ფასადური დემოკრატიის ფასადური კონკურსები

ფასადური დემოკრატიის ფასადური კონკურსები

ღია წერილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს

ქალბატონო თამარ, რადგან თქვენთან და თქვენს მოადგილეებთან შეხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ამისთვის არანაირი დრო არ გაქვთ გამოყოფილი, ვირჩევ თქვენდამი საჯარო მიმართვის ფორმას _ გიგზავნით ღია წერილს, იქნებ ასე მაინც მოგაწვდინოთ ხმა.

მოგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში, შესაძლოა, სხვა სასწავლებლებშიც, კვლავ ჩატარდა «ტრადიციულად ღია, გამჭვირვალე» კონკურსები. ამას ირონიით იმიტომ ვწერ, რომ ის უსამართლობა, რაც წლების წინ იყო გამეფებული კონკურსებთან დაკავშირებით, კვლავაც გრძელდება. ამ სასწავლებლებიდან საუბარი შემეძლო ტექნიკური უნივერსიტეტით დამეწყო, სადაც ფასადური კონკურსების ჩატარებისას, ტრადიციულად, არ ღალატობენ თავიანთ ხელწერას და საკონკურსოდ შერჩეულ კომისიას, რომელმაც არც კი იცის, თუ რა კრიტერიუმებით ირჩევს კონკურსანტს, მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აკისრია. მაგრამ მასზე მსჯელობა, რომელიც უმაღლეს სკოლებს შორის რეიტინგით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იმყოფება, როგორც მკითხველისთვის, ისე თქვენთვისაც ნაკლებად საინტერესო იქნება. ხოლო რაც შეეხება საუნივერსიტეტო სივრცეში «პარადის წამყვან» ბენდუქიძის თავისუფალ უნივერსიტეტს, ღირს მასზე შეჩერება.

მას შემდეგ, რაც ერის მამებმა საქართველოში განათლების სფერო მიზანმიმართულად უდაბნოდ აქციეს, ამ ფონზე თევზაძე-ბენდუქიძის იდეოლოგიით შექმნილი «პრივატიზებული» თუ დაფუძნებული «ოაზისები», ერთგვარ რეიტინგულ სასწავლებლებად წარმოჩინდნენ. ბუნებრივია, ჩნდება ინტერესი, თუ როგორ ატარებს ეს ხალხი საკუთარ სასწავლებლებში კონკურსს, რა ნიშნით ირჩევს პედაგოგებს? რამდენად ეძლევათ ადამიანებს პროფესიულ საქმიანობაში, თუნდაც კონკურსებში მონაწილეობით, საკუთარი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა? შეგიძლიათ დაინტერესდეთ მათი საქმიანობის ანატომიით და შეამოწმოთ, რომ კონკურსანტთა შეფასების არავითარი ობიექტური კრიტერიუმი არც ბენდუქიძის სასწავლებელს გააჩნია. გასაგებია, რომ ფიზიოგნომიკა შესაძლებლობას იძლევა, ადამიანის ჰაბიტუსიდან გამომდინარე, მისი წაკითხვა შევძლოთ, ან გრაფოლოგები, რომლებიც ახერხებენ ადამიანის ხელწერით მისი სულიერი მდგომარეობის დადგენას, მაგრამ რამდენად გამართლებულია, მხოლოდ წარმოდგენილი სილაბუსით შეაფასო კონკურსანტის შესაძლებლობები, რომელიც მისი უნარების წარმოჩენის მხოლოდ სეგმენტია? ამაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია. ასე რომ, ამ მხრივ, ბენდუქიძის კანტორაც ისეთივე მდგომარეობაშია ჩაყენებული, როგორც დღეს საქართველოში არსებული ბევრი სხვა უმაღლესი სასწავლებელი. ეს კი განათლების სფეროს იმ ცხრაწლიანი გეგმაზომიერი ნგრევის შედეგია, რომლის ნანგრევებიდანაც ვერა და ვერ ამოვსულვართ.

ფასადური დემოკრატიის ეპოქის პირმშოებს ფასადური კონკურსების ჩატარება ტრადიციულად დღესაც რომ არ უჭირთ, ეს უკვე ამჟამინდელი ხელისუფლების უუნარობის შედეგია. ამაში კი თავადაც დარწმუნდებით, თუ გაგიჩნდებათ სურვილი და გაერკვევით, რადგან ეს თქვენი მოვალეობაცაა: თუ როგორ, რა კრიტერიუმებით ხდება კონკურსანტთა შერჩევა, რამდენად დაცულნი არიან მასში მონაწილენი ვოლუნტარიზმისგან, ვქმნით კი ქვეყანაში რეალურად კონკურენტუნარიან გარემოს? რამდენად დაინტერესებულები ვართ, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში მოვიდეს ძლიერი, გონიერი, საქმის მკეთებელი ხალხი?

დღეს არავისთვის გაუმხელელ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ამბავი, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, კვლავ წინასწარ დაწერილი სცენარით წყდება თანამშრომლების მიღება-არმიღების საკითხი. ამიტომ არის, რომ კარგა ხანია, რაც ნეპოტიზმით, ფავორიტიზმით შუა საუკუნეებში დავბრუნდით. თუ მას წინა წლებში იდეოლოგიური საფუძველი მაინც გააჩნდა და ე. წ. მენტალური რევოლუციის შემოქმედნი, «სატრაპების» მეშვეობით კადრების შერჩევის საკითხს თავად წყვეტდნენ საკუთარი შეხედულებისამებრ, ამჟამად სამეცნიერო კადრებს არა პროფესიონალიზმის, არამედ პოლიტიკური ნიშნით და ე.წ. კომპლიმენტარული პრინციპით არჩევენ, რომელიც, რა თქმა უნდა, არც ადრე იყო უცხო ჩვენთვის. რას ნიშნავს ეს? ვისაც ოდესმე სახლში ძაღლი ჰყოლია, შეამჩნევდა, რომ ის არჩევანს აკეთებს თქვენთან სტუმრად მოსულ უცხო პირებს შორის. რატომღაც ზოგიერთების მიმართ დადებით ემოციებს ამჟღავნებს და მისი კომპლიმენტი სტუმრის მიმართ კუდის ქნევით გამოიხატება, ზოგიერთის მიმართ კი აშკარა აგრესია იწყება, ხანდახან იმდენად შემაწუხებელი, რომ აუცილებელია მისი იზოლაცია. ეს კიდევ უფრო უკეთ ადამიანებში შეინიშნება.

ნებისმიერი «ერთობის» შექმნას სწორედ კომპლიმენტარული პრინციპი უდევს საფუძვლად, სიმპათია ვიღაცის მიმართ და ანტიპათია ვიღაც სხვის მიმართ. ასეთ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, თუ ასეთ ადამიანებს რა აერთიანებს, რა არის მათი მისწრაფებები, აზროვნების ფორმა. მათი ინტელექტი, განათლება, ერთი შეხედვით, ისეთი დონის არაა, ფანატიზმიც უცხოა მათთვის, იმ ამოცანის ისე მარტივად გადასაწყვეტად, რასაც ისინი ახერხებენ _ დაიმონონ უბრძოლველად ყველა დანარჩენი, უარეს შემთხვევაში შეინარჩუნონ მათზე კონტროლი. არ არის აუცილებელი ეს ხალხი კორუმპირებული იყოს, ამ ადამიანებს შეზღუდული აზროვნება კარნახობთ, რომ განსხვავებული ნიჭისა და შეხედულებების ადამიანები ახლოსაც არ გაიკარონ.

ასეთები კი ჩვენ გვერდით მრავლად არიან, ყოველდღე გვეკონტაქტებიან: გვესალმებიან ზრდილობიანად, გვთხოვენ ასანთს, გვიყვებიან ანეგდოტს; შეუძლიათ სუფრასთან თითოეული ჩვენგანის სადღეგრძელო ლამაზი სიტყვებით გამოთქვან, მაგრამ თქვენ მათ კომპლიმენტებს ვერ დაიმსახურებთ, თუ მათი მსგავსი არა ხართ. მათთვის თქვენი ზრდილობა სიბრიყვეა, პატიოსნება _ უსუსურობა. მათში თქვენი ზნეობრივი ნორმები გაუცნობიერებელ სიძულვილს იწვევს, მათ შეუძლიათ ტყვიის გარეშეც მოგკლან, წაგართვან ყველაფერი, მათ შორის სამსახური, ულუკმაპუროდ დაგტოვონ ქუჩაში და არავითარი დისკომფორტი არ გაუჩნდეთ; გაუკვირდეთ კიდეც, თუ მათ მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამ. ხოლო მათ, ვისაც დასდებენ პატივს, ასეთ «მსხვერპლთმიმღებთა» მიერ შერჩეული ინდივიდი, როგორც გურჯიევი იტყოდა, ქმნილება ხდება. მარიონეტად გადაქცეული კი ვერ იაზრებს თავის უსუსურობას, თუნდაც თავზე გვირგვინი დაადგან და ხელში კვერთხი დააჭერინონ. ის შეიძლება კმაყოფილი იყოს (კმაყოფილი და არა ბედნიერი) თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ერთი ბანანით ან ერთი კარტოფილით მეტის შოვნა შეძლო, ვიდრე გუშინ, ან იმით, რომ თანამოძმეებმა დღეს მარტო პერანგი წაართვეს, ქუდი კი სამათხოვროდ შეინარჩუნა. ასეთ სუბიექტს, რაოდენ განათლებულიც არ უნდა იყოს, დაკარგული აქვს ღირსების გრძნობა, ძირითად ფასეულობათა აღქმის უნარი. განურჩევლად იმისა, იმსახურებდა თუ არა იმ ადგილს, რომელიც უკავია, ის მაინც ამას სხვას უმადლის. სინამდვილეში ეს ასეც არის. ასეთ შემთხვევაში, ასეთი ქმნილებებისგან შექმნილი კრებულები სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებისგან ყოველთვის შორს იქნებიან, ხოლო თუ რა უბედურება მოუტანა ასეთმა ყოფამ ჩვენს ქვეყანას _ შედეგი სახეზე გვაქვს.

აი, რატომ არის გათითოკაცებული და მიუსაფარი ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი, განურჩევლად პროფესიისა. ის უსამართლობისგან ყოველთვის იყო და იქნება არა მარტო დაუცველი, არამედ მიტოვებულიც თავისივე კოლეგების მიერ და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ სამოქალაქო საზოგადოების ანატომიაში არ გავერკვევით და ამ მოჯადოებული წრიდან ადამიანებს არ დავიხსნით.

გსურთ, გავაგრძელოთ ასეთი ცხოვრება? მაშინ, თუ არ გნებავთ, გამოსავალზე დროულად ერთად ვიფიქროთ?

ის, რომ აკადემიური თანამდებობების დაკავება კონკურენტუნარიან გარემოში უნდა ჩატარდეს, ხოლო კონკურსანტთა შერჩევა-შეფასება თავისუფალი უნდა იყოს ვოლუნტარიზმისგან, ამ მოთხოვნის დამკვიდრებისთვის თავადაც აქტიურად ვარ ჩართული, როგორც ჩემი პუბლიკაციებით, ისე პირადი შეხვედრებით, როგორც ბატონ გიორგი მარგველაშვილთან, ისე ბატონ გია დვალთან. მქონდა პატივი, ჩემს კოლეგებთან ერთად მათთან ამ პრობლემებზე მესაუბრა და მემსჯელა, მაგრამ ვეჭვობ, რომ თუნდაც ახლო მომავალში ამ საქმეს საშველი დაადგეს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს განათლების მინისტრი, რომელსაც, წინამორბედის მსგავსად, სამწუხაროდ, პულსი არ ესინჯება. მაშინ რა ვქნათ ასეთ დროს ქვეყნის მოქალაქეებმა, როდესაც ქვეყანაში კვლავაც ვოლუნტარიზმია გამეფებული, როდესაც ცალკეული ადამიანების ვიწრო პირადული ახირებებისა და სურვილების გამო ვანადგურებთ სამეცნიერო კადრებს, რომელიც დღითიდღე ისედაც საგრძნობლად მცირდება? როგორც წინა, ასევე თქვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ამდენი პროფესორი და მეცნიერი გარეთაა დარჩენილი, უნივერსიტეტები კი გავსებულია დილეტანტებით.

30-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც ბევრი თვალსაჩინო მოღვაწე რეპრესიულმა მანქანამ ფიზიკურად გაანადგურა, მე-20 საუკუნის მიწურულისა და 21-ე საუკუნის საქართველოში, თუ არ ჩავთვლით აკადემიკოს გურამ შარაძის იდუმალებით მოცულ მკვლელობას, ხელოვანებს, ინტელექტუალებს, მეცნიერებს ტყვიას არავინ ესვრის, მათ გამოკეტილ ოთახში, უბრალოდ, კარი გადაურაზეს.

მისი შედეგები კი სავალალო აღმოჩნდა მეცნიერების, განათლების სისტემისთვის და სრული კატასტროფა _ ქვეყნისთვის. ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაუსაძლისი პირობების გამო, ინტელექტუალური ელიტის ერთმა ნაწილმა მოასწრო და გავიდა ქვეყნიდან, სამშობლოში უფუნქციოდ დარჩენილები კი სულს ღაფავენ.

საკვირველი ისაა, რომ ჩვენი საზოგადოების განათლებული ნაწილი, რომელსაც სურვილი აქვს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის, დღეს შეშფოთებასაც კი არ გამოთქვამს განათლების სფეროში ინერციით მიმდინარე იმ იდეოლოგიის მიმართ, ქვეყნისთვის სასიცოცხლო სივრცის გადაკეტვა კვლავაც რომ შეუძლია.

მოგეხსენებათ, საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარე მენტალური რევოლუციის მთავარი სამიზნე საზოგადოებაში ძველი, «დრომოჭმული» მენტალიტეტი აღმოჩნდა. მისი შეცვლის აუცილებლობა შემდგომი პროგრესის აუცილებელ პირობად დაისახა. საზოგადოების შეცვლას კი მასში არსებული ღირებულებები უშლიდა ხელს, ეს ღირებულებები კი ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია ენასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან.

ბატონი კახა ლომაიას მინისტრობის დროიდან მოყოლებული განათლების სისტემაში კლანურმა მმართველობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. წლების განმავლობაში მკაცრად განსაზღვრული იდეოლოგიური წნეხის ქვეშ დგინდებოდა «ჩემიანი». «ჩემი კლანის კაცი» _ აი, ასეთი პრინციპით ხდებოდა «ვარდისფერ საქართველოში», რომელიც სულ უფრო წითლდებოდა, საზოგადოებრივი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში კადრების შერჩევა. ასე იყო, რა თქმა უნდა, კომუნისტების დროსაც, მაგრამ წინა ხელისუფლებამ, ამ მხრივ, წარმოუდგენელი საქმეები აკეთა. გარდა საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირებისა და მათ მიერ შერჩეული კადრისა, სხვა აღარავინ არსად გაიკარა, თუნდაც იგი დარგის უთვალსაჩინოესი სპეციალისტი ყოფილიყო. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ბევრი უცოდინარი და არაპროფესიონალი ადამიანი მოხვდა თანამდებობაზე. დღესაც ისინი არიან წარმოდგენილნი უნივერსიტეტებში, თვითმმართველობებში, ხელისუფლებაში, პარლამენტში.

დიდი გულისტკივილი მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მენტალური რევოლუციისგან «ჩარეცხილი» ჩემი კოლეგების მრავალწლიანი ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის, კარგა ხანია, კაზუისტიკაშია მოქცეული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წლების განმავლობაში «ფასადური დემოკრატიისთვის», «გამჭვირვალე» კონკურსების წყალობით, ქუჩისთვის გამეტებულ პროფესორ-მასწავლებელთა დაჟინებული მოთხოვნა, გადასინჯულიყო და მისცემოდა სამართლებრივი შეფასება პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებულ, ფაქტობრივად, არშემდგარი კონკურსების შედეგებს, დღემდე არ განხორციელდა. არადა, ბრძოლა უსამართლობასთან, დიდი ხანია, თავის ლოგიკურ დასასრულს ელოდება.

ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ ამ ადამიანების მიერ «ჩადენილი დანაშაული» ქვეყნის წინაშე ის იყო, რომ არ შეიძლებოდა მათი განათლების სისტემასთან მიკარება და ამიტომაც დაითხოვეს სამსახურებიდან, რადგან, როგორც თვითონ, ისე ხშირ შემთხვევებში მათი სპეციალობებიც, ხელისუფლების მიერ შექმნილ პროკრუსტეს სარეცელზე არ ეტეოდა.

ამიტომ სამართლიანობის აღდგენა მოითხოვდა, გარკვეულიყო და დადგენილიყო იმ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხიც, თუნდაც მორალურის, ვინც წლების განმავლობაში, სხვებს მათთვის წინასწარ დაწერილი სცენარით კონკურსებს უტარებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ასეთ კომისიებს დროდადრო კვალიფიციურ სპეციალისტებსაც შეურევდნენ ხოლმე, მაგრამ მათი უპრინციპობა დანაშაულზე უფრო მეტად შეფასდა.

თქვენ რომ თავის დროზე ეს ადამიანები გემხილებინათ, დღეს იმავეს სხვები ვეღარ გაბედავნენ. განმეორებისგან კი დაზღვეულნი არც მომავალში ვართ.

ერთადერთი, რაც თქვენმა წინამორბედმა, დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა განათლების მინისტრად ყოფნის დროს, ის იყო, რომ მოგვიწოდა: პრობლემის გადაწყვეტა უნივერსიტეტების ადმინისტრაციასთან «შინაურული მოლაპარაკებით» მიგვეღწია. მაგრამ, როგორც ვნახეთ, სამართლიანობის აღდგენა მაინც ვერ მოხერხდა. ვერც მოხერხდებოდა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ საქმე გვაქვს არა ერთეულ შემთხვევებთან, არამედ მსოფლმხედველობრივი პრობლემებით შექმნილ მასობრივ დანაშაულთან. ის ხელისუფლება იქცეოდა ისე და შედეგიც მიიღო ისეთი, როგორსაც მას მისი იდეოლოგია კარნახობდა.

ამიტომ, უწინარესად, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა უნდა შემუშავებულიყო განათლების სფეროში, სადაც ეროვნულობის პრიორიტეტი მკაფიოდ იქნებოდა განსაზღვრული და განმარტებული და, რაც მთავარია, საზოგადოებისთვის გასაგები: ვემიჯნებით იმ იდეოლოგიას თუ მსოფლმხედველობას, რომელიც წლების განმავლობაში იყო დღემდე მოყვანილი, თუ ინერციით მას კვლავაც ვაგრძელებთ? ხოლო თუ ვემიჯნებით, მაშინ სამართლიანობის აღდგენისთვის აუცილებლობა მოითხოვდა, დღემდე ჩატარებული კონკურსები განათლების სფეროს ყველა რგოლში ბათილად გამოცხადებულიყო, რათა ჩატარებულიყო ახლიდან.

ჩვენ, ყველანი ველოდებოდით, რომ თსუ გახდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შემდგომ დაიწყებოდა რადიკალური ცვლილებები. მერე რა შეიცვალა ამით?! მივიღეთ უარესი. 2013 წლის 11 სექტემბრის თქვენი ბრძანებით დამტკიცებული თსუ-ს წესდებით, 2014 წლის ბოლომდე არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ, ვისაც სამეცნიერო ხარისხი არ აქვს (დეკანი, რექტორი) და არაა არჩეული აკადემიურ თანამდებობაზე, დატოვებენ სავარძლებს...

ასე რომ, უნივერსიტეტებში კოაბიტაციის პერიოდი არათუ მთავრდება, არამედ გადამწყვეტ ფაზაში შედის...

არადა, თქვენ გქონდათ სრული უფლება, გამოგეყენებინათ თუნდაც ის გარემოება, რომ პარლამენტში შემოტანილი კანონპროექტით უქმდება ე. წ. სრული პროფესორის თანამდებობა და მის ნაცვლად რჩება ის, რაც იყო უწინ. ამიტომ შეგეძლოთ, თუნდაც ამ მიზეზით, ხელახლა გამოგეცხადებინათ კონკურსები, პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად. შესაბამისად, გადახალისდებოდა სხვა რგოლებიც. ჩვენ გვჭირდება «გამჭვირვალე» კონკურსები არა ვინმესთვის «ფასადური დემოკრატიის» საჩვენებლად, არამედ ობიექტურად ჩატარებული კონკურსები ქვეყანაში კონკურენტურანიანი გარემოს დასამკვიდრებლად.

ამ მხრივ კი თუ სხვათა მიბაძვა და გამოცდილების გაზიარებაა აუცილებელი, უცხო კულტურებიდან იქნებ ის მაინც გადმოვიღოთ, რაც მართლაც დასაფასებელია და ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას ასე სჭირდება.

მოგეხსენებათ, დღესდღეობით ამერიკულ კულტურაში ღირებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძირეული კონკურენტულობა და წარმატებულობაა. პოლიტიკაში, სპორტში, ბიზნესში, სკოლასა და ყოველდღიურ ყოფაში ამერიკელები თამაშობენ, სწავლობენ, შრომობენ თუ იბრძვიან, ამას აკეთებენ მხოლოდ გამარჯვებისთვის. ეს იმ ენერგიის დაუშრეტელი წყაროა, რომლის წყალობითაც ამერიკა ზესახელმწიფოდ იქცა. სხვა ქვეყნების კულტურაში კონკურენტულობის, როგორც ღირებულების, ასეთი მძაფრი განცდა სრულიად უცხოა.

იქნებ ჩვენც დაგვემკვიდრებინა საზოგადოებრივ ცხოვრებაში კონკურენტულობა, როგორც ღირებულება, არა ვინმეს თვალის ასახვევად, არამედ როგორც ქვეყნის აღორძინების უმთავრესი პირობა.

საამისოდ კი, სულ ცოტა, უნდა შემუშავდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ გარკვეულ კრიტერიუმებზე დამყარებული, «საყოველთაო ჭეშმარიტებაზე» დაფუძნებული ხარისხის შეფასების მექანიზმი. გასაგებია, რომ იგი ყველას «ინდივიდუალურ ჭეშმარიტებებს» ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ მოგვცემს შესაძლებლობას, როგორც უმაღლესი სასწავლებლების სწავლების ხარისხი, ისე იქ დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაცია დადგინდეს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვოლუნტარიზმისთვის ადგილს აღარ დატოვებს. ამ მხრივ, უდავოდ დასაფასებელია, რასაც მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მეცნიერი, ბატონი გია დვალი აკეთებს, მაგრამ ჩვენი ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე ის კრიტერიუმები, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში არის მიღებული, აუცილებლად საჭიროებს კიდევ დამატებით სხვა დამცავი მექანიზმების მოფიქრებასაც, რათა უზრუნველყოთ სამ ამოსავალ პრინციპზე დაფუძნებული აკადემიური სისტემის წარმატებულობა:


1) აკადემიური თავისუფლება;


2) აკადემიური მიუკერძოებლობა;


3) აკადემიური ხარისხი.


ამ სამი კონცეფციის საყრდენ და დამცავ მექანიზმს წარმოადგენს ტენუარის (ტენურე) ინსტიტუტი (ანუ ტენუარის სისტემა).

საუნივერსიტეტო მოწყობის ეს სისტემა, დიდი ხანია, მოწინავე მსოფლიო სტანდარტია, მაგრამ იგი დღემდე არ დანერგილა საქართველოში. ეს, რა თქმა უნდა, არ არის იოლი საქმე. იმედია, საზოგადოება ამ თემას კიდევ უფრო მეტ დროს დაუთმობს და განსჯის საგნად აქცევს: თუ ვის შეიძლება ვანდოთ თითოეულმა ჩვენი პროფესიული საქმიანობის შეფასება. განათლების სისტემის ძირეულმა რეფორმირებამ უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, განათლების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას, რათა ჩვენი შვილების აღზრდა მივანდოთ არა შემთხვევით პირებს, არამედ დარგის საუკეთესო სპეციალისტებს.

ქართული ანდაზა ამბობს: «ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს რომ იწველებაო». ობიექტურად ჩატარებული კონკურსები და არჩევნები, ერთის მხრივ, არ მისცემს «თვითკმაყოფილების» უფლებას გამარჯვებულს, ხოლო დამარცხებული, რომელსაც უყვარს თავისი პროფესია, სამომავლოდ უკეთ მომზადებული, კვლავაც შეეცდება, იბრძოლოს მომდევნო კონკურსში გამარჯვებისთვის.


იმედია, დამეთანხმებით, რომ პრობლემის გადაჭრის ეს გზა, არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეიძლება შეფასდეს ვინმეს მიერ და არც ხელების გადაგრეხად. თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ასეთი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მოწინააღმდეგენი, როგორც სხვა სფეროში, განათლების სისტემაშიც მრავლად არიან, ე.წ. ყვარყვარეების, «ადამიანი ფლუგერების» სახით, რომლებიც, საითაც ქარი ქრის, იქით ირხევიან. ეს კი ტიპიური აღმოსავლური ფენომენია და დასავლური კულტურა მას, როგორც ასეთს, არ იცნობს. საზოგადოების ამ კასტის აქტიურობა ყველა დროში, ნაცნობ-მეგობრების მხარდაჭერით, ახერხებდა მოვლენების ეპიცენტრში ყოფნას და ამით, სულ ცოტა, ხელშეუხებლობას მაინც აღწევდა, ნამდვილად სულისშემძვრელია. პოეტის სიტყვებით თუ ვიტყვით: «რაც იყო გუშინ, რაც გუშინწინ, ის არის დღესაც, ისევ ავარდა მედროვეთა მდარე მაზანდა».

რადგან მხოლოდ ერთი მიმართულებით გონების ვარჯიში, «ააწყო საკუთარი ცხოვრება, როგორც გიტარა» და ქვეყნის და სხვათა ბედი ფეხზე დაიკიდო, არ არის საკმარისი პირობა ამ ადამიანების კვალიფიკაციის შესაფასებლად. კონკურენტურანიანმა გარემომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ეს უნარ-ჩვევები რუდიმენტული უნდა გახადოს.

ვიმედოვნებ, კონკურსებში მონაწილეობის მიღების სურვილი ასევე არ ექნება მათ, ვინც თავს დარგის სპეციალისტად არ მიიჩნევენ, მაგრამ საკუთარი ამბიციით არც სხვებს აწუხებენ.

დასასრულს, მინდა გკითხოთ: ვითხოვთ რამეს შეუძლებელს? ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დადგინდეს, ის, რაც წლების განმავლობაში განათლების სისტემაში ხდებოდა, რამდენად შესაძლებელია ამ საკითხებში გარკვევა? ვინ ან რა არის დამნაშავე? ძნელია მათი გადაწყვეტა? იქნებ მისი განხორციელება დიდ ინვესტიციას და გრანტებს თხოულობს? მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, _ არა. ეს მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რომელიც არ გაგაჩნიათ. ფაქტია, რომ კოაბიტაცია გუშინდელი ოპონენტის გამოცდილების გაზიარებასაც გულისხმობს და რა გასაკვირია, რომ თქვენც გსურდეთ, შეინარჩუნოთ ის ვერტიკალი, რომელიც ყველა რეჟიმის გუნდრუკისმკმეველი მედროვეების მეშვეობით საზოგადოების მოაზროვნე ნაწილის უსიტყვო მორჩილებას უზრუნველყოფს.

მაშინ ვის ვუტოვებთ ასპარეზს, ვისი ან რისი იმედი უნდა გვქონდეს? სადამდე შეიძლება ვითმინოთ განუკითხაობა?

დაველოდები თქვენს პასუხს, იმედია, გაერკვევით შექმნილ სიტუაციაში და მიიღებთ ქმედით გადაწყვეტილებებს, ამასთანავე, ვიტოვებ უფლებას ასეთივე ღია წერილით მივმართო პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქართულ საზოგადოებას. ეს თემა უნდა გასაჯაროვდეს და მსჯელობის საგნად იქცეს, რათა საქართველოში ხელოვანებს, ინტელექტუალებს, მეცნიერებს წლების წინ გადარაზული კარი გაეხსნათ და ამით ფეოდალიზმი და ფეოდალური აზროვნება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

პატივისცემით,


გიორგი მჭედლიშვილი,


პროფესორი