მნიშვნელოვანი ნაშრომი ეროვნული ეკონომიკის ყველაზე მოწყვლად სექტორზე - „საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები“
(რეცენზია რევაზ ასათიანისა და პაატა კოღუაშვილის მონოგრაფიაზე
აგრარული მეცნიერების აღიარებული მეცნიერების - ბატონების რევაზ ასათიანისა და პაატა კოღუაშვილის მონოგრაფია ეძღვნება ეროვნული ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს დარგში - სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებსა და პოტენციალს, განვითარების პერსპექტივებს.
ავტორებს არა მარტო გაცნობიერებული აქვთ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მკვეთრი ზრდა, შრომის მწარმოებლურობის ამაღლება აგრარულ სექტორში, აღნიშული კომპონენტით საგარეო სავაჭრო ბალანსის მკვეთრი გაუმჯობესება და როგორც შედეგი, საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის თავისებური სტიგმის - „ეროვნული ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლის“ - დაძლევა, არამედ საზოგადოებას, პირველ რიგში, ხელისუფლებას უზიარებენ საკუთარ სისტემურ და კომპლექსურ ხედვებს, თუ რა გზით, როგორ და რა რესურსებითაა შესაძლებელი, რა დროშია მიღწევადი ზემოხსენებული სტიგმის დაძლევა და აგრარული სექტორის საქართველოს ეკონომიკის ძლიერ რგოლად გადაქცევა.
მონოგრაფიის ავტორები აგრარული სექტორის განვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს - ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას. - სასურსათო უსაფრთხოებას, სურსათით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის ამაღლებას ავტორები თვლიან ეროვნული უშიშროების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად.
ბ-ბი რ. ასათიანი და პ. კოღუაშვილი მიიჩნევენ, რომ დასახული მიზნების რეალიზაცია ორ ეტაპადაა განსახორციელებელი: პირველ ეტაპზე ( 2023-2026 წწ.) უნდა მოხდეს დარგის მთავარი წარმოების საშუალების და ფაქტორის - მიწების ინვენტარიზაცია, მათზე დაფუძნებული წარმოების რეაბილიტაცია-განვითარება; მეორე ეტაპზე (2027-2030 წწ.) კი განსახორციელებელია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, სოფლის მეურნეობის მაღალტექნოლოგიურ დარგად ტრანსფორმაცია და უპირატესად ინტენსიური გზით განვითარების უზრუნველყოფა.
აგრარული სექტორის წინაშე არსებული პრობლემები მონოგრაფიაში წარმოჩენილია კომპლექსურად, ხატოვნად რომ ვთქვათ, „სამ განზომილებაში“, ამ პროცესში მასში ჩართული სუბიექტებისა და ინსტიტუტების როლისა და ფუნქციების ჩვენებით. აღსანიშნავია, რომ საკითხს ისინი განიხილავენ არა მარტო ეკონომიკურ, არამედ ფილოსოფიურ ასპექტშიც (ნაშრომის ერთერთი პარაგრაფის მრავლისმეტყველი სახელწოდებაა „მიწის როლი ქართულ ცნობიერებაში“). საუბრობენ რა აგრეთვე მიწისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართებაზე, მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებასა და ამ კუთხით იმ გამოწვევებზე, რაც თანამედროვე ეპოქას მოაქვს ზოგადად, კერძოდ კი - ჩვენი ქვეყნისათვის.
დიდძალი სტატისტიკური მასალა მონოგრაფიის ავტორებს ეხმარება რელიეფურად წარმოაჩინონ მიწათსარგებლობაში არსებული მდგომარეობა, მიწათმოწყობის პრობლემები, მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ზოგადად ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარება. განსაკუთრებით საყურადღებოა ავტორთა მოსაზრება სახელმწიფოს როლზე მიწათსარგებლობის ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ საკითხებზე. ავტორები ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამენ, რომ მიწის საკითხი და მისი გადაწყვეტა ორგანულად უნდა გამომდინარეობდეს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და საზოგადოებრივი მიზანშეწონილობიდან. ამასთან, თავიანთი პოზიციის გასამყარებლად იშველიებენ სხვადასხვა მოწინავე ევროპული ქვეყნის (გერმანია, შვეიცარია, ავსტრია) მიწათსარგებლობის გამოცდილებას.
ბატონები რ. ასათიანი და პ. კოღუაშვილი ხაზს უსვამენ მაღალ კორელაციას მიწათსარგებლობის ეფექტიან გამოყენებასა და სოფლის, როგორც აგრარული სექტორის, მთელი ქვეყნის სიძლიერის საძირკვლის განვითარებას შორის, იმ როლს, რაც აგრარული სექტორის განვითარებაში შეუძლია შესრულოს ინკლუზიურმა სამეწარმეო განვითარებამ და თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებამ. ნაშრომი უხვად შეიცავს რეკომენდაციებს ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით კოოპერაციის შესაბამისი მოდელის ფორმირებისათვის, აგრეთვე სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის (კოოპერაციაზე დაფუძნებული ეფექტიანი საზღვარგარეთული მოდელების ადაპტირება ქართულ რეალობასთან, სათემო კოოპერატივებისთვის უპირატესობის მინიჭება, სოფლისათვის საძოვრების, სათიბების, წყლის და ტყის ფონდის, აგრეთვე საერთო სარგებლობის სამეურნეო თუ კომუნალური ინფრასტრუქტურის უვადო სარგებლობაში დაბრუნება და სხვ.), სოფლის (თემის), როგორც სრულფასოვანი სამართალსუბიექტის სტატუსის აღდგენა და ა.შ.
სოფლის მეურნეობის, მთლიანად აგრარული სექტორის განვითარების მაგისტრალური ხაზი, ავტორთა აზრით, გადის ამ სფეროს მოდერნიზაციაზე, თანამედროვე მოთხოვნილებების დონეზე გაყვანაზე. ამ სფეროს დაჩქარებული განვითარება და საქმიანობისა და ინვესტიციების სტიმულირების გაზრდა საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა: ა) მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები; ბ) სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემა და ფერმერული მეურნეობებისათვის იაფ კრედიტზე ხელმიწვდომობა; გ) აგროდაზღვევა; დ) იაფი საწვავი; ე) ინოვაციური ტექნოლოგიები.
აღნიშნულის მისაღწევად ავტორები გვთავაზობენ 2030 წლამდე სამოქმედო მეგაპროექტს, რომლითაც უნდა შეიქმნას „სპეციალიზებული/აგრარული საინვესტიციო ფონდი“ სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით, განხორციელდეს ქვეყნის საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების ორიენტაცია აგროსასურსათო სექტორის მაღალტექნოლოგიურ დარგად ტრანსფორმაციისათვის; შეღავათიანი რეჟიმების შემოღება ამ სფეროში დაფუძნებული ქართულ-უცხოური კომპანიებისათვის, სპეციალიზებული აგროინოვაციური, აგროტურისტული, აგროსასწავლო, აგროინდუსტრიული და სხვა ზონების შექმნა ქვეყნის რეგიონული მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
აღნიშნული მონოგრაფია არ არის რიგითი სამეცნიერო პუბლიკაცია. - იგი გარკვეული წესით, უმაღლეს აკადემიურ დონეზე მომზადებული და შემოთავაზებული ხელისუფლების სამოქმედო პროგრამაცაა. - სწორედ ხელისუფლების მხრიდან ყურადსაღები და გასათვალისწინებელია ისეთი რეკომენდაციები სოფლის განვითარებისთვის, როგორებიცაა სოფლისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და სოფლის მართვის არჩევითი ორგანოს – სოფლის საბჭოს აღდგენა; სოფლისათვის, როგორც იურიდიული პირისათვის, ქონების ფლობის და უვადო სარგებლობის უფლების დაბრუნება, სოფლის ვალდებულება ნიადაგის ნაყოფიერებისა და გარემო პირობების შენარჩუნება/გაუმჯობესების თაობაზე და სხვ.
აღნიშნული მონოგრაფია, მისი კომპლექსური ხასიათის, თეორიული დასკვნებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების გათვალისწინებით სამაგიდო წიგნი უნდა გახდეს არა მარტო აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის, არამედ მათთვისაც, ვინც ქვეყანაში დაკავებულია აგრარული პოლიტიკის შემუშავებით და რეალიზაციით. მონოგრაფიის გამოყენება მიზანშეწონილად მიგვაჩნია აგრეთვე ეკონომიკური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა თემის სწავლებისას.
P.S საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 03.08.2023 N 109 ბრძანებით მონოგრაფია ,,საქართველოს სოფლის მეურნეობა“- „გამოწვევები და პერსპექტივები“ აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო ნაშრომად აგრარულ სფეროში.
იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი.
რევაზ გოგოხია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი.
ელგუჯა მექვაბიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი.