მამუკა არეშიძე:

მამუკა არეშიძე: "ივანიშვილთან საკმაოდ სერიოზული ძალები მუშაობდნენ ჩემს წინააღმდეგ"

"ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს ფორმატი. ჩვენ გაფრთხილებულები არ ვიყავით, რომ სატელევიზიო ჩართვა იქნებოდა. რომ მივდიოდი, სრულიად შემთხვევით გზაში გავიგე. გარდა ამისა, ჩემს მოსაწვევს ეწერა, რომ ეკონომიკური ექსპერტების შეკრებაზე ვარ დაპატიჟებული. რამდენჯერმე ვცადეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გამერკვია, მე რა შუაში ვარ, მაგრამ დაიჟინეს, გინდა თუ არა უნდა მობრძანდეთო და მივედი. აქედან გამომდინარე, თავიდანვე შეიქმნა გაურკვევლობა და ეს გაურკვევლობა მერე გაგრძელდა. ჩემთვის მოულოდნელი იყონ ფორმატი, როცა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით გვესაუბრებოდა პრემიერი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მისი სამსახურების მიერ მომზადებული ტექსტი და ეს არ იყო მთლიანობაში განხილული", - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე: "ივანიშვილთან საკმაოდ სერიოზული ძალები მუშაობდნენ ჩემს წინააღმდეგ".

"უნდა გითხრათ, რომ ჩემი იქ მისვლის პირველივე დღიდან 2011 წლის დეკემბერში, იმ დროიდან მოყოლებული საკმაოდ სერიოზული ძალები მუშაობდნენ ჩემ წინააღმდეგ. მიზეზებიც ვიცი და გვარების დასახელებაც შემიძლია, მაგრამ არ მინდა ეს გვარები დავასახელო, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩემთვის. ამან განაპირობა ხშირ შემთხვევაში ჩემსა და პრემიერს შორის კამათები და გაუგებრობაც კი. თუმცა უნდა ითქვას, რომ პრემიერს აქვს საკმაოდ საინტერესო ხასიათი - მას შეტევაც შეუძლია და როცა საჭიროა თავის შეკავება და უკან დახევაც. აი, სწორედ ამ რეჟიმში ვმუშაობდით მთელი წლის განმავლობაში. ვერ ვიტყვი, რომ ეს დალაგებული ურთიერთობა იყო, მაგრამ საქმე კეთდებოდა - განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც მისივე ინიციატივით შედგა. ეს იყო ეროვნებათა სახლი, რომლის ხელმძღვანელიც მე ვიყავი. ამ ფორმატში საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით. შემდეგ რაც შეეხება ჩემი კანდიდატურის წამოყენებას გარდაბნის მაჟორიტარად, მე ვიცი, როგორ მოხდა ეს შერჩევა და ვიცი, რომ ეს მარტო პრემიერის გადაწყვეტილება არ იყო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"რასაკვირველია, ეს იყო იმ ძალების გადაწყვეტილება, რომლებსაც ჩემი მოშორება უნდოდა - გარდაბანი ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი რეგიონი იყო, სპეციფიკური რეგიონი იყო, მაგრამ მე დავთანხმდი იმიტომ, რომ პარტიის გადაწყვეტილებად ჩავთვალე და მივიჩნიე, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, მართლა ვიცოდი, რომ კადრი არ ყავდათ ამ რაიონში. იმას ვერ ვიტყვი, რომ პარტიამ ან მისმა ხელმძღვანელობამ ხელი შემიშალა, თუმცა იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც ნამდვილად ცდილობდა ხელის შეშლას. მაგრამ მე არ მქონდა იმ დროისთვის შესაბამისი საბუთები. ეს მერე და მერე გამოირკვა. მიუხედავად იმისა, რომ წაგებულ მაჟორიტარებში ერთ-ერთი ყველაზე მაჩვენებელი მე მქონდა - 44%. ეს არ იქნა შეფასებული შესაბამისად, თან ასეთ რთულ რეგიონში - ეროვნული უმცირესობებით დასახლებული არც ერთი რეგიონი არ მოუგია "ქართულ ოცნებას", თუ რუსთავს არ ჩავთვლით და ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ მაჟორიტარობის კანდიდატს არ აუღია, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში წამეგო და ეს გაკეთდა იმ ერთი ადამიანის მიერ, ვინც იყო "ქართულ ოცნებაში" და რასაკვირველია, "ნაციონალური მოძრაობა" ლილუაშვილის მეთაურობით ყველაფერს აკეთებდა, რომ დავმარცხებულიყავი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება შეხვედრას, წინააღმდეგობრივი იყო ნამდვილად, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ეს არის ივანიშვილის სტილი, რომელიც ბევრისთვის მიუღებელია, ბევრისთვის მისაღებია. ის ყოველთვის ცდილობს გულახდილი იყოს. რამდენად აღიქვამს ამ გულახდილობას საზოგადოება, ეს მეორე საკითხია. საზოგადოება ამ ტიპის ურთიერთობას მიჩვეული არ არის პოლიტიკოსებისგან და ამიტომაც იწვევს ხან გაკვირვებას და ხან გაღიზიანებას. პირადად ჩემში გარკვეულ ეტაპზე გაღიზიანება გამოიწვია ამ ფორმატმა, თუმცა პოზიტივიც დავინახე. დღეს ბევრი მწერს, რომ აი, შეურაცხყოფა მოგაყენა და ა.შ. მე არ ვთვლი, რომ შეურაცხყოფა მომაყენა. მე ვთვლი, რომ თუ ზიანი მიადგა რამეს, საერთო საქმეს მიადგა და საერთო საქმე ვერ არის ისე, როგორ პრემიერი თვლის. ეს ფაქტია. შეიძლება მას აქვს გამოსავლის გზები მონახული ისეთი, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ბოლომდე ახორციელებს თავისი გეგმას. სხვათა შორის, გუშინ ამან გაიჟღერა, რომ მას აქვს გეგმა, რომელიც არის თანმიმდევრული და ამ გეგმას აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე. ამან გაიჟღერა და ის მუხტი, რომ დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ეს წამოვიდა", - დასძენს ექსპერტი.

"ზოგიერთ შემთხვევაში ის ინფორმაციის დეფიციტშია. გასული წლის ორ მაისს გარდაიცვალა მამაჩემი და გასვენებაში მოსულ ივანიშვილს მე ვთხოვე, რომ თუ რამე გაუგებრობა იქნებოდა ჩვენ შორის - ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა, - ამბის განხილვა ჩვენს შორის მომხდარიყო. ის მაშინ დამპირდა, რომ ასე იქნებოდა. თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მე მესმის, რომ ადამიანს უამრავი საქმე აქვს და შეიძლება რაღაცა გამორჩეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ასეა თუ ისეა, ეს გაგრძელდა და აქამდე მივიდა. მარტო ჩემ მიმართ არ მომხდარა ეს, ბევრის სხვის მიმართ მოხდა და ბევ ადამიან არ აქვს სურვილი თავისი სიმართლის მტკიცება დაიწყოს და არც ის შეუძლია, სხვაზე აუგი თქვას. ბევრი ასეთი ადამიანი ბარიერს მიღმა აღმოჩნდა. ეს არის თავად მისი გადასაწყვეტი, თუ ვინ იქნება მის გვერდით. ბევრ ადამიანს შეეხო ეს და ხშირ შემთხვევაში გაიმარჯვეს იმ ადამიანებმა, ვისაც შეუძლია იდაყვების ხმარება და ენების აქეთ-იქით ტრიალი", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"ის, რასაც ივანიშვილი გვეუბნებოდა ამ შეხვედრაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მისი მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობის მიღწევების გამხმოვანებლები, შეიძლება ითქვას ასე, ვინ ოხერი, კი ბატონო, ჩვენ მაგას ისედაც ვაკეთებდით ყოველი მითითების გარეშე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, სიმართლე არ ვუთხრათ საზოგადოებას", - აცხადებს არეშიძე და შეკითხვას" - "თვალს ვერ დახუჭავთ?" - პასუხობს:

"რასაკვირველია. მე რასაც ვლაპარაკობ, იმ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მე გუშინ ვილაპარაკე, - თუ არ შევეხებით ფსიქოლოგიურ თემას ივანიშვილის გადაწყვეტილებისა პოლიტიკიდან რატომ მიდის, - სხვა შემთხვევაში, გორის თემა იქნება, პოლიტიკური სიმბიოზის თემა იქნება, წილების გადანაწილების თემა იქნება - მე ყველა ამ საკითხზე პასუხს ვაგებ. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორც ხდება და მოვიყვანე კიდეც რამდენიმე ფაქტი. რასაკვირველია, მე გავითვალისწინე ის, რომ პირდაპირი ეთერი იყო და აქედან გამომდინარე შევეცადე ლაკონური ვყოფილიყავი. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ის გარკვეული აგრესიით შეხვდა ჩემ მიერ მოყვანილ ფაქტებს, თემა არ გაუგრძელებია და მე ჩავთვალე, რომ მან აზრი გაიგო. თორემ სხვა შემთხვევაში მე მინახავს კიდევაც, რომ ბოლომდე ჩაყოლია, რომ არა, გინდა თუ არა, ეს ასე არ არის. ახლა თემა დახურა, განსაკუთრებით გორის შემთვევაში, ნარკოტიკების შემთხვევაში და კონსერვატიულ პარტიაში არსებული ნაციონალური დაჯგუფების თაობაზე. უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულებაა მთ მიმართ მთელ გარდაბნის რაიონში, თვლიან, რომ მათი ღირსების შეურაცხყოფაა დღეს, რომ ეს ადამიანები, როგორც 9 წლის განმავლობაში, ისევ რაიონის ბატონ-პატრონებად გრძნობენ თავს. როგორც ჩანს კოაბიტაციის თემა უფრო აქტუალური ყოფილა. მე ჩემსას მაინც გავაგრძელებ, ამ ხალხს დავპირდი და არ შეიძლება სხვანაირად".