ბევრს არ მოეწონებოდა, არც მე მომეწონა. თუმცა პრემიერის სიტყვები აუცილებელია უფრო კარგად გავიგოთ. თქვა, რომ ის მოსწონდა, როგორც კარგი ორგანიზატორი და არა იმისთვის, რა დანაშაულიც მან ჩაიდინა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება სასამართლოში გიჩივლოთ იმ ხალხმა, ვისი სახელები და გვარებიც დაასახელეთ შეხვედრაზე.
- ძალიან მინდა იჩივლონ, რადგან სამართლიანობის აღდგენა შეიძლება სწორედ მათგან დაიწყოს. რაზეც პრემიერ-მინისტრთან ვიკამათე, ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ეს გაითვალისწინოს და დაგვიბაროს პროკურატურამ.
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - გუშინდელი დღე არ არის იოლი შესაფასებელი. ამ საკითხის დანახვა შეიძლება სამი კუთხიდან: ჩვენი, ივანიშვილისა და მაყურებლის მხრიდან... არ ვიცოდით, ეს შეხვედრა პირდაპირი ეთერით თუ გადაიცემოდა. მოულოდნელი იყო ისიც, რომ საყვედურებისთვის ვყოფილვართ დაპატიჟებული. ჩვენს გამონათქვამებზე თუ უნდოდა პასუხები, დახურულ ფორმატში გვეკამათა... ნურავის ჰგონია, საუბარს მოიგებს იმ ხალხთან, რომლებსაც ბევრი კამათი ჰქონია ღია ეთერში და გამარჯვებით დაუსრულებია.
- რატომ იყო თქვენ მიმართ კრიტიკული პრემიერი, როცა დარბაზში "ნაციონალების" მხარდამჭერი ექსპერტებიც იყვნენ?
- პრემიერმა თავს იმის უფლება მისცა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, - როგორც პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა უფლება, ასე ესაუბრა ჩვენთან. ის მოიქცა როგორც ჩვეულებრივი პირი, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და ეკამათება მეორე მხარეს. შეხვედრა იყო ემოციური, თუმცა საინტერესო და ბოლოს საქმიანიც გამოვიდა.
- შეგიძლიათ აგვიხსნათ, რაში სჭირდებოდა პრემიერს ვიდეოკამერებთან თქვენი გაკრიტიკება?
- მას უყვარს დისკუსია და მასში საზოგადოების ჩართვა მოუნდა. თუ დააკვირდით, "ნაციონალების" ექსპერტები არ გაუკრიტიკებია. გააკრიტიკა ისინი, რომლებიც ივანიშვილის პოზიციას ვიცავდით. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც ეთერში არ გვიშვებდა სააკაშვილი. ახლა ივანიშვილი გვაკრიტიკებს, ოღონდ ადმინისტრაციული ხერხებით არ იბრძვის და გვეკამათება. ამით დამტკიცდა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არა ვართ და ობიექტურობას ვინარჩუნებთ.
- ექსპერტებმა პრემიერთან დისკუსიის დროს სისუსტე ხომ არ გამოიჩინეთ და ადეკვატურები თუ იყავით კრიტიკის მიმართ?
- გააჩნია, ვინ როგორ დაინახავს ამ შეხვედრას. მე მომეწონა ექსპერტების პასუხი, პრემიერს ყველა თანასწორად ედავებოდა. ივანიშვილი ამ შედავებას იღებდა არა როგორც პრემიერი, არამედ როგორც მოდავე პიროვნება.
ელენე ხოშტარია, ექსპერტი: - როცა პრემიერი მსგავს შეხვედრებს ატარებს, კარგია, მაგრამ მისი ფუნქცია არ არის ჭკუის დარიგება, ან ასწავლოს ექსპერტებს, როგორ და რა ილაპარაკონ. ეს იყო არა საჯაროობის დაფიქსირება, არამედ იმის დამტკიცება, რომ არ მოსწონს კრიტიკა.
- თქვენც იყავით პრემიერის სამიზნე.
- მე არ ვიყავი დაპატიჟებული.
- დარბაზში არ იყავით, მაგრამ პრემიერმა გახსენათ და თქვენზეც ჰქონდა ამონარიდები...
- არა მგონია, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჩემი პიროვნება იყოს მნიშვნელოვანი. პრინციპია მთავარი - პრემიერი არ უნდა მიუთითებდეს სამოქალაქო სექტორს, როგორ ილაპარაკოს. მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს ხოშტარია თუ არეშიძე.
- მსგავსი შეხვედრები იმართებოდა "ნაციონალების" დროს?
- რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პირველ პერიოდში... მთავარია, დისკუსია მიზნად დემოკრატიის ხელშეწყობას ისახავდეს და არა იმას, როგორ გაკონტროლდეს ექსპერტების საქმიანობა თუ ინტერვიუები.
მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი: - შემიძლია კომენტარი თავად შეხვედრაზე გავაკეთო და არა მის შინაარსზე. პირდაპირ ეთერში კამათი არასწორი ფორმატია და ინსტიტუციურად არ ჯდება დემოკრატიის ჩარჩოებში. პრემიერ-მინისტრს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მას არ შეუძლია ზედმეტად გულახდილი კამათი. ის ლიდერია და უნდა ფიქრობდეს შედეგებზე, რომელიც მოჰყვება ამა თუ იმ გამონათქვამს. მეორე მხრივ, ექსპერტებიც არ უნდა ეკამათებოდნენ პრემიერს, ვინაიდან მათი ფუნქცია შედეგებზე ზრუნვა კი არა, სიმართლის თქმა უნდა იყოს. პრემიერთან კამათი დაავალდებულებს მათ, აიღონ პოლიტიკური ფუნქცია და მოიყვანონ პოლიტიკური და არა საექსპერტო არგუმენტები.
- იმის თქმა გინდათ, რომ ასეთი დისკუსია შეზღუდავს მათი თავისუფლების ხარისხს და სატელიტებად გადააქცევს?
- ექსპერტების მუშაობის პრემიერისეული შეფასება თუნდაც სამართლიანი იყოს საზოგადოების თვალში, ეს არის ისეთივე რიგის მოვლენა, როგორიც მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა. თუ ექსპერტებთან არის პრეტენზია, მას საზოგადოება უნდა გამოთქვამდეს და არა ხელისუფალი. მის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელი ექსპერტებიც. პოლიტიკოსის და ექსპერტის პასუხისმგებლობა სხვადასხვაგვარია: პოლიტიკოსი ფიქრობს, რა თქვას, ექსპერტი ამბობს, რასაც ფიქრობს.