უკვე მესამე წელია, მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის. ამჯერად მატება განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე უკვე გაახმოვანა და ცნობილი ისიც, თუ რა მიმართულებით დაიხარჯება უკვე მობილიზებული თანხები.
„ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5%-იან ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები, 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი.
უკვე მესამე წელია, ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. 2021 წელს ასე მოხდა, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან, 2022 წელს და ასევე წელს, 500 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება მოვახერხეთ ბოლო წლებში. 880 სკოლა, 1000-ზე მეტი ბაღი, სოციალური დახმარებები გავზარდეთ, თითოეულ სოციალურად დაუცველ ადამიანზე 200 ლარის ოდენობით გაიცემა დახმარება, ეს არის წელიწადში 500 მილიონ ლარზე მეტი. ხელფასები გავუზარდეთ პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იანვარში კიდევ გაეზრდება ყველა საჯარო მოხელეს ხელფასი. ჯამში, პოლიციას და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა“, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობა დააფინანსებს სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც აქტიური ტემპებით მიმდინარეობს.
„გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უცხოეთში, უმაღლესი დონის კლინიკებში. უკვე დაწყებულია პროცესი და ამას მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ჩვენ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ახალ, 2024 წლის ბიუჯეტზე მუშაობა. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს“, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, პრემიერმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მთავრობის ვალი 38%-ზე არის ჩამოსული.
„ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის, 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის შემცირებული, სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა კი დეტალები წარმოადგინა თუ სად და რა მიმართულებით იზრდება ბიუჯეტი. გაირკვა, რომ საგადასახადო შემოსავლები, ჯამში, იზრდება 520,0 მლნ ლარით და 19 410,0 მლნ ლარს შეადგენს. გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 2 230 მლნ ლარს (იზრდება 315,0 მლნ ლარით); პრივატიზაციის მაჩვენებელი უცვლელია და 350,0 მლნ ლარს შეადგენს;
20 მლნ ლარით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება და თანხები ძირითადად მიმართული იქნება სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად, როგორც რაჭაში, ისე გურიაში.
„ყველაზე დიდი მოცულობით - 250 მლნ ლარით, იზრდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც 75,0 მლნ ლარი მიიმართება პენსიებისა და კომპენსაციების დასაფინანსებლად. 8,0 მლნ ლარი - მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატის დასაფინანსებლად, 120,0 მლნ ლარი დამატებით გამოყოფილია ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის, გათვალისწინებულია ახალი პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებიც“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 47,0 მლნ ლარით და უდიდესი ნაწილი - 34,8 მლნ ლარი მიიმართება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსებაზე, ასევე, 10,5 მლნ ლარით იზრდება მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 23,0 მლნ ლარით, საიდანაც დიდი ნაწილი - 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია ანაკლიის პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის, რომელიც მიმდინარე წელს დაიხარჯება, ხოლო 3,0 მლნ ლარი მიიმართება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები იზრდება 40,0 მლნ ლარით. 10,0 მლნ ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 34,0 მლნ ლარით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21,2 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსებისათვის.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი გადაეგზავნება პარლამენტს განსახილველად.
ეკონომისტები ბოლომდე მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას და ზოგადად ბოლო დროინდელ ეკონომიკურ პოლიტიკას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა, ნაცვლად წლის დასაწყისში 5%-იანი ზრდის პროგნოზისა და მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის განახლებული 6,5%-იანი სამთავრობო კონსერვატიული შეფასებისა.
ცალკე საკითხია თუ სად მიემართება გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები და რამდენად არის პრიორიტეტული სოციალური, განათლების და საინვესტიციო მიმართულებები. ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, დამატებით მოზიდული ფინანსური რესურსები სწორედ აქეთკენ მიიმართება.
ნიშანდობლივია, რომ რეგიონებში, მათ შორის, რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სტიქიით დაზარალებულთა სხვადასხვა კომპენსაციების დასაფინანსებლად; აღნიშნული თანხები გათვალისწინებულია, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, ისე მთავრობის სარეზერვო ფონდსა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებებში.
250,0 მლნ ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც 120,0 მლნ დამატებით გამოყოფილია ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის, გათვალისწინებულია ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებიც;
დამატებითი თანხები მიიმართება განათლების მიმართულებით. 34,8 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება; ამასთან, 40 მილიონი ლარია გამოყოფილი სტატუს შეჩერებული სტუდენტების ფინანსური დავალიანების გასანულებლად და ასეთი 30 ათასი სტუდენტი გამოდის.
ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში დამატებით -20,0 მლნ ლარია გათვალისწინებული ანაკლიის პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.