"ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაჩნდა ექსპერტთა უამრავი კლუბი, რომელიც უშიშროებიდან ფინანსდებოდა.

"ყველაფერს საარჩევნო ლოგიკით რომ შეხედო, ამ პერიოდში ექსპერტების დატუქსვა, მართალიც რომ იყო, შეცდომაში შეიძლება ჩაგეთვალოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის თავისი ლოგიკა აქვს - ის არ ემორჩილება საარჩევნო მოვლენებს. მაგალითად, მე ვიცი, რომ ის სასტიკი წინააღმდეგია გადაჭარბებული პიარის, რაც ჩვენში მოდაშია. ის ამით იგნორირებას უკეთებს ქართულ პოლიტიკურ აზროვნებას, ცდილობს ხალხი თავისი ლოგიკის ქვეშ მოაქციოს და ამას ხანდახან ახერხებს კიდეც. ეს გამოუვიდა ექსპერტებთანაც. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პრემიერს ხელი შეუწყო ერთმა ფაქტორმაც - ჩვენი ექსპერტები მართლაც არ არიან ექსპერტები, მან ზუსტად მთავარ წერტილში დაარტყა", ცხადებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომელ ექსპერტებს აფინანსებდა უშიშროება? ვალერი ხაბურძანია: "ჩემი თანამშრომლები იყვნენ, იმედია არ ეწყინებათ..."

"იქ რამდენიმე ექსპერტმა თავი იმართლა, მაგრამ მთავარი ის არის, პრემიერმა რით მოუგო ყველა ექსპერტს - მან ხაზგასმით უთხრა, ამას რომ წერთ და შემდეგში არ გამართლდეს, მერე ხმა აღარ უნდა ამოიღოთ და საკუთარ თავს ექსპერტები აღარ უნდა უწოდოთო. ჩვენთან ექსპერტების რეიტინგებს აკეთებს ვინმე? ხომ შეიძლება დადგინდეს, რომელი ექსპერტის ნათქვამი რამდენი პროცენტით მართლდება. ამას არავინ აკეთებს და საიდან ვიცით, რომ კავკასიის საკითხებში ყველაზე მაგარი არის მამუკა არეშიძე? თუ ადამიანი ინფორმირებულია, ეს არ ნიშნავს მაგარ ექსპერტობას, ეს უფრო ჟურნალისტური მოღვაწეობაა. დავუშვათ რამაზ საყვარელიძე კარგი კაცია, საყვარელი, მაგრამ რა პროგნოზიც აქამდე გააკეთა, გამართლდა? ჩვენთან საექსპერტო პროდუქცია არ იყიდება. თუ ხარ ექსპერტი, შენი პროდუქტი უნდა იყიდებოდეს, უნდა იყოს მოთხოვნადი ჟურნალისტებისთვის. აქედან უნდა გქონდეს შემოსავალი. ჩვენთან, ვინც დაგიქირავებს, იმის ექსპერტი ხდები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია.
"დაუკვირდით, ბიძინა ივანიშვილმა სად დაიჭირა ესენი? მაგალითად ვაჟა ბერიძემ ძალიან კარგი რაღაცები გაარტყა, მაგრამ მაშინვე უთხრა - ჩემთან რომ იყავი, ასეთ დასკვნებს რატომ არ აკეთებდიო? მე არ ვიცი, ბერიძე რისთვის წამოვიდა ივანიშვილისგან. გვარს არ დავასახელებ, ზოგიერთი ივანიშვილს არჩევნებში 7%-ზე მეტს არ უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ დღეს მის კოალიციაშია. ბევრი ადამიანი ადრე სხვანაირად ლაპარაკობდა, დღეს კი სულ სხვა პროგნოზებს აკეთებს. ჩვენთან არც ერთი ექსპერტი არ არის დამოუკიდებელი, ეს მათთვის არის არსებობის საშუალება. ჰკითხეთ ნებისმიერ ექსპერტს საიდან აქვს შემოსავალი? ამის შემდეგ გაარკვევთ ვინ არის და საიდან მოდის. მაგალითად, თუ მე პოლიტიკურ პარტიას შევქმნი, ექსპერტებს მე უნდა გადავუხადო ფული, მაგრამ დღეს წარმოდგენილ ექსპერტებს მე ფულს არ გადავუხდი. თუ ეგენი მაამებლურ დასკვნებს დამიწერენ, რატომ უნდა დავიქირავო?" - განაგრძობს უშიშროების ყოფილი მინისტრი.

"ჩემ დროს ასეთი რამ ნამდვილად არ იყო - მაგისი არც სახრები გვქონდა და რაც საშუალება, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაჩნდა ექსპერტთა უამრავი კლუბი, რომელიც უშიშროებიდან ფინანსდებოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ შორის ჩემი თანამშრომლები იყვნენ. იმედია, არ ეწყინებათ. თუ ეწყინებათ - არა უშავს... კიდევ მეორე მომენტია, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა სწორად მიუთითა. შეიძლება რაღაცებში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტად წერტილებში გაარტყა. მან ექსპერტებს უთხრა - თქვენ კი აკეთებთ არასწორ პროგნოზებს, მაგრამ ხალხზე ზემოქმედებას მაინც ახდენთ, რადგან თქვენს მეტი არავინ არის ამ სფეროშიო", - დასძენს ვალერი ხაბურძანია.

"ჩვენთან საქართველოში, სამწუხაროდ, არც ერთი საექსპერტო კლუბი არ არის თვითდაფინასებაზე. მარტივ რაღაცას გეტყვით - ჩვენთან ხომ საერთო ჯამში პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ - არის რაღაც ჯგუფები, თითოკაციანი გაერთიანებები და ითხოვენ ფულს. ბოლო პერიოდში 7 პარტიას მისცეს ქართველი ხალხის ფული, თითოეულს 150 000 ლარი. ამ დღეებში ტელევიზორში ვუყურებდი, როგორ შეგროვდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სულ რაღაც 80 000. ვერ გავიგე, ამ პარტიებს რაში მისცეს ამდენი თანხები? პოლიტიკური სისტემა უნდა შეიქმნას თვითორგანიზებული ჯგუფებით, რომლებსაც იდეურად უნდათ რაღაცის გაკეთება და თვითონვე უნდა მოიზიდონ სახსრები. სხვათა შორის, ექსპერტებიდან, ვინც ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ყველაზე დამოუკიდებელი არის ხათუნა ლაგაზიძე, რომელსაც მეუღლე ბიზნესმენი ჰყავს და თვითონაც ბიზნესმენობს. კახი კახიშვილი მომწონდა რაღაც დონემდე, მაგრამ ბოლო დროს პროკურატურაზე ჩაიციკლა, თვითონ მაგ სისტემიდან არის გამოსული და ალბათ, თავისი ინტერესებიც გააჩნია. მაგრამ ყველა მეტად მაინც მომწონს ვახტანგ ძაბირაძე. მე არ ვიცი, შეიძლება ვინმესგან ფინანსდება, მაგრამ მაინც ცდილობს დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. ის საფუძვლიან პროგნოზებს იძლევა", - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვას - "რას ემსახურებოდა ადეიშვილ-მერაბიშვილის ქება? პრემიერი თავს იტყუებს თუ ჩვენ გვატყუებს?" - პასუხობს:

"ეს იმდენად ქება არ იყო, რამდენადაც გულწრფელი ნათქვამი გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენისა, რომელიც მიჩვეულია კარგ და დამჯერ შემსრულებლებს. ეს ბიზნესში მისაღებია, მაგრამ პოლიტიკა არ არის ბიზნესი, აქ სხვა კანონებია. გარდა ამისა, არსებობს მორალისა და ზნეობის დაუწერელი ნორმები - კარგი შემსრულებელი ადეიშვილი არღვევდა ყველა კანონს და დანაშაულს სჩადიოდა. ეს ადამიანი დამნაშავეა პოლიტიკაში, მაგრამ ვიმეორებ - პრემიერს ის არც ბიზნესში გამოადგებოდა. ადეიშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და მისი გაღლეტილობა არის ტყუილი. მას ჰქონდა მოჩვენებითი ცხოვრების სტილი, გარეგნულ აქსექსუარებს ყურადღებას არ აქცევდა, არც ძვირფას ტელეფონებს ყიდულობდა, მაგრამ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია საქართველოში - არიან ადამიანები, ვისაც ფულისადმი მიდრეკილება გარეგნულად არ ეტყობათ. პირველად სააკაშვილმა ადეიშვილთან ერთად ფინანსური არხი გაჭრა სასამართლოს მეშვეობით. ამ საქმეში მონაწილეობდა ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც მაშინ ადვოკატობდა. ალბათ გახსოვთ, "ჯეოსელისა" და ინჯიას საკითხი, მაშინ სასამართლოს საშუალებით მათ მოახერხეს სათავისო გადაწყვეტილების მიღება და 400 000 დოლარი მაშინ იშოვეს..."