რატომ სჯობია ევროპული ცივილიზაცია რუსულს

რატომ სჯობია ევროპული ცივილიზაცია რუსულს

ევრაზიული კავშირის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირველი განცხადება 2010 წელს გააკეთა. ოკუპანტი ქვეყნის მმართველი ევრაზიული კავშირით საბჭოთა კავშირის რეანიმაციას ცდილობს. სხვათა შორის, პუტინი დარწმუნებულია, რომ წითელი იმპერიის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო... ევრაზიული კავშირით, როგორც ექსპერტები ამბობენ, კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენის შენარჩუნება-დაბრუნებას ცდილობს. ამასთან, დამპყრობლური რუსული პოლიტიკის მამებს ევრაზიის კავშირით ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციის შექმნა სურთ, თუმცა ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ მცდელობიდან არაფერი გამოვა... რატომ არაა ევრაზიის კავშირში საქართველოს ადგილი და, საერთოდ, რატომ სჯობია ევროპული ცივილიზაცია ოკუპანტურს? - “ქართული სიტყვა” ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას ესაუბრა:

- პუტინი, კარგა ხანია, ევრაზიული კავშირის შექმნის მოწოდებით გამოდის. ზოგიერთი უცხოელი მიმომხილველი ამ კავშირის შექმნას საბჭოთა კავშირის აღორძინების შენიღბულ მცდელობად მიიჩნევს, იმ საბჭოთა კავშირისა, რომლის დაშლასაც პუტინმა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირი ნამდვილად ვერ გახდება.

- რატომ?

- რუსეთის მეზობელი ქვეყნების მოსკოვზე დამოკიდებულების გაზრდა საფრთხეს მხოლოდ მათ განვითარებას კი არა, საგარეო პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც შეუქმნის. ევრაზიული დერეფანი რუსების ჰეგემონიის შექმნა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, რა თქმა უნდა, მისაღები არაა, რადგან ეს იგივე იქნება, რაც საბჭოთა კავშირში შესვლა. რა მნიშვნელობა აქვს, ამ კავშირს დე-სე-თე-ს დაარქმევ თუ ევრაზიულ კავშირს? ამდენი სისხლი იმისთვის დაიღვარა და ამდენი წელი იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ თავი ისევ საბჭოთა კავშირში შევყოთ? ეს კი არადა, საქართველო დე-სე-თე-დან დროულად რომ გამოსულიყო, შეიძლება, რუსებს სამართლებრივი ბაზა აღარ ჰქონოდათ, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარეულიყვნენ.

- ბატონო გოგი, ზოგი თვლის, დე-სე-თე-დან რომ არ გამოვსულიყავით, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგული არ იქნებოდაო...

- დე-სე-თე-ში საერთოდ არ უნდა შევსულიყავით - ამ ორგანიზაციაში თავის დროზე 2 ხმის უმრავლესობით გავწევრიანდით. ისე, აფხაზებმა ქართული შიდა განხეთქილებით ისარგებლეს, თორემ ეს ტერიტორიები არ დაიკარგებოდა. ზვიად გამსახურდია ამბობდა, თუ გადამაგდებთ, აფხაზეთი დაიკარგებაო და ასეც მოხდა. რუსეთი კი, ყოველთვის სარგებლობს ავტონომიებით, რომ შენზე ზეწოლა მოახდინოს, ანუ ხელმძღვანელობს პრინციპით - “დაყავი და იბატონე”.

- მაინც, რატომაა რუსული ბუნება დამპყრობლური?

- რუსებმა მონღოლური კულტურა განავითარეს, 350 წელი ოქროს ურდოს ბატონობის ქვეშ იყვნენ და მათი პოლიტიკური კულტურა მონღოლურ წესზე გაიზარდა, რომელიც მიზნად საზღვრების უკიდეგანო გაფართოებას ისახავდა. რუსეთს არ შეუძლია უცხო ქვეყნებთან პარტნიორობა, რადგან მისი მიზანია ან იბატონოს, ან სხვისი მონა იყოს. ამაზე მარქსს აქვს გამოკვლევა, რომელსაც “ინგლისური დღიურები” ჰქვია, თუმცა ინგლისთან საერთო არაფერი აქვს, უბრალოდ, ინგლისშია დაწერილი. ეს არის რუსული სახელმწიფოებრიობის გამოკვლევა, სადაც მარქსი ამტკიცებს, რომ ყველაფერი უარყოფითი, რაც „ოქროს ურდოს“ ჰქონდა, ახასიათებს რუსეთს და ამიტომ რუსეთის იმპერია ევროპისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყანაა. სამწუხაროდ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ჩვენც რუსეთის ნაწილი გავხდით და ეს ნეგატივი ჩვენშიც ჩაჯდა, რასაც უნდა ვებრძოლოთ. იცით, რას გვიწოდებენ ევროპაში?! - ველურ ევროპას. მარქსის კვლევაში დამტკიცებულია, რომ რუსული სახელმწიფო შეიქმნა თათარ-მონღოლურ ტრადიციებზე. ერთის მხრივ, რუსებს სულიერ კულტურაში, მართლაც, ბევრი მიღწევა ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური, სოციალურ-იურიდიული, სამართლებრივი კულტურა რუსეთში ყოველთვის დაბალ დონეზე იყო. სოციალურ-პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის გამოხატულება და უკულტურობაა, როცა არ შეგიძლია, მეზობელს ურთიერთინტერესებიდან გამომდინარე ელაპარაკო. რუსები სხვა ქვეყნიდან ყოველთვის ითხოვენ, რომ მისი სატელიტი იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკაზე უარი უნდა თქვა და საშინაო საქმეებში რუსეთი უხეშად ჩაერიოს.

- ალბათ, სწორედ ამიტომაც განაცხადა რუსეთთან პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, ამ ეტაპზე რუსთთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვსო...

- ვიდრე ჩვენი მიწები რუსთის მიერაა ოკუპირებული, ასეც იქნება. რუსეთი თავის სიტყვებს, ცხადია, უკან არ წაიღებს და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ მოხსნის, ჩვენ კი, იმაზე ვერ წავალთ, რომ მათი დამოუკიდებლობა ვაღიაროთ - ამ აზრს ყველაზე პრორუსული და გამყიდველი ხელისუფლებაც არ შეეგუება. სააკაშვილი ხელისუფლებაში საერთოდ არ იყო, რუსეთი რომ გვეუბნებოდა, ან ჩვენი სატელიტი იქნებით, ან საერთოდ არ იქნებითო. რუსეთი, რაც უნდა კოჭი გაუგოროთ, არასოდეს დათანხმდება, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყოს, ანუ ყველაფერი მას უნდა შევუთანხმოთ და, რაც მთავარია, ძალოვანი სტრუქტურების პირველი პირები რუსეთის მიერ უნდა დაინიშნონ. ასე იყო შევარდნაძის დროს, მაგრამ როცა შევარდნაძემ დაინახა, რომ ამ გზით დაკარგულ ტერიტორიებს ვერ იბრუნებდა, დასავლეთისკენ გაიხედა - დაიწყო ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელება, რუსეთის ჯარების გაყვანის პროცედურა...

- ბატონო გოგი, მაინც, რითი სჯობია ევროპული ცივილიზაცია რუსულს?

- იდეალური სახელმწიფო არ არსებობს, ასევე, გასათვალისწინებელია, თუ რა ფასეულობებზეა სახელმწიფოს არსებობა დაყრდნობილი. გგონიათ, ევროპაში ქრისტიანობა შემთხვევით გავრცელდა? საქრისტიანო და ევროპა ერთმანეთის თანხვედრი მცნებებია, ანუ იმას, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს - ნების თავისუფლება, პიროვნების ფასეულობა, არა კაც კლა - ევროპული ცივილიზაციაც იზიარებს, რომელიც ქართულ თვითმყოფადობას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება პიროვნების პატივისცემას, სამართლებრივ ნორმებს, მინუსების მიუხედავად, მაინც დემოკრატიული წყობა ჯობია. აკი, ჩერჩილიც ამბობდა, არც დემოკრატიაა იდეალური წყობა, მაგრამ მასზე კარგი კაცობრიობამ ვერაფერი მოიგონაო.

- “ნაცმოძრაობა” ირწმუნება, ქვეყანა დემოკრატიის გზით მიმყავდა, ახალმა ხელისუფლებამ კი, რელსებიდან გადაიყვანაო...

- “ნაციონალები” კარგს, ნეტავ, რას იტყვიან? არადა, დემოკრატიაზე ხმა არ ამოეღებათ. მას შემდეგ, რაც ჩაიდინეს, მათი მხრიდან ვინმეს უფლებების დაცვაზე ლაპარაკი სასაცილოა. არც ახლანდელი ხელისუფლებაა იდეალური, მაგრამ მისი მადლიერი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ “ნაციონალები” მომაშორა!

- ბატონო გოგი, ბოლო დროს სტალინის ძეგლს ხან სად დგამენ და ხან - სად...

- სტალინის ძეგლი მის სახლ-მუზეუმთან უნდა იდგეს! სტალინი ორჯონიკიძეს ეუბნებოდა, მიდი, ბიჭო, აიღე თბილისიო... ბოლშევიკებმა 1921 წელს საქართველო ხელახლა დაიპყრეს და ამისი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი სტალინი იყო, რომელიც ტოტალიტარულ წყობას იდეალურად თვლიდა. მახსოვს პერიოდი, როცა ცენტრალური კომიტეტის შიშით, ჩიტი ვერ “გაიფაჩუნებდა”. ხალხში ტოტალური შიში სუფევდა... ევგენი მიქელაძე რომ არ დაეხვრიტათ, დღეს სხვა სურათი გვექნებოდა მუსიკაში, ლიტერატურა უკეთ განვითარდებოდა, რომ არ დაეხვრიტათ ტიციანი, პაოლო იაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი. ამით დიდი დარტყმა მიაყენეს ქართულ კულტურას და ამის შემდეგ როგორ შეიძლება, სტალინის ძეგლის დადგმა მოვიწონო, მაგრამ თუ ვინმე თავის ეზოში სტალინის ძეგლს დადგამს, რა უფლება მაქვს, დავუშალო? სტალინი ისტორიული ფიგურა იყო და მისი სახლს-მუზეუმი უნდა არსებობდეს, ისევე - როგორც ძეგლი.

- ბოლო დროს ძეგლების შეღებვაც მოდურია...

- ორჯონიკიძის ძეგლს სიამოვნებით შევასხავდი საღებავს - ამას იმსახურებს. ისე, ამ მხრივ რუსები ჩვენზე ჭკვიანურად მოიქცნენ - ბევრი კომუნისტური ბელადის ძეგლი კი არ დაამტვრიეს, მოხსნეს და მდინარე “მოსკვასთან” დააწყვეს.