ცნობილი ამერიკელი მწერალი რიკ რიორდანი თავისი ბესტსელერი სერიის, პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები, ეკრანიზაციაში მონაწილე მსახიობების კრიტიკას ეხმაურება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს შავკანიანი მსახიობი ლეა ჯეფრისი განასახიერებს, მაყურებელთა ნაწილმა ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. საქმე ისაა, რომ ჯეფრისის პერსონაჟი, ანაბეთ ჩეისი, წიგნში აღწერილია ქერა, თეთრკანიან გოგოდ. თუმცა, რიორდანი, რომელიც სერიალის პროდიუსერიცაა, თვლის, რომ ანაბეთის როლზე შავკანიანი მსახიობის დამტკიცებით სერიალი უფრო ინკლუზიური გახდა.
"ჩემს შვილს დისლექსიისა და ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი) გამო სკოლაში სწავლა უჭირდა, მხოლოდ ბერძნული მითოლოგია უყვარდა", — ჰყვება რიორდანი, — "მე კი, თავადაც მასწავლებელმა, ბერძნულ მითოლოგიაზე ბევრი რამ ვიცოდი. ამიტომ, მისთვის ბერძნული მითების მოყოლა დავიწყე და როცა ამბები გამომელია, ახალი გმირი შევქმენი: თანამედროვე მოზარდი პერსი ჯექსონი, რომელსაც, ჩემი შვილის მსგავსად, დისლექსია და ADHD აქვს და იგებს, რომ ეს შეიძლება მის ნახევარღმერთობაზე მიანიშნებდეს.
"20 წლის შემდეგ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ამბავი ახლებურად დამენახა და დავრწმუნებულიყავი, რომ ის ყველა ბავშვამდე მივიდოდა; რომ ყველას შეეძლებოდა, სერიალი ენახა და იქ საკუთარი თავი ამოეცნო. სერიალი ახლა იმდენად ინკლუზიურია, რომ ყველას შეუძლია გმირი იყოს — წიგნიც ხომ, პირველ რიგში, სწორედ ამიტომ დავწერე. ჩემი შვილი სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო თავს გარიყულად გრძნობდა, მე კი ასე ვუთხარი, რომ ეს ნორმალურია, 'კარგად იქნები, განსხვავებულობა ძალას ნიშნავს, შენი ადგილი კი ამ სამყაროშია'".
თავის როლზე ისაუბრა მსახიობმა ლეა ჯეფრისმაც და აღნიშნა, რომ ეს სხვა გოგოებისთვის სამაგალითოც შეიძლება გახდეს.
"სხვანაირ ადამიანს ვასახიერებ, განსხვავებული თმისა და კანის ფერის მქონეს. ამ პერსონაჟის სხვაგვარად წარმოჩენა კი, შესაძლოა, შთამაგონებელი იყოს სხვა გოგოებისთვისაც".
მსახიობს რიორდანიც ეთანხმება, რომელმაც კრიტიკის შემდეგ ბლოგი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ჯეფრისი "მაგალითად იქცევა გოგოების ახალი თაობებისთვის, რომლებიც მასში სასურველ გმირს დაინახავენ".
ლეა ჯეფრისის გარდა, სერიალში მთავარ როლებს უოკერ სკობელი (პერსი) და არიან სიმჰადრი (გროვერი) ასრულებენ. ამასთან, ზევსის როლს ლენს რედიკი ითამაშებს, პოსეიდონს კი ტობი სტივენსი განასახიერებს.
ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზი საგის მიხედვით სერიალის გადაღება Disney+-მა ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დააანონსა. ამასთან, შარშანვე გავრცელდა სერიალის პირველი ტრეილერი, რომელსაც ფანების აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ეს პერსი ჯექსონისა და ოლიმპოელების პირველი ეკრანიზაცია არ გახლავთ. სერიის პირველი ორი წიგნი წინა ათწლეულში ფილმებადაც გადაიღეს, სადაც მთავარი გმირი ლოგან ლერმანმა განასახიერა. ორივე ფილმმა ჯამურად $425 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.
ხუთი წიგნისგან შემდგარი პერსი ჯექსონის სერიის გამოცემა რიორდანმა 2005 წელს დაიწყო. საგის ბოლო ნაწილი 2009 წელს გამოვიდა, თუმცა, სერია უკვე 600 კვირაზე მეტია, რაც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში პოზიციებს არ თმობს. მსოფლიოში წიგნების 180 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სერიის ხუთივე ნაწილი თარგმნილია ქართულადაც.
ოლიმპოელების საგის ახალი ეკრანიზაციის პრემიერა Disney+-ის პლატფორმაზე 20 დეკემბერს შედგება.