ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი "ოცნებას" კახი კალაძეს გადააბარებს?!

ენერგეტიკის მინისტრმა, შესაძლოა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელოს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანანმდებობაზე კახი კალაძე წარადგინოს.

წყაროს ცნობით, პრემიერს სურს, რომ პარტია ენერგეტიკის მინისტრს ჩააბაროს და ის ამ პოსტზე, პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ იქნას არჩეული.

„მმართველ გუნდში ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. პრემიერი პარტიას კახი კალაძეს ჩააბარებს, რომელსაც ძალიან ენდობა და პატივს სცემს“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობის პარალელურად, კახი კალაძეს მოუწევს თუ არა პარტიული ფუნქციების შეთავსება, ამ საკითხის გარკვევას, for.ge საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირინე იმერლიშვილთან შეეცადა, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანია.

კანონმდებელის განმარტებით, ამ ეტაპზე, პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავს და საპატიო თავმჯდომარის პოსტს ბიძინა ივანიშვილი იკავებს.

„პარტიის პოლიტსაბჭო 21 წევრისგან შედგება. პარტიას პოლიტსაბჭო მართავს, რადგან „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ თავმჯდომარე არ ჰყავს, როგორც ეს სხვა პარტიების შემთხვევაშია. მოგეხსენებათ, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია, რომელიც წესდებით, პარტიას არ ხელმძღვანელობს“, - განმარტავს დეპუტატი.

ირინე იმერლიშვილის განცხადებით, თუ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, რომ პარტიას თავმჯდომარე ჰყავდეს, ამ შემთხვევაში, წესდებაში ცვლილება უნდა შევიდეს და ამას პარტიული ყრილობის ჩატარება სჭირდება.

„პარტიის აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანია და თუ პარტიის თავმჯდომარის არჩევას გადავწყვეტთ, ამ შემთხვევაში, ყრილობის ჩატარება და წესდებაში შესწორებების შეტანა მოგვიწევს“, - განაცხადა იმერლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ for.ge-სთან საუბარში, მმართველი გუნდის წევრები პარტიის ხელმძღვანელის არჩევას მიესალმებიან და ამბობენ, რომ პარტიას თავმჯდომარე სჭირდება, რადგან „პოლიტსაბჭოს 21-ვე წევრი თავის ჭკუაზე დადის“.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად, 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა, რომლის თავჯდომარე მანანა კობახიძე იყო.