ორი დღის წინ თურქეთში ჩაქანებულ სააკაშვილს ოფლიც არ ჰქონდა ჯერ შემშრალი, რომ იქიდანვე ''გვახარა'', 936 ეთნიკურ ქართველს საქართველოს მოქალაქეობა მივანიჭე, ისინი საქართველოს პატრიოტები არიან, ქართული იციან და თავისი ისტორიული სამშობლო უყვართო.
ადრე მიშას ''პატრიოტიზმზე'' შეიძლება გაგეცინა მაინც, მაგრამ ახლა ვადა რომ უმთავრდება, ისეა გამწარებული, ამ ქართული პასპორტების ჩამორიგებაც რაღაცა ბოროტი განზრახვისთვის სჭირდება. აბა, ასე ერთი ხელის მოსმით ათასი თურქისთვის მოქალაქეობის მიცემა სად ხდება? მით უმეტეს, როცა არ იცი ადამიანის საქმიანობა, წარსული, აზროვნება... წარმოადგინა იმ ადამიანების სია, ვისაც მოქალაქეობა მიანიჭა? ნამდვილად ეთნიკური ქართველები არიან ის ადამიანები, ვისაც ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლის, გადაადგილებისა და ცხოვრების უფლება მისცა? პრეზიდენტის ეს ქმედებები პროვოკაციას ჰგავს.
რა მიზანი უნდა ამოძრავებდეს სააკაშვილს ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიცემით? რა მიზანს ემსახურება მისი ეს ქმედება?
''ალიას'' ესაუბრება ''სახალხო კრების'' წევრი, თურქოლოგი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:
- სააკაშვილის ეს საქციელი სავსებით არ გამკვირვებია, რადგან მისი მიზანია, პირველ ყოვლისა, ქართველ ხალხს მოუწყოს სულიერი და ფიზიკური გენოციდი. დღეს მიდის დიდი თურქობა ქვეყანაში. ამას ხელმძღვანელობდა თავიდანვე სააკაშვილი. მიზანი ჰქონდა საქართველოს დალაშქვრა რამდენიმე მიმართულებით.
ერთი იყო ეკონომიკური მიმართულება. ჩადით აჭარაში, ან გაიარეთ აღმაშენებელზე, ნახავთ, რომ მაღაზიების, რესტორნების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ თურქულია ან თურქებისაა. სააკაშვილმა ამით ძალიან დიდი ფული იშოვა, როცა ვითომ ეკონომიკური წინსვლისთვის შემოიყვანა თურქები და მთელი აღმაშენებლის გამზირი მიჰყიდა.
მეორე ლაშქრობა გახლავთ დემოგრაფიული შემოტევა. დღეს მხოლოდ ბათუმში 30 ათასი თურქი ცხოვრობს, ჩაწერილები არიან ოფიციალურად, მთელ აჭარაში, ალბათ, უფრო მეტია.
მესამეა კულტურული შემოტევა საქართველოზე. ვგულისხმობ თურქული სასწავლებლების გახსნას და მათი კულტურის გავრცელებას საქართველოში.
ხოლო მეოთხეა რელიგიური ექსპანსია. ვხედავთ, რომ გამრავლდა მეჩეთები საქართველოში და მოჭარბდა ისლამი საქართველოში თურქეთის მხრიდან.
მე თურქოლოგი ვარ და ძალიან კარგად ვიცი მათი პოლიტიკური ისტორიაც, ამჟამინდელი მოღვაწეობაც და ისლამიც, თუ რას ქადაგებს მაგათი რელიგია. დავითოღლუმ, რომელიც არის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პირდაპირ თქვა, ჩვენ ვაპირებთ ნეოოსმალეთის აღორძინებას და ამის უფლება ჩვენ გვაქვს, როგორი უფლებაც აქვს ევროპას, რომელიც ამბობს, რომ ახალი ევროპა უნდა შევქმნათო. ამას იარაღით კი არ გააკეთებენ, ამას მოახერხებენ ეკონომიკით და სულიერი დაპყრობით.
ვინ შეამოწმებს ახლა იმას, რომ ეს ადამიანები, 900-ვე კაცი ეთნიკური ქართველია? ჯერ ერთი, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მოქალაქეობას ანიჭებენ განცხადების საფუძველზე ადამიანებს, სწავლობენ მათ წარმომავლობას. ამას გარდა, ადამიანმა უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, იმ ქვეყნის ისტორია და კულტურა.
რა ხდება დღეს საქართველოში, ვინ მიგდია სააკაშვილი, ასე შეუმოწმებლად, ერთი ხელის მოსმით რომ გახადა ათასი კაცი საქართველოს მოქალაქე?
ეს გათახსირებული, რომელმაც გაათახსირა და მიწასთან გაასწორა ყველაფერი, რასაც ეროვნულობა და ზნეობა ჰქვია. ამ ყველაფერს აკეთებს შეგნებულად, ვითომ თურქები ცოტა არიან შემოჭრილი და ეს უმატებს. იძახის ვითომ პატრიოტია, ეთნიკური ქართველები უნდა დავაბრუნო სამშობლოშიო. როდის ჰქონია სააკაშვილს პატრიოტული განცდა? ერთი ფაქტი დამანახეთ, მის პატრიოტიზმს რომ დაადასტურებს.
იცით, რა ხდება? ყოველწლიურად ბავშვები მიჰყავთ აჭარიდან მოლას კურსებზე. მე ისლამს ძალიან კარგად ვიცნობ. ისლამი არის კონსერვატორული რელიგია და ამის გამო მე მას პატივ ვცემ. თუმცა დღევანდელი ისლამი ქადაგებს რას?
თუ შენ მუსლიმანი ხარ, შენ არა ხარ ქართველი და ხარ თავიდან ბოლომდე თურქი. არიან იქ, რა თქმა უნდა, ეთნიკური ქართველები, მაგრამ მათთვის არსებობს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც გადაამოწმებს, რომ ეს ადამიანები არიან ეთნიკური ქართველები, არ არიან საშიშნი ქვეყნისთვის და მისცემენ მათ მოქალაქეობას.
მაგრამ საქმე იცით რაშია? ეს ყველაფერი არის ახალი ხელისუფლების ბრალი.
სააკაშვილი კი არ უნდა დადიოდეს და მოქალაქეობას კი არ უნდა არიგებდეს, ციხეში უნდა იჯდეს და დიდი ცოცხები უნდა ჰქონდეს მომზადებული. რომ დადის და ყეფს ხან სად და ხან სად, ამ მახინჯმა კოჰაბიტაციამ მოიტანა ეს შედეგი. უარესს უნდა ველოდეთ. ძალიან ცუდად არის საქმე, ძალიან, ასე ცუდად არასდროს არ ყოფილა საქმე საქართველოში. როდესაც აცხადებს ბიძინა ივანიშვილი, მე მივდივარო, ეს ნიშნავს, რომ ''ნაციონალები'' აპირებენ მოსვლას ისევ. კოჰაბიტაციის შედეგი ეს იქნება. ამ კოჰაბიტაციამ გააცოცხლა ეს ნაძირალები და შავი ჭირი, რასაც ''ნაციონალური მოძრაობა'' ჰქვია.
- სააკაშვილი რომ თურქებს მოქალაქეობას ურიგებს, მიშას ამ ხუშტურზე თურქეთის პოზიცია როგორია, ხომ არ იცით?
- ამათაც წყობთ, რადგან თურქეთის ნაციონალური პოზიცია ძალიან მძლავრია და ამით თურქეთს არაფერი ემუქრება. თურქეთი ეკონომიკურადაც ძლიერია და ცდილობს, დააფინანსოს ყველა ის სფერო, რომელიც საქართველოშია მათი მხრიდან ორგანიზებული. ეს ორმაგი მოქალაქეობა მათ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, ფრთები გაშალონ, იქნება ეს ეკონომიკა, საგანმანათლებლო სფერო თუ სხვა. თურქეთი ამ სიტუაციით იგებს ძალიან ბევრ რაღაცას, მაგრამ საქართველო აგებს და ამ პროცესს შემჩერებელი არ ჰყავს, როგორც ჩანს.
''ალიას'' ესაუბრება ''კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის'' თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი:
- რასაც აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან საშიში და სახიფათო პროცესია. ის თავისდაუნებურად აძლიერებს ისლამის საფრთხეს საქართველოში, რაც, თავის მხრივ, მიმართული იქნება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისკენ. თითქოსდა პატარ-პატარა მოქმედებებია, მაგრამ დიდი მიზნები აქვს ამას.
- რა მიზნებს გულისხმობთ?
- იმას, რომ რაც უფრო გაიზრდება საქართველოში ისლამის გაძლიერება, თავისი ისტორიული რელიგიის დასაცავად რაზე დაიწყებს ფიქრს მოსახლეობა? საქართველოს მოსახლეობას აბსოლუტურად დადებითად განაწყობს მართლმადიდებელი მეზობელი რუსეთის მიმართ, საუკუნეების მანძილზე ისტორიულად ასე ხდებოდა ხოლმე და ახლაც ასე მოხდება. შეიძლება ქართველმა ბევრი რამე დათმოს, მაგრამ მართლმადიდებლობის დასაცავად და შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა. ეს რუსეთის ინტერესებშიც შედის და ეს გეგმა თავიდან ბოლომდეა გაწერილი, დამუშავებული და კონკრეტული პირები, ხშირად სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის, ამ ყველაფერს ხელს უწყობენ. ამ საკითხზე მეტად აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ რაც გითხარით, სინამდვილეა.
- სააკაშვილმა ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრის დროს ერთ-ერთ პიროვნებაზეც ისაუბრა, საქართველოს პატრიოტია, საქართველოს აღმშენებლობაში უნდოდა მონაწილეობის მიღება, სასტუმროს აშენება ბათუმში, მაგრამ კონტრდაზვერვის სამსახურმა და წულუკიანმა არ მისცეს საქართველოს მოქალაქეობაო. როგორც გავარკვიეთ, ეს ადამიანი არის ილო კაკალაძე. რა შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს კონტრდაზვერვა, რომ ამა თუ იმ პირზე არ გასცეს მოქალაქეობა?
- კონტრდაზვერვას შეუძლია მოიძიოს ინფორმაციები ამა თუ იმ პირის საქმიანობაზე: აქვს თუ არა მას ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი? ''გაშავებულია'' სიაში თუ არა? კავშირი აქვს თუ არა რაიმე რადიკალურ რელიგიურ ორგანიზაციებთან და პოტენციური ტერორისტი ხომ არ არის? ხომ არ არის საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი პიროვნება?
ამ შემთხვევაში კონტრდაზვერვა აფრთხილებს შესაბამის უწყებებს, რომ ეს პიროვნება არის საშიში ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. თუმცა ეს ილო კაკალაძე ვინ არის, საერთოდ არ ვიცი.