საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას აიღარებენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. წლევანდელი მშპ-ს ზრდა ორნიშნასთან მიახლოებული იქნება, ხოლო 2024 წლის პროგნოზი შედარებით მცირე, მაგრამ საკმაოდ ოპტიმისტურია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის მიღწევებზე საერთაშორისო ტრიბუნიდან ისაუბრა. მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე, ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ზრდა მაღალია წელსაც და 2023 წლის იანვარ-ივლისში 7.2%-ს მიაღწია.
„ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა ახლაც მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისშიც.
საქართველოს, როგორც პასუხისმგებლობიანი გლობალური მოთამაშის პოზიცია, რომელიც წინ მიიწევს 2030 წლის დღის წესრიგით, აისახება მის მრავალრიცხოვან დარგობრივ პოლიტიკაში, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებას და ეკომეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას“, - განაცხადა სამიტზე პრემიერმა.
წლევანდელი შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. 2023 წლის აპრილ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ II კვარტალში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 2 017 დოლარი იყო. მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით ვაჭრობა (15.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6%) გამოირჩეოდა.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მთავარ პარამეტრებს ძალიან ოპტიმისტურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ დინამიკა სექტემბერ-ოქტომბერშიც შენარჩუნდება, რაც წლის ბოლოს კარგ შედეგს მოიტანს,
„ეკონომიკაში საკმაოდ კარგი ტენდენციებია, რაც საბოლოო მონაცემებზე დადებითად აისახება. საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებიც გვაქვს, რაც მოსალოდნელი იყო. წლის პირველ ნახევარში 7,5%-იანი ზრდა ძალიან კარგი და ოპტიმისტური ნიშნულია.
ბუნებრივია, რომ ეს ტემპი აისახა კიდეც ბიზნესის შემოსავლებზეც და გარკვეულწილად მოსახლეობის კეთილდღეობაზეც მოახდენს გავლენას. მით უმეტეს, მოსახლეობის ერთ სულზეც მშპ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
შეიძლება ვიმსჯელოთ რამ განაპირობა ეს შედეგი. პირველ რიგში, აღსანიშნავია მშენებლობაში მიღწეული შედეგი. გარდა ამისა, უძრავი ქონების ოპერაციებიც გააქტიურებულია. ასევე საინფორმაციო-საკომუნიკაციო მომსახურების ზრდაც შესამჩნევია. უფრო მეტად დაწინაურდა განათლების სფერო და სხვა. რამდენიმე ფაქტორია, რამაც ამ პერიოდში მშპ-ს საგრძნობი მატება განაპირობა.
ვფიქრობ, ეკონომიკა ტემპს თუ შეინარჩუნებს, ძალიან კარგ შედეგზე გავალთ. ველოდებით უკეთეს მოცემულობას. ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რა მაჩვენებელზე გავალთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ ტემპით სავსებით შესაძლებელია ორნიშნასთან მიახლოებული ზრდა“, - აღნიშნა სილაგაძემ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილმა შემოდინებამ და უმუშევრობის შემცირებამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის აღმასვლას, რის შედეგადაც აზიის განვითარების ბანკმა 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. ეს კი ბანკის მიერ აპრილში ნავარაუდევ 4.5%-იან პროგნოზს აღემატება.
„იმედისმომცემი ეკონომიკური ზრდა და მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა განუხრელად მიიწევს წინ გასული წლების კოვიდ-19-ის პანდემიისა და გეოპოლიტიკური მოვლენებით გამოწვეული დაბრკოლებების გადასალახად. საქართველოს შეუძლია მეტი სარგებელი მიიღოს კლიმატგამძლე განვითარების პოლიტიკის წარმოებითა და ინფრასტრუქტურაში, ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში კლიმატ-გონივრული გადაწყვეტილებების მხარდაჭერით“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კამელ ბუმადმა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მნიშვნელოვანი 15.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა - მშენებლობის, ხოლო 10.2%-იანი მომსახურების სექტორებში. მომსახურების სექტორში ზრდა გამოიწვია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში 14.0%-იანმა დაწინაურებამ, საცხოვრებელი და სურსათის მომსახურებაში 15.7%-იანმა, საინფორმაციო და კომუნიკაციების სექტორის 44.2%-იანმა და ხელოვნების, გართობისა და რეკრიაციის სექტორში 17.2%-მდე ზრდამ, უმეტესწილად ტურიზმის აღდგენის შედეგად.
ინფლაციის კლება 2023 წელს 3%-მდეა მოსალოდნელი, აპრილში ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად, რაც შედარებით სტაბილურმა ლარმა და ძლიერმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა.
მთავრობა კი უკვე მომავალზე ფიქრობს და 2024 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლად 5,2%-ს მიიჩნევს. როგორც 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორებიდან ხდება ცნობილი, საბაზისო სცენარით 2024 წელს რეალური მშპ 5,2%იქნება.
ნომინალური მშპ თანხობრივ გამოსახულებაში, საბაზისო სცენარით 2024 წელს 85 370,6 მლნ ლარს მიაღწევს (32 460,3 მლნ დოლარი), ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2024 წელს, სავარაუდოდ, 8 800,1 დოლარი იქნება.
რაც შეეხება ინფლაციას, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, საშუალო პერიოდის, 2,8%-ის დონეზე დაიგეგმება, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი, პერიოდის ბოლოს, 3%-ის დონეზე.