„ჩინეთის გარდა დღეს არცაა ისეთი დიდი ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს გამოადგება - რუსეთი ჩინეთს უფრო უწევს ანგარიშს, ვიდრე ამერიკას ან ევროპას“

„ჩინეთის გარდა დღეს არცაა ისეთი დიდი ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს გამოადგება - რუსეთი ჩინეთს უფრო უწევს ანგარიშს, ვიდრე ამერიკას ან ევროპას“

„ოპოზიციონრები ირწმუნებიან, რა დროს ჩინეთთან სტრატეგიული მეგობრობა იყო, ჩინეთი რუსეთის მეგობარიაო, სინამდვილეში, დასავლეთი ხარჯავს ფულს უკრაინაში რუსეთის დასასუსტებლად, უკრაინა ხარჯავს ცოცხალ ძალას ამ ომში რუსეთის დასამარცხებლად, ჩინეთი კი ზის და ელოდება, როდის დამარცხდება რუსეთი, რომ უფრო თამამად იმოქმედოს რუსული ტერიტორიების ასათვისებლად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.

საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის 30-დღიანი უვიზო მიმოსვლა აამოქმედა და სამომავლოდ გეგმავს ჩინეთის ქალაქებთან ყოველდღიურად 10-მდე ფრენა განახორციელოს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს საქართველო ორ სკამზე ერთდოულად ჯდომას, ანუ ჩინეთისა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას? ჩინეთის გააქტიურება საქართველოში ეს იქნება ერთი სარტყლის ერთი გზის, ანუ შუა დერეფნის იდეის აღორძინება, თუ საქართველოსთვის პრობლემების შექმნა ყველა მიმართულებით, მათ შორის, დემოგრაფიის თვალსაზრისით, ჩინური დემოგრაფიის თვალსაზრისით? ჩინელები, რომლებიც სასურველ ტურისტებად მოიაზრებიან, შეიძლება ღირდნენ იმად, რომ ჩინეთი, რომელიც მსოფლიო დღის წესრიგის შეცვლას აპირებს და, მავანთა აზრით, რუსეთის მხარეს დგას, საქართველოში ასე თავისუფლად შემოვუშვათ? რა პლუსები და მინუსები აქვს ჩინეთისთვის კარის ნებაყოფლობით გაღებას?

- დავიწყოთ იმით, რუსეთის მხარეს არის თუ არ არის ჩინეთი - ჩინეთმა გამოაქვეყნა რუკა, სადაც ის ქალაქები, რომელსაც დღეს აკონტროლებს, ჩინურად არის დასახელებული. ეს უკვე ნიშნავს ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიას რუსეთის მიმართ. გვახსოვს საბჭოთა პერიოდშიც იყო კონფლიქტი რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე და სულ მიიწევდა ჩინეთი რუსეთისკენ. ანუ ჩინეთს რუსეთისგან, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიები სჭირდება. როცა ლაპარაკობენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს ალიანსი აქვთ, მაშინ შევხედოთ, ვის რა ინტერესი აქვს - ჩინეთს ტერიტორიები სჭირდება და რუსეთი თუ თანახმა იქნა, დაუთმოს თავისი ტერიტორიები, მერე დადგება საკითხი, აბა, რუსეთს რა სჭირდება?! სხვათა შორის, ამის ნიშნებიც არის, რომ რუსეთმა დაუთმოს საკუთარი ტერიტორიები ჩინეთს. მეორე მხრივ, გარდა ტერიტორიებისა, ჩინეთს სჭირდება რუსეთის დასუსტება, რათა დღეს ჩინეთისთვის მიცემული ტერიტორია რუსეთმა ხვალ უკან არ წაიღოს. ამ მხრივ ჩინეთის ამოცანაა, გარანტირებული იყოს რუსეთის დასუსტება, რუსეთის დასუსტების ამოცანას კი ასრულებს მთელი დასავლეთი. დასავლეთი ხარჯავს ფულს, სამწუხაროდ, ცოცხალ ძალის დახარჯვა უწევს უკრაინას, ჩინეთი კი ზის და ელოდება, როდის დამარცხდება რუსეთი, რომ უფრო თამამად იმოქმედოს რუსული ტერიტორიების ასათვისებლად. ასეთი შთაბეჭდილება რჩება. თუკი ჩინეთს რუსეთის მხარე უჭირავს, ეს ნიშნავს, რომ, წესით, ჩინეთმა რუსეთი უნდა გააძლიეროს, მაგრამ რუსეთი რომ გააძლიეროს, ჩინეთის წინააღმდეგ აღმოჩნდება ეგ გაძლიერება შემოტრიალებული. ასე რომ, მოვლენათა ამ ლოგიკას თუ მივყვებით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა საკმაოდ რთულია.

არის კიდევ ურთიერთობების სხვა ასპექტები, ახლა გააქტიურდა და ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ინდოეთი. ჩინეთი და ინდოეთი კონკურენტი სუპერსახელმწიფოები არიან დემოგრაფიულად, ეკონომიკურადაც წამოიწია ინდოეთმა და ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან. ინდოეთმა სცადა რუსეთის ფაქტორი გამოიყენოს ჩინეთთან დაპირისპირებაში. ამ ნასკვის გახსნა ჯერჯერობით არ ჩანს. ჯერ ისე ჩანს, რომ ნასკვს კიდევ უფრო კვანძავენ, კვანძავს თითოეული მხარე. ამერიკის დაპირისპირება ინდოეთთან უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. გამორიცხული არაა, ამერიკამ სწორედ ინდოეთს შეუწყოს ხელი და შემდეგ მიიღოს ისეთივე ძლიერი მეტოქე ინდოეთის სახით, როგორიც დღეს მისთვის ჩინეთია. ამდენად, საფუძვლიანი გათვლა სჭირდება ყველა ნიუანსს.

მათ შორის, საფუძვლიანი გათვლა სჭირდება ჩინეთის მზარდ დემოგრაფიას, რომ შემდეგ ჩინური ექსპანსიის მოწმენი არ გავხდეთ საქართველოში დემოგრაფიული თვალსაზრისით.

- ჩინეთს სახელი აქვს გავარდნილი, რომ ჩინელებს უფრო მეტი შვილი ჰყავთ, ვიდრე საჭიროა, მაგრამ ჩინეთის დემოგრაფია არ ჩამოუვარდება ინდოეთს და ინდოეთი ეკონომიკურად მზარდი ქვეყანაა. ინდოელები გვაკლია საქართველოში? სამედიცინო უნივერსიტეტში ვასწავლი და სავსეა ინდოელებით. ჩინელების დემოგრაფია გვაწუხებს და ინდოელების დემოგრაფია არა? ინდოეთის, პაკისტანის, მთელი აზიური ქვეყნების მოსახლეობა ჩვენთან თავისუფლად გრძნობს თავს. ჩვენ ახლა ავტეხეთ ხმაური, რუსეთმა ბათუმი წაიღოო, მაგრამ იქამდე ხომ გვახსოვს, როგორ გვაწუხებდა ის პრობლემა, რომ ბათუმი თურქებს ჰქონდათ წაღებული. გავიხსენოთ, სააკაშვილმა რამდენ თურქს მისცა მოქალაქეობა. ამდენი პრობლემის ფონზე მაინცდამაინც ჩინეთის დემოგრაფია გვემუქრება?!

ხელისუფლებამ კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ ჩინეთთან დაახლოება იჩქარა. სულ მალე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს და შეეძლოთ, სტატუსის მონიჭების შემდეგ გაეკეთებინათ ჩინეთთან დაახლოების შესახებ განაცხადი. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს ვეუბნებით, შენთან კი არა, ჩინეთთან გვინდა ურთიერთობა?

- ევროპულ ქვეყნებს უახლოეს ხანებში ჩინეთიდან ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით მიუვათ. ეს გაგრძელდება, სანამ რუსეთს სანქციები ექნება. ჩინური ტვირთები ძალიან ბევრია, ისედაც მაღაზიაში შესვლისას ყველაფერს ჩინური წარმომავლობა აწერია. საწარმოო მრავალფეროვნება ჩინეთში თვალშისაცემია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ეს ყველაფერი სჭირდება ევროპას. ჩვენ რომ ვთქვით, ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული მეგობარიაო, ჩინეთმაც საპასუხოდ განაცხადა, რაც არ უნდა მოხდეს, მე თქვენს ინტერესებს დავიცავო, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი ზრუნავს იმ ხაზზე, რომელიც საქართველოზე გადის. შესაბამისად, ევროპა რომც გაგვებუტოს, ჩინეთთან რატომ გაქვს კარგი ურთიერთობაო, ჩინეთი მაინც შეპირებულია სტრატეგიულ პარტნიორობას, უფრო მყარი პარტნიორი გამოდის ჩინეთი, ვიდრე თვითონ ევროპული ქვეყნები. ისე, ევროპა რატომ უნდა გაგვებუტოს, როცა თავად ეკონომიკურად უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოს კარგი ურთიერთობით ჩინეთთან. ერთი მხრივ, ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორია, მეორე მხრივ, თუკი ევროკავშირის კანდიდატის წევრი გავხდებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველო ჩართული იქნება როგორც ჩინურ, ისე ევროპულ ურთიერთობაში და ევროპას შეეძლება საქართველოს პოლიტიკის კონტროლი. მე მგონი, უფრო მომგებიანია ევროპისთვის პოზიტივის შეთავაზება, ვიდრე გაბრაზება, ჩინეთს რატომ ელაპარაკებითო.

შესაძლოა, ევროპელები ჩინელებთან დაახლოებას უფრო გაგებით მოეკიდონ, მაგრამ რა ვუყოთ ამერიკის ეროვნულ დოქტრინას, სადაც რუსეთი მათი მტერია, ხოლო ჩინეთი სტრატეგიული მოწინააღმდეგე?

- ერთადერთი, ვინც ჩინეთთან დაახლოების გამო რაიმე რეაქცია შეიძლება გამოავლინოს, ამერიკაა.

საქართველო ისტორიულად ლავირებდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამპყრობლებს შორის. ახლაც ასეთივე დამოკიდებულება ხომ არ იგრძნობა, რომ ჩინეთით უნდა შევაკავოთ და დავაბალანსოთ ზესახელმწიფოები, მათ შორის, რუსეთი?

- რა თქმა უნდა, როგორც ყველა პატარა ქვეყანას (ფიზიკურადაც პატარა ვართ და რესურსებითაც მცირე), ლავირება გვიწევს. მით უმეტეს, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩინეთის გარდა დღეს არცაა ისეთი დიდი ქვეყანა, რომელიც ოკუპაციის პირობებში გამოგვადგება. რუსეთი ჩინეთს უფრო უწევს ანგარიშს, ვიდრე ამერიკას, ან ევროპას. ახლაც მედვედევმა შეურაცხყოფა მიაყენა ევროპას. ევროპა-ამერიკის ხსენებაზე გაღიზიანების რეაქცია აქვს რუსეთს, ჩინეთის ხსენებაზე კი ჩუმად არის, ხმას არ იღებს, ეშინია. რუსეთს შიში კარგად ესმის. ამერიკის და ევროპის არ ეშინია, რომ ისინი დაიწყებენ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ჩვეულებრივი იარაღით ომში კი რუსეთს არ აწუხებს ადამიანების სიკვდილი. რუსეთს მოსახლეობის დიდი რაოდენობა ჰყავს და ნებისმიერ ომში ჩააფენს თავისი მოქალაქეების სხეულებს. თავის დროზე მონღოლებსაც ჰქონდათ ეს სტრატეგია, ახლა რუსებს აქვთ. ჩვეულებრივი ომი მათ არ აწუხებთ, ბირთვულ ომს კი არ დაიწყებს დასავლეთი. ერთადერთი, ვისთანაც ეს კრიტერიუმები არ ჭრის, ჩინეთია. ჩინეთი არალეგალურად აგრძელებს შესვლას რუსეთში, ნელ-ნელა ხდება რუსეთის გაჩინურება ისე, რომ ჩინეთი რუსეთს არც ომს უცხადებს, არც მეგობრობას ეფიცება დიდად.

აფრიკაშიც კი აქვს ჩინეთს ექსპანსიური დამოკიდებულება და საკუთარ მოსაზღვრე რუსეთს დაინდობს?

- დიახ, თანაც, არ დაგავიწყდეთ, ჩინეთი უყურებს, რომ რუსეთი ვერ ითვისებს მთელ ციმბირს, აუთვისებელი ტერიტორიების პატრონია რუსეთი ჩინელებისთვის. ეს კიდევ უფრო ამწარებს ჩინეთს, რატომ უნდა მოაჯდეს რუსეთი აუთვისებელ ტერიტორიებს და თვითონ ჩინელები ერთმანეთზე რატომ უნდა იყვნენ განლაგებულნი?!

 

 

არაგველი641 როგორც მოვისმინე, რუსეთთან "მეგობრობის" გამო ჩინეთის ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის
10 თვის უკან
არაგველი641 ბმული
10 თვის უკან