შინაგან საქმეთა მინისტრი ბელარუს კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ბელარუს კოლეგას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 სექტემბერს ბელარუსში ვიზიტს აგრძელებს. მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს იგორ შუნევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, არალეგალურ მიგრაციასთან, ნარკოდანაშაულთან და ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თემატური მუშა ჯგუფების ფორმატში პრობლემურ საკითხებს ერთობლივად განიხილავენ. სამომავლოდ, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ახალი შეთანხმების დადება იგეგმება.

მინისტრებმა „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას მოაწარეს ხელი.

ბელარუს კოლეგასთან შეხვედრამდე ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს ვლადიმერ ვაშჩენკოს შეხვდა. მხარეებმა ყოველწლიური თანამშრომლობის გეგმაზე ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის ექსპერტების დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეც-დანიშნულების ქვედანაყოფი მოინახულა. მინისტრმა ბელარუსის შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.