"შიმშილის თამაშების" ახალი ფილმი არნახულ სანახაობას გვპირდება 

"თქვენი ამოცანა ამ ბავშვების გადარჩენა კი არა, მათგან სანახაობის შექმნაა", — ეუბნება შიმშილის თამაშების ერთ-ერთი შემქმნელი კასკა ჰაიბოტომი ახალგაზრდა კორიოლანუს სნოუს, რომელსაც ღარიბი რაიონიდან ჩამოსული გოგოს მენტორობა ევალება.

მოკლედ, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პანემში. კომპანია Lionsgate-მა ლეგენდარული დისტოპიური საგის ახალი ფილმის კიდევ ერთი ტრეილერი გაავრცელა. ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე (The Ballad of Songbirds & Snakes) შიმშილის თამაშების ერთგვარი წინაისტორიაა. ფილმში, რომელიც კვლავაც სიუზენ კოლინზის რომანს ეფუძნება, მოქმედება ქეთნის ევერდინის ეპოქამდე ათწლეულებით ადრე ვითარდება და მომავალში პირსისხლიან ტირანად ქცეული კოლიოლანუს სნოუს ახალგაზრდობაზე მოგვითხრობს.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ტრეილერში ფილმიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი სცენა ვიხილეთ, მათ შორის, მე-12 რაიონელი შეწირული ლუსი ბერდისა და მისი მენტორი სნოუს შეხვედრა.

"კარგი ადამიანი ჩანხარ, კორიოლანუს სნოუ", — ეუბნება ტრეილერში ლუსი თავის მენტორს, რომელსაც მისი "სანახაობად" ქცევა ევალება. ეს ხომ პანემია.

შიმშილის თამაშების ახალ ფილმში ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობას ვიხილავთ. გარდა მთავარი როლების შემსრულებელი ტომ ბლითის და რეიჩელ ზეგლერისა, მასში ასევე მონაწილეობენ ოსკაროსანი ვაიოლა დევისი (რომელიც მთავარ ბოროტმოქმედს, რიგით მე-10 შიმშილის თამაშების შემქმნელ დოქტორ ვოლიუმნია გალს განასახიერებს), Euphoria-ის ვარსკვლავი ჰანტერ შაფერი და GOT-ის მსახიობი პიტერ დინკლიჯი.

შიმშილის თამაშების ტრილოგია, რომლის გამოცემაც სიუზენ კოლინზმა 2008 წელს დაიწყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიად იქცა. ამ დრომდე საგა 51 ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. წიგნების მიხედვით გადაღებულმა ოთხმა ფილმმა კი, ჯამში $3 მილიარდამდე გამოიმუშავა.

ბალადა მგალობელ ჩიტებსა და გველებზე მწერალმა 2020 წლის მაისში გამოსცა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და დაკეტილი მაღაზიების მიუხედავად, წიგნი პირველივე კვირაში ნახევარ მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. Lionsgate-მა კი რომანის ეკრანიზაციის სურვილი ჯერ კიდევ მის გამოცემამდე გამოთქვა.

შიმშილის თამაშების ახალი ფილმის პრემიერა 17 ნოემბერს შედგება.